სუნაკმა ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს დანიშნა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება.
მან აღნიშნა, ოთხშაბათს ბრიტანეთის მეფეს შეხვდა და პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. ეს არის ფორმალური პროცედურა, რომელიც აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.
"მეფემ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა," - განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა თავისი მთავრობის მიღწევები, აქცენტი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვაზე გააკეთა.
ამავე დროს, მან მთავარი ოპოზიციური ძალა, "ლეიბორისტული პარტია" და მისი ლიდერი კირ სტარმერი "გეგმის არარსებობაში" დაადანაშაულა.
"ახლა არის მომენტი, რომ ბრიტანეთმა აირჩიოს თავისი მომავალი. გადაწყვიტეთ, გვინდა თუ არა დავეყრდნოთ ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს, თუ ვრისკავთ დავუბრუნდეთ საწყის წერტილს, გეგმისა და თავდაჯერების გარეშე," - აღნიშნა სუნაკმა.
მედია ვარაუდობს, ბრიტანეთის "კონსერვატორულ პარტიას" სურს არჩევნებზე ისარგებლოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ვითარებით, რადგან შემოდგომისთვის რეიტინგის კიდევ უფრო დიდი ვარდნის შიში არსებობს.
Britain Elects-ისა და New Statesman-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო, მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა: ლეიბორისტული პარტია - 419 მანდატი; კონსერვატორები - 156; ლიბერალ-დემოკრატები - 30; შოტლანდიელი ნაციონალისტები - 21; უელსელი ნაციონალისტები - 4, სხვები - 19.