-

2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მებრძოლებმა, ისრაელის სამხრეთში სასაზღვრო ბარიერების გადალახვა შეძლეს და ებრაულ დასახლებებში შეაღწიეს, ხოლო პარალელურად, ისრაელის მიმართულებით 5000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

დაახლოებით ათასმა პალესტინელმა ტერორისტმა, ისრაელში შესვლა სატვირთო მანქანების, პიკაპების, მოტოციკლების, ბულდოზერების, ჩქაროსნული კატარღებისა და პარაპლანების გამოყენებით შეძლეს.

ჰამასის მებრძოლებმა საზღვართან მდებარე კიბუცებსა და ქალაქ სდეროთში, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 200 ადამიანი ტყვედ აიყვანეს.

განსაკუთრებული სისასტიკით, ტერორისტები რეიმთან ახლოს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მყოფი ადამიანები გაუსწორდნენ, სადაც, სულ მცირე 260 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა, ხოლო ბევრი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

მოწმეები საუბრობენ მოტოციკლეტებზე მყოფ ტერორისტებზე, რომლებმაც ფესტივალიდან გაქცეულებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯამში, თავდასხმის შედეგად 1300-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე გარდაიცვალა.

პირველად შოკისა და უსაფრთხოების სისტემის ჩავარდნას, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მობილიზება მოყვა, რის შემდეგაც ანტი-ტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ჰამასის ტერორისტის გვამია ნაპოვნი. დაწყებულია ღაზას სექტორის საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა.

ისრაელის ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს, რომ საბოლოო მიზანს ჰამასის საბოლოო განადგურება წარმოადგენს

12 ოქტომბერს, ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა: "ისრაელის თავდაცვის ძალები ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები. ეს საშინელი თავდასხმა იაჰია სინვარმა, ღაზას სექტორის მმართველმა გადაწყვიტა, ამიტომ მან და მის ქვეშ მყოფმა მთელმა სისტემამ ჩათვალონ, რომ უკვე მკვდრები არიან.

"ჩვენ მათ შევუტევთ, დავანგრევთ, დავანგრევთ მათ სისტემას."

უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარებაა ღაზას სექტორში. ისრაელის მიერ საწვავის და სხვა საჭირო ნივთების მიწოდების შეწყვეტამ მოქალაქეების მდგომარეობა გაართულა, ხოლო მასირებული ავიადარტყმების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 423,000 პალესტინელი დევნილად იქცა.

სტატიაში გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ვინ არიან ამ კონფლიქტის მხარეები და შესაძლო აქტორები, რომლებიც დაპირისპირებაში, მისი გაფართოების შემთხვევაში შეიძლება ჩაერთონ.

ჰამასი

ჰამასი პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტია და ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ღაზის სექტორშია განთავსებული ორ მილიონზე მეტ პალესტინელს მართავს. 

ისრაელის წინააღმდეგ შეიარაღებული ქმედებები და ტერორისტული აქტები არის ხელწერა, რომლითაც ჰამასს მთელს მსოფლიოში იცნობენ.

ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ათეულობით სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა, მხოლოდ მის სამხედრო ფრთას ანიჭებს ამგვარ სტატუსს. მატერიალურ და ფინანსურ დახმარება ძირითადად ირანიდან აქვთ, ხოლო მის ზოგიერთ ლიდერს თურქეთი და ყატარი იფარებს.

"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა" (იგივე ჰამას) შეიხ აჰმედ იასინმა, პალესტინელმა სასულიერო პირმა დააარსა. ის ეგვიპტეში მუსლიმთა საძმოს აქტივისტი იყო, ხოლო ადრეული ცხოვრება ისლამის შესწავლას მიუძღვნა. 1960-იანი წლების ბოლოს, იასინი დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში ქადაგებდა, პარალელურად საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული.

ჰამასის დამფუძნებელი აჰმედ იასინი

1987 წლის დეკემბერში, პალესტინის აჯანყების, ანუ - პირველი ინტიფადის დაწყების შემდეგ, იასინმა ჰამასი დააარსა, როგორც მუსლიმთა საძმოს პოლიტიკური ფრთა, რომელსაც ღაზას სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა.

1988 წელს, ჰამასმა გამოაქვეყნა მანიფესტი, სადაც ორგანიზაციის ძირითად მიზნად, ისრაელის განადგურება და ისტორიულ პალესტინაში ისლამური საზოგადოების ჩამოყალიბება იყო დასახელებული. ჰამასის იდეოლოგია მკვეთრად განსხვავდებოდა პალესტინის მთავარი წინააღმდეგობის მოძრაობის, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაციონალისტური და სეკულარული ხედვებისგან.

ჰამასმა პირველად თვითმკვლელი ტერორისტი 1993 წლის აპრილში გამოიყენა, იასერ არაფატის და იცხაკ რაბინის მიერ ოსლოს შეთანხმების ხელმოწერამდე ხუთი თვით ადრე. ისტორიული შეთანხმებით, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას ნაწილისთვის ახალი ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც დღეს პალესტინის ხელისუფლება ეწოდება.

გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, ჰამასი შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. 1996 წელს, ორგანიზაციამ იერუსალიმსა და თელ-ავივში 3 ტერაქტი მოაწყო, რასაც ჯამში, ისრაელის 58 მოქალაქე ემსხვერპლა. სწორედ ამ ტერაქტების შემდეგ შეიცვალა ისრაელში საზოგადოებრივი აზრი სამშვიდობო შეთანხმებების საწინააღმდეგოდ, რის შემდეგაც ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გახდა.

1997 წელს შეერთებულმა შტატებმა ჰამასი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. მოძრაობამ, ძალადობრივი წინააღმდეგობა, მეორე ინტიფადის დროსაც გააგრძელა.

მათი პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე 2020 წლიდან დოჰაში, კატარში ცხოვრობს, რადგანაც ეგვიპტე, მას ღაზაში დაბრუნების უფლებას უზღუდავს. უშუალოდ ღაზის სექტორში, ხელისუფლებას იაჰია სინვარი განაგებს, რომელიც წარსულში, ჰამასის სამხედრო ფრთას ხელმძღვანელობდა. ორი ისრაელელი ჯარისკაცის გატაცებისა და მკვლელობისთვის, იგი 22 წლის განმავლობაში იჯდა ისრაელის ციხეში.

მისი გათავისუფლება 2011 წელს მოხდა, როდესაც ებრაელ სამხედრო გილატ შალიტში, ისრაელმა ჰამასის 1000-ზე მეტი წევრი გაცვალა.

ჰამასი, ღაზის სექტორის ხელისუფლებაში 2005 წელს, ისრაელის ოკუპაციის დასრულებიდან მოკლე დროშივე მოვიდა. 2006 წელს, მათ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს, რის შემდეგაც ისლამური კანონები დააწესეს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ღაზას სექტორიდან ისრაელის მუდმივი დაბომბვა, რასაც რამდენიმეჯერ, მასშტაბური სამხედრო დაპირისპირებებიც მოჰყვა.

პალესტინის ადმინისტრაცია

პალესტინის ეროვნული ხელისუფლება არის პარტია ფატაჰის მიერ კონტროლირებადი სამთავრობო ორგანო. ის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ოსლოს შეთანხმების შედეგად გაყოფილი 4 ზონიდან, ნაწილობრივ სამოქალაქო კონტროლს ახორციელებს A და B ტერიტორიებზე.

პალესტინის ხელისუფლება ღაზა-იერიქონის შეთანხმებით, 1993 წლის ოსლოს შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა. ღაზა-იერიქონის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 4 მაისს მოეწერა და მოიცავდა ისრაელის იერიქონის ტერიტორიიდან და ნაწილობრივ ღაზას სექტორიდან გასვლას. შეთანხმებაში დეტალურად იყო აღწერილი პალესტინის ხელისუფლებისა და პალესტინის სამოქალაქო პოლიციის ძალების შექმნის პროცესი.

ოსლოს შეთანხმების ხელმოწერა, თეთრი სახლი, 1993 წელი

პალესტინის ხელისუფლებისთვის მინიჭებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა სამოქალაქო საკითხებით და შიდა უსაფრთხოებით და არ მოიცავდა უსაფრთხოებას ან საგარეო საქმეებს.

საკანონმდებლო ორგანოს და საპრეზიდენტო არჩევნები პირველად 1996 წლის 20 იანვარს ჩატარდა, რომელშიც იასერ არაფატმა და მისმა პარტია ფატაჰმა გაიმარჯვა.

პალესტინის ხელისუფლება 2006 წლამდე ღაზას სექტორსაც აკონტროლებდა, თუმცა არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ორ პალესტინურ ფრაციას - ჰამასს და ფატაჰს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაზე ჰამასმა სრული კონტროლი დაამყარა.

პალესტინის სახელმწიფო 138 ქვეყნის მიერ არის აღიარებული, ხოლო 2012 წელს, გაერომ, პალესტინის სახელმწიფო არაწევრ, დამკვირვებელი სახელმწიფოდ მიიჩნია.

პალესტინის ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც 15 წელზე მეტია, რაც არჩევნებს არ ატარებს. მათზე ხშირ კრიტიკას მოისმენთ ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის ჟურნალისტების, უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო.

