აშშ-მ და ბრიტანეთმა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები დაბომბეს
ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ხუთშაბათს იემენში ჰუსიტების სამიზნეები დაბომბეს. ირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტები, ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, კომერციულ გემებს წითელ ზღვაში რეგულარულად ესხმიან თავს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმისთვის პასუხის გაცემა ბრძანა.
"დღეს, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა - გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით - წარმატებით განახორციელეს დარტყმები იემენში მდებარე რამდენიმე სამიზნეზე, რადგან ჰუსიტი მეამბოხეები საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასიცოცხლო სატრანსპორტო კორიდორში," - აღნიშნა მან.
ბაიდენმა დასძინა, რომ ის "არ დააყოვნებს შემდგომი ზომების გატარებას ჩვენი ხალხის და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების დასაცავად."
აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენატმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ დარტყმები განახორციელეს 60-ზე მეტ სამიზნეზე, მათ შორის სარდლობისა და საკონტროლო კვანძები, საბრძოლო მასალის საწყობები, გამშვები სისტემები, საწარმოო ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემები.
CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ სამშაბათს წითელ ზღვაში გემებზე ჰუსიტების თავდასხმები იყო ბოლო წვეთი, რომელის შემდეგაც ბაიდენმა მწვანე შუქი აუნთო მათზე თავდასხმებს.