უკვე 14 დღეა რუსეთის არმია ბოლო თვეებში თავის ყველაზე მასშტაბურ შეტევას აწარმოებს - ოკუპანტების მიზანი ამჯერად დონეცკის შემოგარენში მდებარე ინდუსტრიული დასახლება ავდიივკაა.
უკრაინული წყაროების ცნობით, ავდიივკაზე დაწყებული შტურმი თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის უმსხვილესი იერიშია. უპრეცედენტოდ მაღალია რუსეთის არმიის დანაკარგებიც, მაგრამ ბოლო მონაცემებით დანაკარგების გარდა, რუსეთის არმიას აქვს წინსვლაც.
როგორია ვითარება ავდიივკასთან, რა ძალებით უტევს რუსეთის არმია, რით არის მნიშვნელოვანი დასახლება და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - ეს არის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემასაც ამ მასალაში შევეცდებით.
"ვითარება შორს არის სტაბილურისგან" - ბოლო ცნობები ავდიივკიდან
ავდიივკის მიმართულებით შტურმი რუსეთის არმიამ 10 ოქტომბერს დაიწყო, მათი მიზანი იგივე იყო რაც ბახმუტში - დასახლების ოპერატიულ ალყაში მოქცევა და მომარაგების ხაზის ჩაჭრა. აქედან გამომდინარე, იერიში მექანიზებული ბრიგადებისა და ჯავშანტექნიკის მოცულობითი კოლონების სწრაფი გარღვევის მცდელობით დაიწყო. შეტევას წინ უძღოდა მასიური საარტილერიო ცეცხლი, მოიერიშე ავიაციისა და სარაკეტო დანაყოფების დარტყმები.
შეტევის დაწყებისთანავე Z-ბლოგერები რუსული არმიის ელვისებურ წინსვლის შესახებ იუწყებოდნენ, ე.წ. სამხედრო კორესპონდენტების ტელეგრამ არხები სწრაფი გამარჯვების მომასწავებელი პოსტებით აფეთქდა. ეიფორიამ ბლოგერების რიგში უკრაინულ პოზიციებთან ოკუპანტების ჯავშანტექნიკის მიახლოებისთანავე იკლო.
მალევე OSINT ანალიტიკოსები და დამოუკიდებელი დამკვირვებლები რუსეთის არმიის უპრეცედენტო დანაკარგებზე ალაპარაკდნენ. პროექტ ORYX-ის შეფასებით, ფრონტის მთელ მონაკვეთზე 10 ოქტომბერს რუსეთმა სულ 61 ერთეული ტექნიკა დაკარგა, მათ შორის 16 ტანკი, 15 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა და საარტილერიო დანადგარები.
ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ რუსეთის არმია ფრონტის გარღვევას ფლანგებიდან კერძოდ სოფელ სტეპოვოესა და სევერნოედან შეეცადნენ, რომლებიც ავდიივკისგან 6-8 კილომეტრით არის დაშორებული.
ამ მონაკვეთზე რუსეთის წინსვლა დაადასტურა უკრაინულმა Deep State-მაც - მათი ცნობით, ე.წ. ნაცრისფერი ზონა ავდიივკის ირგვლივ 10 ოქტომბერს დაწყებული შტურმის შედეგად დაახლოებით 2 კილომეტრით გაიზარდა. შტურმის საწყის ფაზაში განცდილი მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტებმა რამდენიმე მონაკვეთზე შეძლეს უკრაინული პოზიციების დაკავება.
სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილებდა ყურადღებას OSINT ანალიტიკოსი და უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი, ფსევდონომით Tatarigami. "მტრის ძალების კონცენტრაციის ზრდის შესახებ წინასწარი არსებული ცნობების მიუხედავად, ზოგ მონაკვეთზე უკრაინული ძალები არ აღმოჩნდნენ მზად. როგორც ჩანს ზოგი მონაკვეთი არ იყო კარგად მომზადებული ამგვარი შეტევისთვის, რამაც ჩვენს დაცვაში სუსტი ადგილები გამოავლინა",- წერდა ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
იმ დროს როდესაც მედიის ყურადღება რუსეთის არმიის მიერ განცდილი დანაკარგებზე იყო მიპყრობილი, ხშირად მხედველობიდან რჩებოდა მსგავსი დანაკარგებზე წასვლის მზაობა რუსეთის მხრიდან.
