ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადით სურს
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას მეორე ვადით შეეცდება.
მან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ თავის პარტიასთან, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოლიტიკური გაერთიანების პრეზიდენტის, ფრიდრიხ მერცის თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
მის კანდიდატურას ევროპის სახალხო პარტია მარტის დასაწყისში ევროპის სახალხო პარტიის ყოველწლიურ ყრილობაზე დაადასტურებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპის კავშირის აღმასრულებელი შტოს, ევროკომისიის ხელმძღვანელია. აღნიშნული თანამდებობა 1958 წელს შეიქმნა. პრეზიდენტის კანდიდატურას წარადგენს ევროპული საბჭო და ირჩევს ევროპარლამენტი 5 წლის ვადით.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დაიკავა, ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია.
მან პოსტის დაკავების შემდეგ ძირითადი პრიორიტეტის შესახებ განაცხადა, რომებზეც აქტიურად იმუშავებდა: დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა; დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება; გლობალური კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა; ციფრული ტრანსფორმაცია. მისი მთავარი დაპირების თანახმად, ევროპა 2050 წლისთვის პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი უნდა გახდეს.