ЗСУ-ს აღმოსავლეთის სარდლობა: ბახმუტთან დღეში 50-დან 100-მდე ოკუპანტი კვდება
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ბახმუტთან კვლავ უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს და ოკუპანტებს მასშტაბური დანაკარგები აქვთ.
ბახმუტის ირგვლივ არსებული ვითარებაზე სერგეი ჩერევატიმ ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ფრონტის თითქმის 800 კილომეტრიან ფრონტზე ბახმუტი არის ერთადერთი მონაკვეთი, სადაც ოკუპანტები აქტიურად უტევენ - "ბახმუტის ალყაში მოქცევა მათი ნომერ პირველი ამოცანაა",- ამბობს ჩერევატი.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ბახმუტმა სტრატეგიული ღირებულება სექტემბრის დასაწყისში მას შემდეგ დაკარგა, რაც უკრაინის არმიის მიერ დაწყებული იერიშის ფარგლებში ქალაქი იზიუმი გათავისუფლდა, თუმცა ამ მიმართულებით ფრონტის გარღვევა რუსებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გზას ხსნის კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ, რომლებიც დონეცკის ობლასტში უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ბოლო მსხვილი დასახლებებია.
"იქ ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ კონტროლირებადი. ხელმძღვანელობა ხედავს ბრძოლების ხასიათს, მტრის გეგმებს და გასული დღე ღამის განმავლობაში მტრებმა ჩვენი არტილერიისგან 'სასიამოვნო' საჩუქარი მიიღო",- ამბობს ჩერევატი.
ბახმუტის ირგვლივ ბრძოლები ზაფხულის დასაწყისში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის არმია იძულებული გახდა უკან დაეხია ლუჰანსკის ობლასტის ქალაქებიდან - ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი.
მიუხედავად ამისა, ქალაქთან ბრძოლების ინტენსივობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა - ბახმუტთან დამატებითი დანაყოფები გადაჰყავს როგორც უკრაინის არმიას, ასევე ოკუპანტებსაც. ამ მიმართულებით რუსების ძირითად შემტევ ძალას ვაგნერის დაქირავებული რეციდივისტები წარმოადგენენ.
ტაქტიკის ცვლილება
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პროპაგანდისტული ტელეგრამ ბლოგერები ბახმუტთან მიღწეული წარმატებების შესახებ იტყობინებოდნენ.
სავარაუდოა, რომ რუსები ბახმუტთან მიღწეულ წარმატებებს ძალიან აზვიადებდნენ. ამაზე მეტყველებს ომის კვლევის ინსტიტუტის მიმოხილვებიც - ამერიკელი სამხედრო ექსპერტების აზრით, ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე გაზვიადებულია, მით უფრო სანამ ЗСУ-ს კონტროლქვეშ რჩება გზები, რომლებიც ბახმუტს კონსტანტინოვკასა და სევერსკთან აკავშირებს.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ოკუპანტებისთვის ბახმუტის დაკავება მნიშვნელოვანია 2 ფაქტორის გამო - პირველ რიგში მათ სურთ აჩვენონ წარმატება ხარკოვსა და ხერსონში განცდილი დამამცირებელი მარცხის შემდეგ. გარდა ამისა, ბახმუტის დაკავებით ოკუპანტები შეეცდებიან ხელი შეუშალონ უკრაინული არმიის იმ ნაწილების მომარაგებას, რომლებიც ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის გათავისუფლებას შეეცდებიან.
რუსეთის შეჭრამდე ბახმუტში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, განუწყვეტელი საარტილერიო დაბომბვების შედეგად ქალაქი პრაქტიკულად განადგურებულია. მაცხოვრებლების უმეტესობა ქალაქიდან ევაკუირებულია, ბახმუტში დარჩენილებს არ მიეწოდებათ წყალი, დენი და გათბობა.
სერგეი ჩერევატის თქმით, ბახმუტთან მოქმედი ოკუპანტების დანაყოფები მუდმივად ცვლიან ტაქტიკას - ამ დროისთვის ისინი პატარა მოიერიშე რაზმებით ოპერირებენ, მათი მიზანია რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ უკრაინელი მებრძოლების სანგრებამდე.
"გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მტერს უკუვაგდებთ",- ამბობს სერგეი ჩერევატი.
ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლები
გასულ დღეებში ბახმუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 6 ქართველი მებრძოლი.
თავდაპირველად, პირველ დეკემბერს ცნობილი გახდა ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების შესახებ. მალევე გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 57-ე ბრიგადასთან ერთად მებრძოლი ქართველი მეომრების დანაყოფი ოკუპანტების ალყაში მოექცა.
მოგვიანებით დადასტურდა 5 ქართველი მებრძოლის გარდაცვალება, ბახმუტთან განვითარებული ალყის გარღვევისა დაიღუპნენ:
- ავთანდილი რურუა;
- რომეო კვარაცხელია;
- რომეო ფიჩხაია;
- მერაბ ალადაშვილი;
- ბადრი მარკელია;
დაჭრილია ქართველი მებრძოლების დანაყოფის მეთაურიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ცნობები ამ დრომდე არ არსებობს.
ქართველი მებრძოლების გარდაცვალების შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელებში სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
"ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ უკრაინასა და საქართველოს თავისუფლებისთვის და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!".