-

უკრაინის არმიის მიერ ქალაქ ლიმანის გათავისუფლებას ოპერატიული პაუზა არ მოჰყოლია - უკრაინელებმა გააგრძელეს სწრაფი წინსვლა ლუჰანსკის ოლქის მიმართულებით და პარალელურად განახლებულ იერიშზე გადავიდნენ ხერსონის მიმართულებითაც. 

სამხედრო ექსპერტების თქმით, მას შემდეგ რაც აგვისტოში უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა მოიპოვა საომარი მოქმედებების ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო. 

ამგვარად, რუსეთის არმია იძულებულია ერთდროულად 2 კრიზისს გაუმკლავდეს, რაც მათი მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან რთული იქნება. 

უკრაინის ერთდროულად 2 იერიში ოკუპანტებისგან მომარაგების რთული სისტემის გამართვასა და რეზერვების გადაადგილების უზრუნველყოფას მოითხოვს, რაც ამგვარი მასირებული იერიშის პირობებში უკიდურესად რთული გასაკეთებელი იქნება. 

სწორედ მაშინ როდესაც ვლადიმირ პუტინი უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ აცხადებდა, უკრაინელი მებრძოლები ლიმანს ათავისუფლებდნენ. ეს ყველაფერი კი სამხედრო სირთულეებთან ერთად კრემლისთვის სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემასაც ქმნის. 

ლიმანის 'დაკარგვამ' რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში მწვავე დაპირისპირება გამოიწვია - ჩეჩნეთის ლიდერმა წარუმატებლობაში, ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი დაადანაშაულა და მას უნიჭო უწოდა

მოგვიანებით კადიროვს საჯაროდ დაუჭირა მხარი ე.წ. ვაგნერის დამფუძნებელმა და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირმა, ევგენი პრიგოჟინმაც.

საინტერესოა, რომ კადიროვის და პრიგოჟინის კრიტიკა არ შემოიფარგლებოდა ლაპინით და უმთავრესად გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ეხებოდა. 

ყველაფერთან ერთად, უკრაინული იერიში ვლადიმირ პუტინის 70 წლის იუბილეს მოახლოების ფონზე ვითარდება - 7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეა. 

იერიში ლიმანის ირგვლივ

პირველ ოქტომბერს ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იერიშის ტემპი არ დაუგდიათ და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაიშალნენ. 

ოკუპანტების თავდაცვის ახალი ხაზი ამ წუთისთვის ქალაქ კრემენნაიაზე და დასახლებულ პუნქტ სვატოვეზე გადის. კრემენნაია ლიმანიდან აღმოსავლეთით, 20 კილომეტრითაა დაშორებული - ბოლო მონაცემებით ამ მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა უკვე 10 კილომეტრით წაიწიეს წინ. 

სვატოვე კრემენნაიადან ჩრდილოეთით 40 კილომეტრით დაშორებული დასახლებაა. ონლაინ რუკებიდან და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო/ვიდეო მასალებიდან ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სვატოსკენ მიემართებიან და დარტყმებს ერთდროულად 2 პლაცდარმიდან ახორციელებენ. 

რა შეიძლება მოხდეს

ამ დრომდე უკრაინის არმია მაქსიმალურად არიდებდა თავს ოკუპანტების გამაგრებული რაიონების პირდაპირ შტურმს და ამის ნაცვლად შეტევებს ფლანგებიდან ახორციელებდა. მსგავსი რამ მოხდა ლიმანშიც - ქალაქში შესვლამდე უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების დაჯგუფება სრულფასოვან ალყაში მოაქციეს. 

რთული იქნება კრემენნაიას პირდაპირი შტურმიც - საქმე ის არის, რომ ქალაქი ორივე მხრიდან ტყით არის გარშემორტყმული სადაც ჯავშანტექნიკით შეტევა იოლი არ იქნება. 

კრემენნაიაზე იერიშის კიდევ ერთი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის სამხრეთიდან იხსნება, სადაც ისინი ბელოგოროვკის პლაცდარმს აკონტროლებენ, თუმცა ამ მონაკვეთში კრემენნაიაზე შესატევად უკრაინელებს მდინარე სევერსკი დონეცის ფორსირება დაჭირდებათ, რაც დამატებით სირთულეს ქმნის. 

ასეთი სარისკო ოპერაციის ბედი ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად შეძლეს ოკუპანტებმა კრემენნაიას ირგვლივ რეზერვების გადაყვანა და პოზიციების გამაგრება - თუ ეს ვერ მოხერხდა კრემენნაიაში ოკუპანტების დაჯგუფებამ შესაძლოა უკვე რამდენიმე დღეში გაიზიაროს ლიმანის დაჯგუფების ბედი. 

უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ბოროვოეს ერთი მხრიდან კრემენნაია, ხოლო მეორე მხრიდან ქალაქი ლისიჩანსკი მდებარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში შესაძლოა უკრაინელების მთავარი სამიზნე გახდეს. თუ ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინელები შეინარჩუნებენ წინსვლას რუბეჟნოეს მიმართულებითაც ლისიჩანსკთან ერთად მათ გაეხსნებათ მოქმედების სივრცე სევეროდონეცკისკენ. 

