უკრაინის არმიამ გააფართოვა ნაპრალი ე.წ. სუროვიკინის ხაზში რობოტინესთან
უკრაინის არმიამ გააფართოვა ნაპრალი საოკუპაციო ძალების მიერ აგებულ დაცვის ზონაში, ე.წ. სუროვიკინის ხაზში.
ინფორმაცია ამის შესახებ OSINT ანალიტიკოსები ადგილიდან გავრცელებულ, ვერიფიცირებულ ფოტო და ვიდეო მასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ტვიტერზე პოპულარული ანგარიშის Geoconfirmed-ის ცნობით, უკრაინელი მებრძოლები ზაპორიჟიის ოლქის სოფელ ვერბოვესთან მიუახლოვდნენ, სუროვიკინის ხაზის სახელით ცნობილ, ანტი-სატანკო თხრილების ქსელს. ანგარიშის ცნობით, ამ მონაკვეთზე აქტიურად მოქმედებენ ЗСУ-ს ქვეითი დანაყოფები.
ЗСУ-ს გააქტიურებაზე წერს OSINT ანალიტიკოსი Def Mon-იც - სოფელ ვერბოვესთან აქტიურ ბრძოლები დასტურდება ვერიფიცირებული და გეოლოცირებული ვიდეოებითაც, რომელზეც რუსეთის არმიის დამწვარი საბრძოლო მანქანებია აღბეჭდილი.
ვერბოვესთან უკრაინის არმიის წინსვლას ადასტურებს უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State-იც, რომლის რუკაზეც სოფელთან ЗСУ-ს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოცულობა გასულ 24 საათში 5.7 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.
ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის ტაქტიკურად მნიშვნელოვან წარმატებაზე წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით რთულია საუბარი წარმატების მასშტაბზე, რადგანაც მონაკვეთზე ჯერ არ გამოჩენილა უკრაინული ჯავშანტექნიკა.
ISW-ის ანალიტიკოსის ჯორჯ ბაროსის თქმით, სავარაუდოა, რომ უკრაინელი მებრძოლები ფრონტის ამ მონაკვეთზე უფრო მასშტაბური გარღვევისთვის ამზადებენ პირობებს.
ЗСУ-ს მიერ ე.წ. სუროვიკინის პირველი ხაზის დაძლევის შესახებ წერს Z-ბლოგერი, იური კოტენიოკი. მისი თქმით, ЗСУ ვერბოვესა და ნოვოპოკროვკას შორის გაძრომას ცდილობს და ფრონტის ამ მონაკვეთის გარღვევის საფრთხე დგას.
ამასთანავე სხვა Z-ბლოგერები წერენ, რომ ვერბოვესთან უკრაინის არმიის შეტევები წარუმატებელი იყო.
კონტექსტი
უკრაინის არმიის ე.წ. სუროვიკინის ხაზის დაძლევის შესახებ პირველად OSINT ანალიტიკოსებმა 30 აგვისტოს დაწერეს.
სუროვიკინის ხაზები რუსეთის მიერ გასული 9 თვის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული მასშტაბური დაცვის ხაზებია, რომელიც მოიცავს დანაღმულ ველებს, ანტი-სატანკო თხრილებს, სანგრებს, საყრდენ პუნქტებს და გამაგრებულ საცეცხლე წერტილებს.
"უკრაინის არმიის მიერ რობოტინესთან მიღწეული წარმატების შემდეგ დასავლეთში ფრთხილ ოპტიმიზმით უყურებენ კონტრიერიშის პერსპექტივებს",- წერდა 31 აგვისტოს Wall Street Journal.