-

"პრიგოჟინის ამბოხის ისტორიაში მთავარი დაზარალებული ვლადიმირ პუტინია. როგორ თავდაჯერებულადაც არ უნდა გრძნობდეს ის თავს, ფაქტია, რომ აკელამ ააცილა", - ასე აფასებს პრიგოჟინის ამბოხის შედეგებს კარნეგის ფონდის მიწვეული ექსპერტი, ტატიანა სტანოვაია. 

გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 

პრიგოჟინის ამბოხიდან ერთი თვე გავიდა. კარგი დროა იმის შესაფასებლად, თუ რა მოხდა, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. პირველადი შთაბეჭდილებების დიდი ნაწილი არ გამართლდა: ვაგნერი არ დაშალეს, პრიგოჟინი არ მოკლეს და არც კი დაიჭირეს, არმიაში ვაგნერის მიმართ სიმპათიით განწყობილი მეთაურების მასიური წმენდა არ დაწყებულა, ხოლო გაბრაზებული პატრიოტების მოთვინიერების პროცესი, ჯერჯერობით მათი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლის, იგორ სტრელკოვის დაპატიმრებით დასრულდა. 

ერთი შეხედვით ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ ეს ვერ ფარავს განცდას, რომ რუსეთის რეჟიმი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორც მანამდე - პრიგოჟინის ამბოხმა შესამჩნევად შეცვალა ელიტის ცნობიერება და მოვლენათა განვითარების სცენარები. 

"კრიზისი ამოიწურა"

"გავუტიე" - წყაროს ცნობით, სწორედ ამ სიტყვით უპასუხა ევგენი პრიგოჟინმა კითხვას, თუ რატომ დაიკავა ქალაქი როსტოვი და გაგზავნა ჯავშანტექნიკის კოლონა მოსკოვზე. იანვრიდან პატიმრების რეკრუტირებას, მისი აზრით, საკმარისი რაოდენობის ტყვია-წამალსა და პუტინთან პირდაპირ კონტაქტს მოკლებული პრიგოჟინი რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა მართლაც მისულიყო იმედგაცრუებამდე. მით უფრო თავდაცვის სამინისტროსთან მზარდი კონფლიქტის გათვალისწინებით. 

როდესაც სამხედრო უწყებამ ყველა მოხალისისგან ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა, გასაგები გახდა, რომ ვაგნერისთვის უკრაინული ფრონტი იხურებოდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახდა ბოლო წვეთი პრიგოჟინის რადიკალიზაციის პროცესში. 

ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა: ამბოხი, პუტინის მწვავე და ნეგატიური რეაქცია, ჩიხში მოქცეული პრიგოჟინი, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა მოსკოვის აღებას და პუტინის დამხობას. ამას მოჰყვა ლუკაშენკოს მეშვეობით დადებული გარიგება, აღძრული საქმეების დახურვა და ვითარების განმუხტვა. საფინალო აკორდს კი პუტინისა და ვაგნერელების უცნაური შეხვედრა წარმოადგენდა, რომელზეც, კრემლის ვერსიით, ამბოხებულებმა საკუთარი მოქმედებების გამო სინანული გამოთქვეს და დასთანხმდნენ ბელარუსში გადაბარგებას. 

ერთი თვის შემდეგ ეს ყველაფერი რაღაც გაუგებრობად მოჩანს. პუტინმა არასწორად შეაფასა პრიგოჟინის რადიკალიზაციის დონე და კონფლიქტი იმ დონემდე მიუშვა, რომ საქმე შეიარაღებულ ამბოხამდე მივიდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.  

თავის მხრივ, პრიგოჟნმა არასწორად შეაფასა საკუთარი მნიშვნელობა პუტინის თვალში - ის შეცდომით ფიქრობდა, რომ მისი მსვლელობით პუტინს სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას და ვაგნერის გადარჩენას აიძულებდა. 

