უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად - თეთრი სახლი მზად არის დათმობებისთვის
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის გაამკაცროს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა და გაამარტივოს არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი - სამხრეთ საზღვარზე ვითარების გამოსწორება რესპუბლიკელთა მთავარი წინაპირობაა უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდასაჭერად.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
რესპუბლიკელებთან შესაძლო დათმობების შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა 6 დეკემბრის მიმართვის დროს ღიად განაცხადა.
წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ზომა, რომელსაც ადმინისტრაცია აჯანყებული რესპუბლიკელების დასაშოშმინებლად განიხილავს თავშესაფრის მიღების მსურველთა კანდიდატების შემოწმების პროცედურის გამკაცრებაა.
გარდა ამისა, საუბარია დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოებაზე, რაც არამხოლოდ სასაზღვრო ზოლში, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმოქმედებს.
ამავე წყაროს ცნობით, საკითხს გადასაწყვეტად თეთრ სახლსა და კონგრესს სულ 1 კვირა აქვთ, რის შემდეგაც კანონმდებლები საშობაო შვებულებაში გავლენ.
კონტექსტი
6 ივლისს სენატში ფაქტობრივად ჩაიშალა უკრაინის საკითხზე მიძღვნილი დახურული ბრიფინგი - უკმაყოფილო რესპუბლიკელებმა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ მათ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ ვერანაირი წინადადება ვერ მოისმინეს.
შედეგად ჩაიშალა ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო-მიმართვაც.
კონგრესი ამ დრომდე უარს ამბობს თეთრი სახლის მიერ წარდგენილი 111 მილიარდი დოლარიას პაკეტის დამტკიცებაზე, რომელშიც უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების პაკეტი შედის. ამ თანიდან 65 მილიარდი დოლარი უკრაინისთვისაა განკუთვნილი.