უკრაინელი ანალიტიკოსი 16 ოქტომბერს ავდიივკასთან შექმნილ ვითარებას ბახმუტის ბრძოლას ადარებდა - "ბახმუტის ოპერაციაც რუსეთის მასშტაბური და ერთი შეხედვით არამდგრადი დანაკარგებით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ კონტროლი დაამყარეს ფლანგებზე, ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა უკრაინული არმიისთვის",- წერდა Tatarigami.
ამასთანავე, ნათელი გახდა, რომ რუსეთის არმია არ განიცდის ცოცხალი ძალის დეფიციტს და ოკუპანტებს კვლავ შეუძლიათ ახალი, მოცულობითი დამრტყმელი 'მუშტის' მობილიზება. ავდიივკაზე დაწყებული შტურმი მოწმობს, რომ რუსეთის არმიის მდგომარეობა არ არის ტრაგიკული რეზერვების კუთხითაც - ყოველ შემთხვევაში ნათელია, რომ ვალერი გერასიმოვი საკმაოდ თავდაჯერებულია.
გასულ კვირას უკრაინული წყაროები ავდიივკასთან რუსეთის არმიის დამატებითი რეზერვების გადასროლის შესახებ იუწყებოდნენ. ფრონტის ამ მონაკვეთზე ოკუპანტები ძირითადად ე.წ. დნრ-ისა და ლნრ-ის მობილიზებულ დანაყოფებს ეყრდნობოდნენ, გარდა ამისა იერიშში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. Z-შტორმის დანაყოფები.
კვლევითი ცენტრის, Carnegie Russia-ს უფროსი მკვლევარის, დარა მასიკოს ცნობით, ჯამურად ავდიივკის მიმართულებით რუსეთმა 4-5 ბრიგადა გადაისროლა, რაც დაახლოებით 15-დან 20 ათას ჯარისკაცამდეა.
განახლებული შეტევა ავდიივკაზე რუსეთის არმიამ 19 ოქტომბერს დაიწყო, იერიშის ფარგლებში რუსეთის დანაკარგები კიდევ უფრო გაიზარდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, 10 ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთის არმიის დანაკარგები ტექნიკაში 5-ჯერ გაიზარდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა რუსეთის ჯავშანკოლენების ჩასაფრებისა და განადგურების კადრები. უკრაინული გენშტაბის ცნობით, შეტევის ფარგლებში მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. სწორედ ამ დანაკარგებით იყო განპირობებული რუსეთის მიერ აღებული პაუზა 20-დან 22 ოქტომბრამდე პერიოდში.
მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად, 19 ოქტომბერს დაწყებული შეტევის შედეგად რუსეთის არმიამ წინ წაიწია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით. მათ შორის უკრაინის არმიისთვის ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა სოფელ კრასნოჰორივკას მიდამოებში, რომელიც ფრონტის ამ მონაკვეთზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიმაღლის, 'ტერიკონის' დასავლეთით მდებარეობს.
19 ოქტომბერს დაწყებული შტურმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ტერიკონის დაკავება იყო - ტერიკონი თავის მხრივ ხელოვნური სიმაღლეა, რომლის ორგანიზებაც უკრაინულმა არმიამ 2015 წლიდან დაიწყო. ტერიკონი იძლევა 180 გრადუსიან ხედვას და ბუნებრივი სიმაღლეებისგან განსხვავებით ვიზუალური ბარიერების გარეშე. აქედანვე კონტროლდება ვესელე-კრასნოჰორივკასთან მდებარე სარკინიგზო კვანძი. უკრაინული წყაროები წერდნენ, რომ სიმაღლეზე მცირე სადაზვერვო ჯგუფსაც მოცულობითი სამუშაოს გაწევა შეუძლია.
