დონალდ ტრამპის შვილი გრენლანდიაზე ჩავიდა

დონალდ ტრამპ უმცროსი ნუუკში, დანიის კუნძულ გრენლანდიაზე ჩავიდა - სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა ტერიტორიის კონტროლის სურვილი.

7 იანვარს, აეროპორტში თვითმფრინავი Boeing 757 დაეშვა, რომელზეც სიტყვა "ტრამპი" ეწერა.

არჩეულმა პრეზიდენტმა ვიზიტის შესახებ Truth Social-ზე 6 იანვარს განაცხადა: "ჩემი ვაჟი, დონ უმცროსი და სხვადასხვა წარმომადგენლები გაემგზავრებიან იქ, რათა მოინახულონ საუკეთესო ადგილები და ღირსშესანიშნაობები."

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ თქვა, რომ ცნობად მიიღო ეს ინფორმაცია.

"რადგან ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი კომენტარი არ აქვს," - აღნიშნა სამინისტრომ.

"გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს," - ხაზგასმით განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა TV 2-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია "არ იყიდება."

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ ასევე უარყო შეერთებულ შტატებთან რაიმე შეთანხმების შესაძლებლობა: "გრენლანდია ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენ არ ვართ გასაყიდი და არც არასდროს ვიქნებით. არ უნდა დავმარცხდეთ თავისუფლებისთვის ხანგრძლივ ბრძოლაში"

ტერიტორიას დანიის შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსი 1979 წლიდან აქვს.

დონალდ ტრამპმა მის პირველ ვადაშიც განაცხადა, რომ დანიისგან გრენლანდიის შესყიდვა სურდა. ამან დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის. დანიის პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა ამ იდეას "აბსურდი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები