istories: რუსეთის არმიას უბრძანეს ავდიივკა პუტინის პირდაპირ ეთერამდე დაიკავონ

რუსეთის არმიამ მიიღო განკარგულება ქალაქი ავდიივკა ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერამდე დაიკავოს, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება. 

ინფორმაციას ამის შესახებ ავდიივკის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების მობილიზებულ სამხედროებზე დაყრდნობით გამოცემა Важные истории ავრცელებს. 

წერილის ავტორები თხოვენ ვლადიმირ პუტინს გაერკვიეს ავდიივკასთან შექმნილ ვითარებაში, რადგანაც ვითარება "რუსი სამხედროების გამიზნული განადგურების ნიშნებს ატარებს."

წერილში ნათქვამია, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი დანაყოფები უკვე 10 თვეა სანგრებში გამუდმებული დაბომბვების პირობებში ცხოვრობენ, ხოლო ოქტომბერში შტურმის დაწყების შემდეგ შეტევაში მსუბუქად დაჭრილ ჯარისკაცებსაც უშვებენ. 

"25 ნოემბერს მათ მიიღეს განკარგულება, რომ მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჭრილობის მქონე ჯარისკაცებმა მკურნალობა სანგრებში დაასრულონ. კიდევ უფრო უმოწყალოდ ექცევიან ДНР-ელებს, კრებენ ნარჩენებს და ისევ შტურმზე უშვებენ",- ციტირებს გამოცემა მობილიზებულთა ნათესავების წერილს. 

მობილიზებულთა ნათესავები ირწმუნებიან, რომ ხელმძღვანელობამ ჯარისკაცებს ავდიივკის დაკავებისთვის ვადა 14 დეკემბრამდე მისცა - სწორედ ამ დღეს უნდა გაიმართოს ვლადიმირ პუტინის პირდაპირი ეთერი, რომელიც ბოლო წლებში არ ტარდებოდა. 

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი ჯარისკაცების საშუალო ასაკი 40 წელია და მათი უმეტესობა შვებულებაში ჯარში გაწვევის შემდეგ არ ყოფილა. 

კონტექსტი 

ავდიივკა მოზრდილი შვერილის ცენტრში მდებარეობს, რომელიც ქალაქ დონეცკის ირგვლივ რუსეთის დაცვის ხაზს ებჯინება. ამ შვერილის მოჭრა რუსეთის არმიისთვის დიდი ცდუნებაა - ეს მათ საშუალებას მისცემდა ფრონტის ხაზი დონეცკიდან შორს გადაეტანათ. გარდა ამისა, ავდიივკას მიმართულებით შეტევის დაწყებით რუსეთი ცდილობს უკრაინულ სარდლობას ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადმოსროლა აიძულოს. თავის მხრივ, ეს ზაპორიჟიასა და ბახმუტის ირგვლივ უკრაინული დანაყოფების პოტენციურ შესუსტებას გულისხმობს. 

ავდიივკას და მის შემოგარენს უკრაინის არმია 2014 წლიდან აკონტროლებს - ამ დროისთვის დასახლება ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებულ თავდაცვით რაიონს წარმოადგენს. ქალაქ დონეცკის ამ სამრეწველო შემოგარენის აღებას რუსეთის არმია არაერთხელ ეცადა, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2017 წელსაც. 

სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ავდიივკასგან პრაქტიკულად ნანგრევებიღა დარჩა. უკრაინელი მებრძოლებს უპირატესობას აძლევს ქალაქში არსებული კოქსის მწარმოებელი კომბინატი - ეს ერთდროულად წარმოადგენს ЗСУ-ს საყრდენ პუნქტსა და ბაზას, რომლის პირდაპირი შტურმი ძალიან რთულია. 

ავდიივკის მიმართულებით მასირებული შტურმი რუსეთის არმიამ 10 ოქტომბერს დაიწყო. სხვადასხვა მონაცემებით იერიშში 4 ბრიგადა მონაწილეობდა. იერიშის საწყის ფაზაში რუსეთის დანაკარგები ფრონტის ამ მონაკვეთზე ხუთჯერ გაიზარდა. 

დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის არმიას აქვს გარკვეული წინსვლაც, მათ შორის მათ დაიკავეს ტერიკონის სახელით ცნობილი ტაქტიკურად მნიშვნელოვანი სიმაღლე. 

27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო არმიამ დაიკავა ავდიივკის სამხრეთში მდებარე ე.წ. ინდუსტრიული ზონა. 

მსგავსი სიახლეები