შოიგუმ ჩრდილოეთ კორეის არმიას მსოფლიოში უძლიერესი უწოდა
ჩრდილოეთ კორეიაში ვიზიტით მყოფმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ქვეყნის არმია "ყველაზე ძლიერია მსოფლიოში."
მის სიტყვებს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ციტირებს.
"[შოიგუმ] ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორეის სახალხო არმია, რომელიც მჭიდროდ იყო თავმოყრილი უზენაესი მთავარსარდლის გარშემო, დაუღალავად აძლიერებდა თავის ძალას, რის შედეგადაც იგი გახდა ყველაზე ძლიერი მსოფლიოში," - აცხადებს სააგენტო.
გამოცემაში განმარტავენ, რომ ასეთი შეფასება შოიგუმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში გამართულ მიღებაზე გამოსვლისას გააკეთა. მოსკოვში მინისტრის ასეთი განცხადებები არ გავრცელებულა.
რუსეთის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში 25 ივლისს, საღამოს, "სამხედრო კავშირების განმტკიცების მიზნით" ჩავიდა. ჯარისკაცები შოიგუს ფხენიანის აეროპორტში დახვდნენ.
ისინი მას წითელი ბანერის ფონზე მიესალმენ წარწერით - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ამხანაგო სერგეი შოიგუ!" - კორეულ და რუსულ ენებზე.
ვიზიტის ფარგლებში შოიგუ კიმ ჩენ ინს შეხვდა. მათ ფხენიანში იარაღის გამოფენა დაათვალიერეს. კიმმა შოიგუს ბალისტიკური რაკეტები აჩვენა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით აკრძალულია, რომელსაც ხმა რუსეთმაც მისცა.