რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა გერმანიის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით?
უკრაინისთვის გამოყოფილი გერმანიის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჭურვებსა და დრონებს. პაკეტის საერთო ღირებულება დაახლოებით 600 მილიონი ევროა.
ამის შესახებ Spiegel თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ დახმარებით ბერლინი ცდილობს აჩვენოს, რომ გერმანია რჩება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას უდიდეს მხარდაჭერას უწევენ.
გამოცემის ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე გამშვებს და სხვა მიწა-ჰაერის იარაღს ბუნდესვერის მარაგებიდან.
გარდა ამისა, უკრაინა დამატებით Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, Leopard 1-ის ტანკებს, გამნაღმველ აღჭურვილობას, დაახლოებით 20 ათას საარტილერიო ჭურვს, ასევე რამდენიმე სადაზვერვო დრონს მიიღებს.
მთლიანი პაკეტიდან Patriot-ის გამშვები მოწყობილობა და რაკეტები უკრაინისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია.
იმავდროულად, სააგენტო dpa, თავის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პაკეტის ღირებულება კიდევ უფრო მაღალია - თითქმის 700 მილიონი ევრო.
YouGov-ის გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 38% თვლის, რომ გერმანიამ უკვე ძალიან ბევრი იარაღი მიაწოდა უკრაინას. გამოკითხულთა 32%-ის აზრით, გაწეული დახმარების ოდენობა ზუსტად იმენია, რამდენიც საჭიროა.