ABC-ის კვლევა: ამერიკელთა 67% მიიჩნევს, რომ ბაიდენმა უნდა მოხსნას კანდიდატურა
ამერიკელთა ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას კანდიდატურა და შეწყვიტოს საპრეზიდენტო კამპანია.
ამის შესახებ ABC-ის Washington Post-ის და Ipsos-ის კვლევიდან ხდება ცნობილი.
ეს არის კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ბაიდენის კანდიდატურით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უკმაყიფელებაზე მეტყველებს. გასულ კვირას CBC News და სოციოლოგიური კომპანია Morning Consult-ის მონაცემებით ამერიკელთა 60% და 72% შესაბამისად მიიჩნევს, რომ ბაიდენმა აღარ უნდა იყაროს კენჭი ახალი ვადით.
დონალდ ტრამპთან ჩატარებული წარუმატებელი დებატების შემდეგ, ჯო ბაიდენზე თანაპარტიელების, დონორებისა და ცნობადი სახეებისგან წნეხი იზრდება.
წნეხის მიუხედავად ჯო ბაიდენი თანაპარტიელებისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას, რადგანაც დარწმუნებულია, რომ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი სწორედ მას აქვს.
ტელეარხ ABC-ის კვლევით, ბაიდენის კანდიდატურის მოხსნას მხარს უჭერს დემოკრატების მიმართ კეთილგანწყობილი ამერიკელების 62% და პერსონალურად ბაიდენის მიმართ კეთილგანწყობილი მოქალაქეების 54%.
მოქალაქეებს შორის, რომლებიც ნოემბრის არჩევნებში ხმის მიცემას ბაიდენისთვის აპირებენ 81% ამბობს, რომ მათი აზრით ბაიდენი ზედმეტად ასაკოვანია მეორე ვადისთვის. ბაიდენის მხარდამჭერების მხოლოდ 44% ამბობს, რომ პრეზიდენტმა მეორე ვადითაც უნდა იყაროს კენჭი.
ამავე კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 50% მიიჩნევს, რომ კანდიდატურა დონალდ ტრამპმაც უნდა მოხსნას. 60% მიიჩნევს, რომ ტრამპიცა და ბაიდენიც ზედმეტად მოხუცები არიან ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის.
ბოლო კვლევების მიხედვით, დონალდ ტრამპის უპირატესობა მცირედით გაიზარდა, თუმცა ეროვნულ დონეზე მხოლოდ 47%-ს შეადგენს, ბაიდენის 46%-ის წინააღმდეგ.
ABC/Ipsos-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევით, ტრამპის წინააღმდეგ ოდნავ უკეთესი შანსი აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. კვლევის მიხედვით ჰარისის კანდიდატურა უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობსა და ქალებსა და ესპანურენოვან მოსახლეობაში.
დემოკრატების 29% კამალა ჰარისს პარტიის პრიორიტეტულ კანდიდატად მიიჩნევს, ხოლო მისი კანდიდატურით კმაყოფილი იქნება პარტიის ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი.
მიუხედავად ამისა, ამერიკელთა 53%-ისთვის კამალა ჰარისის კანდიდატურა არ იქნება დამაკმაყოფილებელი.