24 ივნისის აფეთქების შემდეგ, თითქოს, კრიზისი ამოიწურა. ერთი შეხედვით, პრიგოჟინმა გაიაზრა, რომ პრეზიდენტთან ძალის პოზიციით საუბარი შეცდომა იყო. თავის მხრივ კი პუტინმა გადაწყვიტა, რომ პრიგოჟინის სახით საქმე ჰქონდა არა ანგარიშიან მოღალატესთან, არამედ შეცდენილ პატრიოტთან, რომელმაც ადეკვატურობა ომის საშინელებების ფონზე დაკარგა. პუტინის პერსპექტივით, პრიგოჟინის გასანეიტრალებლად უფრო მარტივი იქნებოდა მასთან გარიგება, ვიდრე პოდმოსკოვიეში სისხლიანი კალოს მოწყობა. 

ამბოხის შემდეგ პრიგოჟინს ბევრი რამ წაართვეს: მედიები, ბიზნესის ნაწილი, რაც მთავარია, გმირის რეპუტაცია და ბელარუსში გადასახლებაშიც გაუშვეს. რაც შეეხება ვაგნერს, როგორც ჩანს, კრემლი ამ დროისთვის ჯგუფის გახლეჩას ცდილობს - ჯგუფის მეთაურებს აიძულებენ მსახური უკვე ანდრეი ტროშევის მეთაურობის ქვეშ გააგრძელონ. პრიგოჟინის ყოფილმა თანამოაზრემ, ტროშევმა, ზოგი წყაროს ცნობით, უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. პუტინის თქმით, სწორედ ტროშევმა უნდა ჩაანაცვლოს პრიგოჟინი. 

ბელარუსში დაბანაკებული ვაგნერელები თავსატეხია პუტინისთვის და თავისტკივილის წყაროა ლუკაშენკასთვის. ჯამში, კრემლი გადმოსცემს პოზიციას, რომ პრიგოჟინისნაირ თავზეხელაღებულ პირებს რუსეთში არაფერი ესაქმებათ. 

ფრაგმენტაცია 

პრიგოჟინის ამბოხი პუტინის მმართველობის 23 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მოვლენაა. ამბოხის მთავარ ბენეფიციარად ბევრი სამართლიანად მიიჩნევს თავდაცვის სამინისტროს. 

შოიგუმ მიიღო შესაძლებლობა, მოეშორებინა მის უწყებაში მოკალათებული პრიგოჟინის მოკავშირეები, დაეინიციირებინა ინსპექციები და შემოწმებები არაკეთილსაიმედო გენერლების წინააღმდეგ. 

მიუხედავად ამისა, პრიგოჟინის ამბოხმა კიდევ უფრო გაამწვავა სამხედრო ხელმძღვანელობის ისედაც კატასტროფულად ცუდი რეპუტაციის პრობლემა. გარდა ამისა, ამბოხმა შექმნა პირობები უწყებაში დაგროვილი უკმაყოფილების ზედაპირზე ამოსახეთქად, რომელიც თვეების განმავლობაში ქვემდგომი მეთაურების წრეში გროვდებოდა. 

ჯარისა და სამსახურის პირობების თაობაზე უთანხმოების ნიადაგზე, გერასიმოვთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად თანამდებობიდან გაათავისუფლეს 58-ე არმიის მეთაური და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი გენერალი, ივან პოპოვი. ფართოდ ვრცელდება ხმები საჰაერო-სადესანტო ძალების (ВДВ) 106-ე დივიზიის მეთაურის, სერგეი სილივესტროვის გადაყენების შესახებაც. სულ უფრო ხშირად საუბრობენ საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ მიხაილ ტეპლინსკის მოსალონდელ გადაყენებაზეც.

ეს ყველაფერი წარმოადგენს არა იმდენად არმიაში მოკალათებული პრიგოჟინის მეგობრების წმენდას, რამდენადაც შოიგუსა და გერასიმოვის ავტორიტეტის მზარდ გაუფასურებას. ამ თვალსაზრისით, შოიგუ და გერასიმოვი თავადაც მოწყვლად მდგომარეობაში არიან და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ვნებების დაცხრობის შემდეგ პუტინი მათი შემცვლელების ძებნას დაიწყებს. 

