ზელენსკი ბაიდენთან საუბრის შემდეგ: ATACMS-თან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეთანხმდა უკრაინისთვის ATACMS სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე.
"ოთხი ძირითადი პრიორიტეტია: ცის დაცვა, თანამედროვე არტილერია, შორი დისტანცია და ამერიკული მხარდაჭერის პაკეტების რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსვლის უზრუნველყოფა. დღევანდელი შედეგი კი ის არის, რომ უკრაინისთვის ATACMS-ის მიწოდებაზე ყველა წინაღობა გადაილახა. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო! მადლობა კონგრესს! მადლობა ამერიკას!" - წერს ზელენსკი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა 22 აპრილს ხარკოვში სატელევიზიო კოშკზე თავდასხმაზე ისაუბრა. მან პარტნიორებს უფრო მეტი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სთხოვა.
"რუსმა ტერორისტებმა კვლავ დაარტყეს ხარკოვს - სატელევიზიო კოშკს. აშკარა დაშინება, რათა ტერორი შესამჩნევი ყოფილიყო მთელ ქალაქში და შეეზღუდათ ხარკოვში კომუნიკაცია და ინფორმაციაზე წვდომა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სიგნალის აღსადგენად.
ისევე, როგორც ხარკოვი, სხვადასხვა ქალაქებსა და თემებს სჭირდებათ დაცვა - მათ სჭირდებათ Patriot-ები და ამავდროულად, აუცილებელია მაქსიმალური გავლენის მოხდენა ყველაფერზე, რასაც რუსეთი იყენებს ტერორის ბაზად და სამხედრო ლოჯისტიკაში. მე მადლობელი ვარ მსოფლიოში ყველასი, ვინც მზად არის დაგვეხმაროს ამაში და ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობების გასაზრდელად." - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის ATACMS-ის რაკეტები შეიძლება მიიღოს უკრაინამ და როდის მოხდება ეს.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის ოქტომბერში უკრაინას ATACMS-ის რაკეტების მცირე პარტია გადასცა, 160 კილომეტრის მოქმედების დიაპაზონით. ამის შემდეგ ამ რაკეტის მიწოდება არ დაფიქსირებულა.