პირველად ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩინეთს ეწვია
ბოლო თვეებში დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია.
ბლინკენის ვიზიტი თავდაპირველად მიმდინარე წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ ვიზიტი ჩინური აეროსტატის სკანდალის გამო გადაიდო.
ენტონი ბლინკენი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირველი სახელმწიფო მდივანი და ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის წარმომედგენელია, რომელიც სახალხო რესპუბლიკას ეწვია. სავარაუდოა, რომ ენტონი ბლინკენის ვიზიტის მიზანი ბოლო თვეებში გაფუჭებული ურთიერთობების სტაბილიზაციაა.
ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს და კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს, სი ძინფინგს. გასულ დღეებში ჩინეთის ლიდერი ამერიკელი ბიზნესმენების ჯგუფს, მათ შორის ბილ გეიტსაც შეხვდა.
ბლინკენი უკვე შეხვდა თავის ჩინელ კოლეგას, ცინ განგს და ცნობილია, რომ 19 ივნისს შეხვდება განგის წინამორბედს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩინელ დიპლომატს, ვან ის.
გასულ თვეებში ჩინეთში იმყოფებოდნენ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი და ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.
გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარის მცდელობის მიუხედავად ჩინეთმა უარი თქვა თავდაცვის უწყებების შეხვედრის ორგანიზებაზე.