არ ღირს სიჩქარე გენერალ სუროვიკინის მომავალთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანისას - მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შედეგი, შესაძლოა, მოლოდინების საპირისპირო აღმოჩნდეს. 

ამბოხის შემდეგ ბევრი საუბრობდა როსგვარდიის უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის მოსალოდნელ გაძლიერებაზეც. ამ მოლოდინებს ობიექტური საფუძველი აქვს - სახელმწიფო დუმამ ზოლოტოვის უწყებას მძიმე შეიარაღების ქონის უფლება მიანიჭა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზოლოტოვის უწყებაში გადაიყვანეს ГРОМ-ის სახელით ცნობილი სპეციალური დანიშნულების რაზმები. 

მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა რადიკალურად შეცვალოს ზოლოტოვის მდგომარეობა. მძიმე შეიარაღების შესაძენად ბიუჯეტია საჭირო და იმ შემთხვევაშიც თუ ამ ბიუჯეტს გამოყოფენ, სახელმწიფო, პირველ რიგში, ომში მყოფი არმიის საჭიროებების უზრუნველყოფით დაკავდება. 

ცხადია, ზოლოტოვმა ისარგებლა პრიგოჟინის ამბოხით - ამ მოვლენების წყალობით მან შეძლო პუტინის გარემოცვაში რამდენიმე დღის გატარება და პრეზიდენტთან თავისი რამდენიმე პროექტის ლობირება. მაგრამ, როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როსგვარდიის ხელმძღვანელს ძალიან გაუჭირდება ამბიციების შენარჩუნება. 

ზოლოტოვისთვის ცუდი ამბავი იყო დუმის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი, რომლითაც გუბერნატორებს საკუთარი შეიარაღებული დანაყოფების ყოლის ნება დართეს - აღნიშნული არმიები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნებიან და მათ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ექნებათ. ეს პრიგოჟინის ამბოხის პირდაპირი შედეგია. 

იმ პირობებში, როდესაც არმია თითქმის მთელი შემადგენლობით უკრაინაში ომობს, საკუთარი დაუცველობით შეშინებულმა რეგიონებმა შეიარაღებული დაცვის ყოლის უფლება მიიღეს. ცხადია, ეს არ იქნება საკმარისი სერიოზული ამბოხის შესაჩერებლად, მაგრამ საომარი პერიოდის პირობებში არც ზედმეტია - ყველა ისე ცდილობს გადარჩენას, როგორც შეუძლია. 

თუ ჩამოთვლილ ფაქტორებს დავუმატებთ იმას, რომ მაღალი ალბათობით, ვაგნერი ამა თუ იმ ფორმით არსებობას გააგრძელებს, ეს ყველაფერი რუსეთის ძალოვანი რესურსის ღრმა და განგრძობად ფრაგმენტაციაზე მეტყველებს. უნდა ითქვას, რომ ამბოხის შემდეგ წარმოქმნილი პირველადი მოლოდინები ზუსტადაც, რომ ამის საპირისპირო იყო. 

ბევრი ვარაუდობდა, რომ კრემლი ძალოვან რესურსზე მონოპოლიას დაიბრუნებდა, ხოლო კერძო სამხედრო კომპანიები ლიკვიდაციას დაექვემდებარებოდნენ. სინამდვილეში კი ძალოვანი ელიტის ფრაგმენტაციის ტრენდი მყარდება, რაც ახალი კონფლიქტების წყაროა და უწყებებს შორის კონკურენციას უფრო გაამწვავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კიდევ ერთი მადესტაბილიზირებელი ფაქტორია. 

შეიარაღდით

პრიგოჟინის ამბოხის ჭეშმარიტ ბენეფიციარებად სპეცსამსახურები გვევლინებიან - ФСБ-მ, როგორც იქნა, მიიღო იგორ სტრელკოვის დაპატიმრების უფლება, რომელიც აქამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდა. 

თავის მხრივ, შესამჩნევი წარმატება აქვს საგარეო დაზვერვის სამსახურსაც (СВР) - უწყებამ შეძლო თავისი უფროსის ძველი იდეის კრემლში გათრევა. უკვე დიდი ხანია, სერგეი ნარიშკინი პოლონურ საფრთხეზე, უფრო სწორად კი პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ოკუპირების სურვილზე საუბრობს. პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ, "პოლონურ საფრთხეზე" უკვე აქტიურად მსჯელობს ვლადიმირ პუტინიც, ჯერ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, ხოლო შემდეგ ლუკაშენკასთან შეხვედრაზე. 

"პოლონური საფრთხის" აქტუალიზაციას ხელი შეუწყო ვაგნერის ბელარუსში გადაბარგებამ: გაჩნდა სპეკულაციების საფუძველი და ათასნაირი ე.წ. აქტიური ღონისძიების სცენარების განხილვის მასალა. 

მიუხედავად ამისა, СВР-ს მიერ მიღებული სარგებელი ფხიზლად უნდა შევაფასოთ. არ უნდა ველოდოთ მასობრივ რეპრესიებს პატრიოტული აქტივისტების მიმართაც. ლიბერალური არასისტემური ოპოზიცისგან განსხვავებით "გაბრაზებულ პატრიოტებს" კრემლი ომის მხარდამჭერი კონსენსუსის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.

ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. შესაძლოა, სტრელკოვის დაფუძნებული "გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი" ექსტრემისტულ ორგანიზაციადაც გამოაცხადონ, შესაძლოა კიდევ ვიღაც დაიჭირონ, მაგრამ ამ ბანაკს სრულად არ გაანადგურებენ. 

რაც შეეხება CВР-ს: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონელების წინაშე ვაგნერის დროშის ფრიალმა უწყებას სერიოზული შიდა პოლიტიკურ წონა შემატოს. აქ მათ საქმე ექნებათ თავდაცვის სამინისტროსთან, ლუკაშენკასთან, რომ არაფერი ვთქვათ თავად ვაგნერელებზე, რომელთა ამბიციებიც ბახმუტის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. 

მთელს ამ ისტორიაში კი მთავარი დაზარალებული ვლადიმირ პუტინია. როგორი თავდაჯარებულიც არ უნდა იყოს პუტინი ახლა, ფაქტია - აკელამ ააცილა. პუტინმა თავისი ხელით გამოზარდა მონსტრი, რომელზეც დაკარგა კონტროლი და რომელმაც არასრული 24 საათის განმავლობაში ელიტები საფუძვლიანად დააშინა. ელიტები ამ დროს ხელისუფლების პარალიზს უყურებდნენ. ამბის დასასრულს კი პუტინი იძულებული გახდა, პრიგოჟინი დაუსჯელად გაეშვა. 

მომხდარის შემდეგ ელიტაში დაბნეულობის განცდა ისადგურებს - მათ არ იციან, რას ელოდონ პუტინის მსგავსი ლიდერის პირობებში, გაჭიანურებული ომის, ძალოვნების მზარდი ამბიციებისა და მიმდინარე ბუნდოვანი პროცესების ფონზე. 

პუტინის ძალაუფლების ნაქები ვერტიკალი მირაჟივით გაქრა. ერთი მკაცრი ხელის მაგივრად წინა პლანზე გამოდიან მინი-პრიგოჟინები, რომლებიც, შესაძლოა, ნაკლებად ოდიოზურები იყვნენ, მაგრამ არანაკლებად სახიფათოები არიან. ყველას კარგად ესმის, რომ პოსტ-პუტინური რუსეთის დრო მოდის, დრო, რომელიც მათგან შეიარაღებასა და ძალაუფლებისთვის გარდაუვალი ომისთვის მზადებას მოითხოვს.

მსგავსი სიახლეები