2005 წელს, პალესტინის პრეზიდენტი მაჰუმდ აბასი პირველ პირად 4 წლის ვადით აირჩიეს, თუმცა, მას შემდეგ, არჩევნებს აღარ ატარებს. ამის მიზეზი ის არის, რომ კორუმპირებული და ისრაელის მიმართ ნაკლებად რადიკალური ფატაჰი დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობაში არაპოპულარულია და დიდი ალბათობით, ჰამასთან არჩევნების წააგებს.

პალესტინის ხელისუფლებისთვის და პარტია ფატაჰისთვის კრიზისი სავარაუდოდ, 87 წლის მაჰუმდ აბასის გარდაცვალების შემდეგ გამწვავდება, როდესაც ახალი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი გახდება.

7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის სასტიკი, ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, აბასმა რამალაში პალესტინის ხელისუფლების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. მან ხაზი გაუსვა პალესტინელი ხალხის უფლება,ს თავი დაიცვან ებრაელი ახალმოსახლეების ტერორიზმისგან და საოკუპაციო ძალებისგან. თუმცა, მოგვიანებით ჰამასის მიმართ ის უფრო კრიტიკული გახდა.

12 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრამდე აბასმა განაცხადა: "ჩვენ ვგმობთ ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ან მათ შეურაცხყოფას, რადგან ესეწინააღმდეგება მორალს, რელიგიას და საერთაშორისო სამართალს."

მისი თქმით, პალესტინის ხელისუფლება, რომელიც შეზღუდულ უფლებამოსილებებით მართავს ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს, დიდი ხანია ეწინააღმდეგება ჰამასს.

ჰეზბოლა

ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დაწყების შემდეგ, ლიბანურმა, შიიტურმა ტერორისტულამ დაგუფება ჰეზბოლამ ("ალაჰის პარტია" - რედ.) ტერორისტებს "სოლიდარობა" გამოუცხადა.

მათმა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმა არის გზავნილი იმ არაბული ქვეყნებისთვის, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სასტიკი ტერორისტული თავდასხმის მიზანი, შესაძლოა ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესის შეფერხებაც ყოფილიყო.

ირანის მხარდაჭერით, შიიტური დაჯგუფება ლიბანის 1975-90 წლების სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბებული ჩრდილოვანი ფრაქციადან, კარგად შეიარაღებულ ძალად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტერორისტულ დაჯგუფებად ტრანსფორმირდა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ლიბანის სახელმწიფოზე.

სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, მათ შორის შეერთებული შტატები, მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ჰეზბოლა, 1982 წელს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დააარსა ისლამური რევოლუციის ექსპორტისთვის და ლიბანში შეჭრილი ისრაელის ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. დაჯგუფება თეირანის შიიტურ, რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიას იზიარებს.

მათთან ხანგრძლივი ომის შემდეგ, ისრაელმა ლიბანის სამხრეთი, 2000 წელს დატოვა.

თუმცა, 2006 წელს ჰეზბოლას მებრძოლები ისრაელში შეიჭრენ და 2 სამხედრო პირი გაიტაცეს, რასაც ისრაელის შეტევა და ახალი ომის დაწყება მოჰყვა. ამ დაპირისპირებას 158 ისრაელელი სამხედრო და 1200 ლიბანელი, ძირითადად მშვიდობიანი პირები შეეწირა. ომის დროს, ჰეზბოლამ ათასობით რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით.

დაჯგუფების სამხედრო შესაძლებლობები 2012 წელს, სირიის სამოქალაქო ომში ჩართულობის ზრდის შემდეგ გაიზარდა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში, ჰეზბოლამ მნიშნველოვანი როლი ითამაშა.

ჰეზბოლას მებრძოლები სამხედრო აღლუმზე

2021 წელს, ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ დაჯგუფებას 100,000 მებრძოლი ჰყავს.

შიიტურ დაჯგუფებას იარაღით და და ფინანსებით ირანი უჭერს მხარს. შეერთებული შტატების შეფასებით, ირანის დახმარება, ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარს შეადგენს.

7 ოქტომბერს, ისრაელში მომხდარ მასშტაბურ ტერორისტულ თავდახსმაზე, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ის "პირდაპირ კონტაქტზე იყო პალესტინის წინააღმდეგობის ხელმძღვანელობასთან."

იმავე დღიდან, ისრაელის ჩრდილოეთში მცირე მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებები და დაბომბვის მცდელობები იყო, თუმცა ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ჰეზობოლას არ აუღია.

13 ოქტომბერს, ლიბანის საზღვარზე, ისრაელის სამხედრო პუნქტებზე თავდასხმა მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ჰესბოლამ აიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ, რომ თავდასხმა "ისრაელის აგრესიაზე" პასუხია.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰეზბოლას სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება ჰამასისას, ისრაელის ხელისუფლებამ თავდაცვის ძალების ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთში განათავსა, შესაძლო თავდასხმის მოგერიების მიზნით. 

ჰეზბოლა პოლიტიკური პარტიაც არის, რომელიც ლიბანის პარლამენტში 15 მანდატით არის წარმოდგენილი. 

დაჯგუფება განსაკუთრებით არაპოპულარულია ლიბანის სუნიტურ და ქრისტიანულ მოსახლეობაში.

პალესტინის ისლამური ჯიჰადი

პალესტინის ისლამური ჯიჰადი ისლამისტური გასამხედროებული ორგანიზაციაა, რომელიც 1981 წელს ჩამოყალიბდა.

ისლამური ჯიჰადი მუსლიმთა საძმოს ერთ-ერთი შტო იყო. ის პალესტინის ძალების ალიანსის წევრია, რომელიც უარყოფს ოსლოს შეთანხმებას, ხოლო მიზანს სუვერენული, ისლამური პალესტინის სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს.

ამასთანავე, მათი დეკლარირებული მიზანია ისრაელის სამხედრო გზით განადგურება.  

ისტორიულად, ორგანიზაციის ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი სირია და ჰეზბოლა იყო, თუმცა 2014 წლიდან, ამ სიას ირანიც დაემატა, რამაც ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული ფრთა, ალ-კუდსის ბრიგადები (ცნობილი როგორც "სარაია") 1981 წელს ჩამოყალიბდა და აქტიურია მდინარე ოორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. დასავლეთ სანაპიროზე, მათი მთავარი დასაყრდენი ქალაქები ჰებრონი და ჯენინია.

პალესტინის ისლამური ჯიჰადის მებრძოლები

ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებდა ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე, რაც ძირითადად მოიცავდა თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებებსა და სარაკეტო დაბომბვებს.

ისლამური ჯიჰადი ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩეული ჰყავს აშშ-ს, ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოს, იაპონიას, კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ისრაელს.

აღნიშნული ტერორისტული დაჯგუფების როლი, მათ შორის იკვეთება შაბათს მომხდარ თავდასხმაშიც.

7 ოქტომებრს, პალესტინის ისლამური ჯიჰადის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი ისრაელის მოქალაქეებს სამოქალაქო პირებად არ თვლიან: "ჩვენ არ ვხოცავთ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის სამხედრო საზოგადოება. ეს ადამიანები ირჩევენ თავიანთ მთავრობებს."

მომდევნო დღეს, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა განაცხადა, რომ სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, სულ მცირე 30 ადამიანია დატყვევებული.

ირანის როლი 7 ოქტომბრის თავდასხმაში

ირანის ისლამური რესპუბლიკა უკვე წლებია, რაც ისრაელს განადგურებით და რუკიდან გაქრობით ემუქრება. ჰამასის მიერ დაწყებული ომის გაგრძელების ერთ-ერთ სცენარად, ირანის ჩართულობის ზრდაც განიხილება.

ირანის ჩართულობის ერთ-ერთი საშუალება, შესაძლოა ლიბანიდან ჰეზბოლას გააქტიურება იყოს, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა აკონტროლებს.

თუმცა, დასავლურ მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები, რომ ირანი აქტიურად იყო ჩართული ჰამასის ტერაქტის დაგეგმვაში.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები დაეხმარნენ ჰამასს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დაგეგმვაში, რომელსაც მწვანე შუქი ორშაბათს, ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე აუნთეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრები, ჰამასთან ერთად აგვისტოდან მუშაობდნენ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეჭრის გეგმაზე.

ოპერაციის დეტალები ბეირუთში, რამდენიმე შეხვედრის დროს შეთანხმდა, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრები და ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავდასხმაში, ირანის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გამოცემას ევროპელმა ჩინოვნიკმა და სირიის მთავრობის მრჩეველმა დაუდასტურა, ისევე როგორც ჰამასის და ჰეზბოლას მაღალჩინოსნებმა.

ჰასან ნასრალას და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის შეხვედრა, 2023 წლის 13 ოქტომბერი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ტერორისტული თავდასხმები შეაქო და X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] დაწერა, რომ "სიონისტური რეჟიმი პალესტინელი ხალხისა და მთელ რეგიონში წინააღმდეგობის ძალების ხელით განადგურდება."

8 ოქტომბერს, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი პალესტინის ტერორისტული დაჯგუფებების - ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ლიდერებს ესაუბრა.

"რაისიმ პალესტინაში განვითარებული მოვლენები განიხილა სატელეფონო ზარებისას ზიად ალ-ნახალაჰთან, ისლამური ჯიჰადის მოძრაობის გენერალურ მდივანთან და ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ჰანიესთან," - წერს ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

ირანის პრეზიდენტი მიესალმა ტერორისტების თავდასხმას, რომელსაც "საამაყო ოპერაცია" და "დიდი გამარჯვება" უწოდა.

მსგავსი სიახლეები