რეზერვების გადასროლისა და დანაკარგების შევსების შემდეგ, რუსეთის არმიამ იერიში განაახლა. 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, ფრონტზე მყოფი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვი რუსეთის არმიის მიერ შეტევების განახლებაზე იუწყებოდა. ბუტუსოვის ცნობით, 10 ოქტომბრის შემდეგ რუ ფრონტის სიღრმეში სულ 1.5 კილომეტრით წაიწიეს წინ, ხოლო ტერიკონი კი ამ დროისთვის უკვე ე.წ. ნაცრისფერ ზონაში იყო გადასული.
ჟურნალისტის ცნობით, რუსეთმა იერიშში ახალი 15-ე და 21-ე მოტო-მსროლელი ბრიგადები ჩართო. ბუტუსოვის ცნობით, რუსეთის არმიის იერიშში მონაწილეობს ე.წ. აფხაზური ბატალიონი - ბოევიკ, ახრა ავიძბას მიერ ორგანიზებული ბატალიონი უკრაინის წინააღმდეგ, 2014 წლიდან, რუსი სეპარატისტთა რიგებში იბრძვის.
"კრიზისული ვითარება ავდიივკასთან არ არის ამოწურული. მტრის შეკავებასა და განადგურებაში ჩვენი მებრძოლებიც იხდიან ფასს. უკრაინის მეთაურობამ მიიღო საკმარისი დრო რეაგირებისთვის და ცხადია ამზადებს რეზერვებს. რუსეთის წინსვლა ავდიივკაში სახიფათო იყო, მაგრამ თავდაცვის მთავარმა ხაზმა გაუძლო",- წერდა ბუტუსოვი. მაღალი ალბათობით, საუბარია უკრაინის 47-ე მექანიზებულ ბრიგადაზე, რომელიც ზაპორიჟიიდან როტაციისთვის აგვისტოში გამოიყვანეს.
თავის ბოლო კრებსში უკრაინული Deep State წერდა, რომ რუსეთის არმიამ წინ წაიწია სოფელ კრასნოჰორივკასთან, ხოლო უშუალოდ ტერიკონის შესახებ ნათქვამი იყო, რომ ოკუპანტებმა შეძლეს სიმაღლის დაკავება. "მტერი აღარ იყენებს ჯავშანტექნიკას და ჩვენს დაჯაბვნას ცოცხალი ძალის სიჭარბით ცდილობს - ზუსტად ისე როგორც საბჭოთა არმია იქცეოდა რომელიმე რჟევთან."
პორტალის ცნობით, დანაკარგების მიუხედავად რუსეთს საკმარისი რეზერვები ჰყავს იერიშის გასაგრძელებლად - "როდესაც პოზიციაზე ჩვენს 2 ჯარისკაცს 20 ოკუპანტი უტევს შეუძლებელია წინააღმდგობის ან გადარჩენა",- ნათქვამია კრებსში.
დილიდან ტელეგრამის რუსულენოვან, სამხედრო სექციაში ვრცელდებოდა კადრები, რომელზეც ტერიკონის სიმაღლეზე აღმართული რუსეთის დროშა ჩანდა. მალევე ტერიკონზე რუსეთის დანაყოფების ყოფნა დაადასტურეს უკრაინულმა წყაროებმაც.
"სიმაღლის უპირატესობა მოწინააღმდეგის დრონების სიჭარბემ გაანეიტრალა, მტრის არტილერიას დაბომბვა არცერთი წამით არ შეუწყვეტია, სიმაღლიდან ჩამოსვლა გვფიტავდა, ესეც შედეგი",- ნათქვამია Deep State-ის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
სიმაღლის დაკარგვა სამხედრო ექსპერტების შეფასებით ტაქტიკურად გააუარესებს უკრაინელი მებრძოლების მდგომარეობას, თუმცა იმავე Deep State-ის ცნობით, ეს კრიტიკული არ არის. "გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მტერს არ მივცეთ შესაძლებლობა რკინიგზის რაიონს ჩაებჯაუჭოს. მტერი არ გვაპატიებს ისეთ შეცდომას, როგორიც კრასნოჰორივკაში დავუშვით."
