უნგრეთი ისრაელში საელჩოს იერუსალიმში გადატანას გეგმავს

უნგრეთი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში მომავალ თვეში გადაიტანს. მხარეებმა ამ საკითხზე შეთანხმებას ბოლო დღეებში მიაღწიეს. ეს ინფორმაცია Times of Israel-ს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მიაწოდეს.

ამ ნაბიჯით უნგრეთი გახდება ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც საელჩოს იერუსალიმში გახსნის, რასაც ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა წყაროებმა, რომლებმაც საელჩოს გადატანა დაადასტურეს, ეს ნაბიჯი დაუკავშირეს ორბანის სურვილს დაეხმაროს ნეთანიაჰუს. 

ისრაელში ხელისუფლების მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. იერუსალიმში უნგრეთის საელჩოს გადატანა კი ნეთანიაჰუსთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გამარჯვება იქნება.

ნეთანიაჰუს დიდი ხანია მჭიდრო ურთიერთობა აქვს ორბანთან, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წლიდან არის. მათი კავშირი კიდევ უფრო მას შემდეგ გამყარდა, რაც ნეთანიაჰუ 2022 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდა.

არჩევნებში ნეთანიაჰუს მემარჯვენე-რელიგიური ბლოკის გამარჯვების შემდეგ, ორბანმა ტვიტერზე დაწერა: "რა დიდებულ გამარჯვებას მიაღწია ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში! მძიმე დრო ძლიერ ლიდერებს მოითხოვს. კეთილი იყოს შენი დაბრუნება!"

პოსტს მან დაურთო ფოტო, სადაც ნეთანიაჰუს ახალი მემუარები უჭირავს ხელში.

მსგავსი სიახლეები