ისრაელმა ბეირუთში ჰეზბოლას ორი სამხედრო ლიდერი და 11 მაღალჩინოსანი მოკლა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა შაბათს დაადასტურა, რომ ჰეზბოლას ელიტარული რადვანის ძალების რამდენიმე მეთაური გაანადგურა ბეირუთში დარტყმის შედეგად, რომელსაც ჰეზბოლას სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ჰეზბოლამ აღიარა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია მისი ორი ყველაზე უფროსი მეთაური და ტერორისტული დაჯგუფების 14 სხვა წევრი, რომლებიც ბეირუთის საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იკრიბებოდნენ.
ისრაელმა გამოაქვეყნა რადვანის დანაყოფის 11 მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც თავდასხმის დროს მოკვდნენ. რადვანის ძალები ხელმძღვანელობენ ჰეზბოლას სახმელეთო ოპერაციებს სამხრეთ ლიბანში.
იბრაჰიმ აქილი ჰეზბოლას სამხედრო ოპერაციების მეთაური და რადვანის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი იყო. აქილი რადვანის ძალების უფროს მეთაურებს ბეირუთში, საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ ხვდებოდა.
აჰმედ ვაჰბი, რომელიც ჰეზბოლას სასწავლო განყოფილების ხელმძღვანელი და რადვანის ძალების ყოფილი მეთაური იყო, ასევე დაღუპულთა შორისაა.
წლების განმავლობაში და ომის პირველ თვეებში ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ვაჰბი მონაწილეობდა სარაკეტო დაბომბვებსა და ინფილტრაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ჰეზბოლამ ვაჰბი "მეთაურად" მოიხსენია, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია იშვიათად მოიხსენიებს თავის დაღუპულ მაღალჩინოსნებს მეთაურებად.
"ეს მეთაურები ხელმძღვანელობდნენ და გეგმავდნენ რადვანის ძალების თავდასხმას და ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის გეგმას წლების განმავლობაში, რომელიც უნდა შესრულებულიყო ბრძანების მიღების შემდეგ," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. "აქილი და დარტყმის შედეგად მოკლული მეთაურები პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ ასობით ტერორისტული ოპერაციის დაგეგმვაზე და განხორციელებაზე."
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვი და რამდენიმე ქალია. აბიადმა თქვა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ "მთელი ღამის განმავლობაში" ნანგრევებიდან დაღუპულთა და დაჭრილთა გამოსაყვანად და აღნიშნა, რომ "საცხოვრებელი შენობა ტერორისტების თავზე ჩამოინგრა" ისრაელის თავდასხმის შემდეგ.