კიდევ უფრო დინამიურია ЗСУ-ს შეტევები ჩრდილოეთით სვატოვეს რაიონში, ბევრი უკრაინელი სამხედრო ექსპერტის აზრით სწორედ აქ შესაძლოა უკრაინის არმიამ ოკუპანტების დაჯგუფების რკალშია ან ოპერატიულ ალყაში მოქცევა სცადოს. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტების მთავარი ამოცანაა რამენაირად შეაჩერონ უკრაინელების იერიშის ტემპი, თუმცა ლიმანიდან გაქცევის შემდეგ მათ არ ჰქონიათ საკმარისი დრო ახალი თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად. 

გარდა ამისა როგორც მთლიან ფრონტზე ამ კონკრეტულ მონაკვეთზეც რუსებს ერთდროულად ორი კრიზისის გადაჭრა უწევთ - მათ უნდა გაამაგრონ 2 ქალაქი და მათ შორის დამაკავშირებელი გზა.

იერიში ხერსონის რაიონში

არანაკლებ სწრაფი აღმოჩნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებული იერიში ხერსონის რაიონში - ბევრი სამხედრო ექსპერტის თქმით, შესაძლოა საქმე გვქონდა უკრაინის არმიის ყველაზე სწრაფ წინსვლასთან მთელი ომის განმავლობაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხერსონის რაიონში ფრონტის გარღვევასთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა გუშინ დაადასტურეს, რომ "მოწინააღმდეგემ მათი თავდაცვის ხაზის სიღრმეში გამაგრება შეძლო".

რუსულ და უკრაინულ სამხედრო ბლოგებზე აქტიურად ვრცელდებოდა უკრაინელი მებრძოლების მიერ სხვადასხვა დასახლებული პუნქტის გათავისუფლების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები.

სოფელ მიხაილოვკასთან უკრაინელების გამოჩენის პირველი ფოტო დილის 11 საათზე გავრცელდა, უკვე საღამოს 17 საათზე იმავე შინაარსის ფოტო გავრცელდა სოფელ დუდჩანისთან. 

ეს დასახლებული პუნქტები ერთმანეთისგან 20 კილომეტრითაა დაშორებული, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა ამ მონაკვეთის დაფარვა 6 საათში შეძლეს, რაც უჩვეულოდ სწრაფი წინსვლაა. 

უკრაინული მხარე ოფიციალურად ადასტურებს ხერსონის რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლებას, მათ შორისაა არხანგელსკოე და მიროლუბივკა. 

დაუდასტურებელი ცნობებით უკრაინის არმიამ ხერსონის რაიონში გაცილებით უფრო მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, მათ შორისაა ზოლოტაია ბალკა, კრეშენოვკე, შევჩენკოვე, ლიუბიმოვკა, ოსოკოროვკა. 

თუ ამ ცნობების ნაწილი მაინც მართალია ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე დნეპრის გასწვრივ ფრონტის გარღვევა და ხერსონის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედ ოკუპანტების დაჯგუფებზე იერიშის დაწყება მოახერხეს. 

რას მოასწავებს იერიში ხერსონის რაიონში

რუს სამხედრო ბლოგერებსა და კორესპონდენტებს შორის პოპულარულია აზრი, რომ ამ მიმართულებით უკრაინელების მთავარი სამიზნე ქალაქი ბერისლავია. ეს ძალიან პატარა ქალაქი ნოვა კახოვკადან 10 კილომეტრით არის დაშორებული. 

ამ წერტილიდან უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ყველაზე ახლო დასახლება სოფელი დუდჩანია - მანძილი ორ დასახლებას შორის 50 კილომეტრია. 

თუ კი უკრაინელებმა მოახერხეს ბერისლავის გათავისულფება ეს პირველ რიგში მკვეთრად გააუარესებს ოკუპანტების მდგომარეობას უშუალოდ ქალაქ ხერსონში, ხოლო თუ პარალელურად უკრაინელებმა შეძლეს და იერიში დავიდობ ბროდის ხაზიდანაც განავითარეს ისინი ოკუპანტების ხერსონის დაჯგუფებას ორად გახლეჩენ. 

ამ ოპერატიულ-ტაქტიკური მიზნების გარდა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლოა სტრატეგიული მიზნებიც ჰქონდეთ - საქმე ის არის, რომ სწორედ ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარეობს ჩრდილო-ყირიმის არხის სათავე ნაგებობა. 

ნოვა კახოვკას დაკავება და ყირიმისთვის წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა ომის დაწყების პირველ დღეებში ოკუპანტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. 

ეს არხი უკრაინამ ყირიმის ანექსიის შემდეგ 2014 წელს გადაკეტა, ამ წლების განმავლობაში რუსეთმა ნახევარკუნძულზე წყალმომარაგების პრობლემა ვერ გადაჭრა. 

ამგვარად ომის დაწყების შემდეგ ნოვა კახოვკას დაკავება არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, არამედ პოლიტიკურადაც - თუ უკრაინამ ხელახლა შეძლო კახოვკის არხის გადაკეტვა ეს კრემლისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დანაკარგი იქნება. 

მსგავსი სიახლეები