ერდოღანმა: ევროკავშირმა ახალი ისტორია უნდა დაწეროს

თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილი სპეციალური სიტყვა წარმოთქვა. რეჯეფ ერდოღანის მტკიცებით, ევროპა დაშორდა ფუძემდებლურ პრინციპებს, ამის მიზეზი კი წევრი სახელმწიფოების მოკლევადიანი ხედვა იყო. 

ერდოღანის თქმით, შუმანის დეკლარაციამ ევროპას შანსი მისცა წარსულში დაეტოვებინათ უთანხმოებები და გაერთიანებულიყვნენ, დღეს კი ევროკავშირი ამ მიზნებს ჩამოშორდა. 

"უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის ფონზე ევროკავშირმა ახალი ისტორია უნდა დაწეროს", - ამბობს თურქეთის ლიდერი. 

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირს კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს თურქეთის სტრატეგიული მნიშვნელობა - ევროპის უსაფრთხოების, ასევე, მომარაგების ჯაჭვებისა და ენერგეტიკის საკითხში. 

"დღეს საჭიროა ერთიანობა და სოლიდარობა როგორც იმ დღეებში, როდესაც ევროკავშირის ფუნამენტი იქმნებოდა",- ამბობს ერდოღანი. 

ევროპის დღე მთელ მსოფლიოში 9 მაისს აღინიშნება, სწორედ ამ დღეს გაჟღერდა საფრანგეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერ შუმანის დეკლარაცია. 

შუმანმა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს გააერთიანებინა ნახშირმომპოვებელი, მეტალურგიული და რკინიგზის ინდუსტრიები. შეიქმნა ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანება, რაც ევროკავშირის წინამორბედი ორგანიზაციაა. 

თურქეთში ევროპის დღე 1999 წლიდან აღინიშნება, ამ წელს თურქეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი 2005 წელს დაიწყო. 

მიუხედავად ამისა გაწევრიანების საკითხზე ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, ბოლო წლების თურქეთში, დემოკრატიის უკუსვლის პარალელურად კი ეს პროცესი ფაქტობრივად გაიყინა. 

ამ დროისთვის თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა. 

მსგავსი სიახლეები