ბოლო ცნობებით, რუსეთის არმიამ ავდიივკას დანაკარგების შესავსებად ყოფილი ვაგნერის დანაყოფებიც გადაისროლა. ფრონტის ამ მონაკვეთზე ვითარებას უფრო ოპტიმისტურად აფასებს იური ბუტუსოვი - ჟურნალისტის ცნობით, ტერიკონის ხანგრძლივად შენარჩუნება რუსებს გაუჭირდებათ, რადგანაც სიმაღლე უკრაინული ცეცხლის ქვეშაა. ფრონტზე მყოფი ჟურნალისტის თქმით, ავდიივკაზე იერიშში ვაგნერის ჩართვით გერასიმოვი და შოიგუ ხელის შეწმენდას ცდილობენ - "ისინი ცდილობენ ავდიივკასთან განცდილ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა ვაგნერს გადააბრალონ."
ავდიივკასთან რუსეთის მიერ განცდილი დანაკარგები, მართლაც შთამბეჭდავია - OSINT ანალიზის მიხედვით, საუბარია მინიმუმ 109 დაჯავშნულ ტექნიკაზე, უმეტესობა ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებზე მოდის. მაღალი ალბათობით, ავდიივკაში განცდილმა დანაკარგებმა უკვე გადააჭარბა რუსეთის არმიის დანაკარგებს 2022 წლის მაისში მდინარე სივერსკი დონეცის ფორსირების მცდელობისას.
შედარებით შეზღუდული სამხედრო სარგებლის მიუხედავად რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კვლავ ავლენს მზაობას წავიდეს ამ ამ მასშტაბის დანაკარგებზე. წმინდად სამხედრო თვალსაზრისით, მარიინკას და პესკის დატოვების შემდეგ, ავდიივკა ქალაქ დონეცკის შემოგარენში უკრაინის არმიის მიერ სრულად კონტროლირებადი ბოლო დასახლებაა. "მაღალი ალბათობით, რუსეთის მიზანია ფრონტის ხაზი დონეცკიდან მაღლა აწიოს",- ამბობს WarontheRock-ის პოდკასტში Carnegie-ის უფროსი სამხედრო მკვლევარი მაიკლ კოფმანი.
სავარაუდოა, რომ რუსეთის შტურმი ავდიივკაზე ბახმუტის მსგავსად უფრო დიდ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ვიდრე წმინდად სამხედრო მნიშვნელობას. არაერთი დამკვირვებლის აზრით, რუსეთი შესაძლოა ავდიივკას მსგავსი ფართო მასშტაბის იერიშით სტრატეგიული ინიციატივის მოპოვების გარდა, ცდილობდეს დასავლეთს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "უიმედობა" აჩვენოს.
"უკრაინის კონტრიერიში გრძელდება, მათ აქვთ პროგრესი, ამან შესაძლოა გაამართლოს, მაგრამ ისინი შეიძლება გააკვირვოს რუსეთის კონტრიერიშმა. წარმატებისთვის კრემლის აუცილებელი არ არის, რომ კონტრიერიში წარმატებული იყოს ბრძოლის ველზე. მიუხედავად ამისა, რუსეთის კონტრიერიშმა შესაძლოა პოლიტიკური შოკის ტალღები გაგზავნოს დასავლეთის დედაქალაქებში",- ამბობს New Yorker-ის პოდკასტთან საუბარში, Hoover-ის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, სტივენ კოტკინი.
ავდიივკასთან რუსეთის მიერ წამოწყებულმა იერიშმა უკრაინის დასავლელი პარტნიორებისთვის მაღვიძარის ფუნქცია უნდა იქონიოს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ რუსეთი რეზერვებს მომავლისთვის ამზადებდა და თავს შეიკავებდა მასშტაბური იერიშებისგან, უკრაინის კონტრიერიშის დასრულებამდე, თუმცა ავდიივკა ყველაფერთან ერთად კრემლის თავდაჯერებას აჩვენებს. ვლადიმირ პუტინს და მის გენერლებს სჯერათ, რომ ეს მიდგომა მდგრადია და აქვთ შესაბამისი რესურსი.
ამ პირობებში დასავლეთი მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და გრძელვადიან ძალისხმევას, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას გააგრძელოს წინააღმდეგობა და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.
----------------------------------------------
ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას გულისხმობს.
ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც.
სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია.