-

2024 წლის 6-9 ივნისს, ევროკავშირს წევრ ქვეყნებში ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდება. ევროკავშირის მოქალაქეები, პარლამენტს, პირდაპირი წესით მეათედ აირჩევენ. ამასთანავე, ეს იქნება პირველი არჩევნები ბრექსითის შემდეგ.  

ევროპული არჩევნები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის, ახლო აღმოსავლეთში ომისა და დაძაბულობის, ევროპის შიგნით კი ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლის ფონზე ტარდება. ამასთანავე, 2024 წელს ეროვნული არჩევნებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში - მოლდოვასა და საქართველოში. ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები, ამ სახელწიფოებში მოვლენების განვითარებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

პირველ სტატიაში, ევროპარლამენტის სტრუქტურაზე და მის არჩევის წესზე ვისაუბრებთ. 

ევროპარლამენტის ისტორია

ევროპარლამენტი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები, მისი ამჟამინდელი სახით არ შექმნილა, როდესაც ის 1952 წლის 10 სექტემბერს პირველად შეიკრიბა.

თავდაპირველად იყო ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების საერთო ასამბლეა (ECSC) - 78 დანიშნული პარლამენტარისაგან შემდგარი საკონსულტაციო ასამბლეა, რომლის წევრებიც ეროვნული პარლამენტების წევრებიც იყვნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ საკანონმდებლო უფლებამოსილება.

1958 წელს, რომის ხელშეკრულებებით ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების (ECSC), ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების (ევრატომი) და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) საერთო ევროპული საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა. პირველი სხომა 1958 წლის 19 მარტს, ქალაქ ლუქსემბურგში ჩატარდა, რომელზეც ასამბლეის პრეზიდენტად რობერტ შუმანი აირჩიეს. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ევროპარლამენტარების პოლიტიკური ჯგუფების და არა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებას.

1967 წელს, ბრიუსელში, შერწყმის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების (ECSC), ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების (ევრატომი) და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEC) აღმასრულებელი ინსტიტუტები გაერთიანდნენ.

რომის ხელშეკრულებებით ევროპარლამენტი არჩეული უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბჭოს მოეთხოვებოდა წინასწარ შეთანხმებულიყო ხმის მიცემის ერთიანი სისტემა, რაც მან ვერ შეძლო. პარლამენტი საბჭოს ევროსასამართლოში ჩივილით დაემუქრა. საბოლოოდ, კომპრომისი შედგა, რომლის მიხედვითაც საბჭო დათანხმდა არჩევნების ჩატარებას, მაგრამ თითოეული წევრი სახელმწიფო თავად შეარჩევდა საკუთარ საარჩევნო სისტემას, ვიდრე ამაზე ცენტრალიზებული შეთანხმება შედგებოდა.

1974 წლის 9-10 დეკემბერს პარიზში ჩატარებულ სამიტზე დადგინდა, რომ ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 1978 წელს ან მის შემდეგ.  

1976 წლის 20 სექტემბერს, ბრიუსელში ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით ევროპული არჩევნების ჩატარების შესახებ. ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების შემდეგ, აქტი ძალაში 1978 წლის ივლისს შევიდა, ხოლო პირველი არჩევნები 1979 წლის 7-10 ივნისს ჩატარდა.

ევროპარლამენტის უფლებამოსილებების ზრდა

1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ევროპარლამენტს კომისიის წევრების დამტკიცების უფლება მისცა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის პოლიტიკური კონტროლის გასაზრდელად.

1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებამ გააფართოვა პარლამენტის უფლებამოსილებები საკანონმდებლო აქტების მიღებისას და ის ევროპულ საბჭოსთან თანაბარ პირობებში ჩააყენა. ასევე მას გადაეცა კომისიის პრეზიდენტის დამტკიცების უფლება, რამაც უფრო მეტად გაზარდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლი.

2009 წლის 1 დეკემბერს ლისაბონის ხელშეკრულება შევიდა ძალაში, რომლითაც პარლამენტს უფლებამოსილებები ევროკავშირის მთელ ბიუჯეტზე მიენიჭა, ამასთანვე პარლამენტმა მიიღო ევროპული საბჭოს თანაბარი ძალაუფლება თითქმის ყველა სფეროში. მაგალითად, ევროკავშირის 5 წლიანი ბიუჯეტის დამტკიცება ევროპარლამენტის მთავარი უფლებამოსილებაა, რაზეც 2009 წლამდე მას მხოლოდ ნაწილობრივ შეეძლო გავლენის მოხდენა. თუკი პარლამენტს საბჭოსთან უთანხმოება აქვს და მისი დამტკიცება ვერ ხერხდება, პარლამენტს შეუძლია ერთპიროვნულად დაამტკიცოს ბიუჯეტი ⅗-ის უმრავლესობით.

ამჟამინდელი კანომდებლობით, ევროპარლამენტი იღებს კანონებს (ევროპულ საბჭოსთან ერთად), რომლებიც ინიცირებულია ევროკომისიის მიერ. მას ასევე შეუძლია, კომისიას კანონპროექტის ინიცირება მოსთხოვოს.

ევროპარლამენტის პრეროგატივაა საერთაშორისო შეთანხმებების დამტკიცება, ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერა და კომისიის სამოქმედო გეგმის განხილვა.

პარლამენტში 20 თემატური კომიტეტია: უსაფრთხოება და თავდაცვა, ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ვაჭრობა და ასე შემდეგ. 

ევროპარლამენტარებს შეუძლიათ დააინიცირონ ცვლილებები, ან კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირონ. პლენარული სესიები, რომლებშზეც ევროპარლამენტარები კენჭისყრისთვის ყოველთვიურად ოთხი დღის განმავლობაში, სტრასბურგში ტარდება.

პარლამენტი, ასევე ზედამხედველობას უწევს ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის დემოკრატიულ მუშაობას, ისმენს კომისიის ანგარიშებს, მათ შორის ბიუჯეტის შესრულების შესახხებ, რომლის დამტკიცების უფლებამოსილებაც მას აქვს.

ევროპარლმენტის პლენარული სხდომა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი

საკანონმდებლო ორგანოში დებატებსა და საქმიანობას პრეზიდენტი უძღვება, უზრუნველყოფს პროცედურების დაცვას და წარმოადგენს მას როგორც ევროკავშირში, ისე საერთაშორისო დონეზე.

მისი ხელმოწერა საჭიროა ევროკავშირის კანონებისა და ბიუჯეტის ამოქმედებისთვის, ესწრება ევროპული საბჭოს სხდომებს და წარმოადგენს ევროპარლამენტის მოსაზრებებს სხდომებზე.

პრეზიდენტი ხუთი წლით აირჩევა, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის კოალიციურობიდან გამომდინარე, ამჟამინდელი პრეზიდენტი ორწელიწადნახევრით, საპარლამენტო მოწვევის ნახევარი ვადით არის არჩეული.

პარლამენტის პრეზიდენტია რობერტა მეცოლა, მემარჯვენე ცენტრისტული “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) წევრი და ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, ხოლო 2019-22 წლებში პარლამენტის პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი, იტალიელი ევროდეპუტატი დავიდ სასოლი იყო.

რას აკეთებენ ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარების მოვალეობაა, ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ინდივიდების, ინტერესთა ჯგუფების, ბიზნესის და მათი ქვეყნების პრობლემები წარმოადგინონ. ამასთანავე, კომისიაში და ევროპულ საბჭოში, კონკრეტული საკითხების ლობირება მოახდინონ და პარლამენტში ინიცირებულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან. 

საკანონმდებლო განხილვები შეიძლება ეხებოდეს შრომის უფლებებს, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას, მობილური ტელეფონების როუმინგის ფასს, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, სოფლის მეურნეობას და ასე შემდეგ.

ევროპარლამენტის წევრების ხელფასი 10 ათას ევროს შეადგენს, თუმცა ისინი იხდიან ევროკავშირის გადასახადებსა და სადაზღვევო შენატანებს, რის შემდეგაც მათი ანაზღაურება 7853-მდე მცირდება. ბლოკის ქვეყნების უმეტესობა, მათ ავალდებულებს დამატებით ეროვნული გადასახადიც გადაიხადონ.

თუმცა, მათ სხვადასხვაგვარი შეღავათებიც აქვთ, როგორიცაა, ზოგადი ხარჯების ანაზღაურება, მგზავრობის ხარჯები, დღიური კომპენსაცია, პერსონალის დაქირავება, ავტომობილით უფასო სარგებლობა, პენსია და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება.

2024 წლის არჩევნების ჩატარების წესი

2024 წლის 6-9 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები 720 დეპუტატს პირდაპირი წესით აირჩევენ. კონტინენტის პარლამენტის წევრების რაოდენობა ახალ მოწვევაში 15 წევრით იზრდება და ამ ზრდაში ქვეყნების დემოგრაფიული ტრენდები არის ასახული.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც მოქალაქეები პირდაპირი წესით ირჩევენ. ის სიდიდით, მეორე დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანოა, ინდოეთის პარლამენტის შემდეგ.

ევროკავშირის აღმასრულებელი შტო კი არაპირდაპირ ირჩევა: ევროკომისიას ევროპარლამენტი ამტკიცებს, ევროპული საბჭოს შემადგენლობა კი წევრი ქვეყნების მთავრობის მინისტრებით კომპლექტდება.

ეს სამი ინსტიტუტი სინქრონულად მართავს ევროკავშირს და მათი ფუნქციაა სხვადასხვა სფეროში კანონების მიღება, როგორიცაა ციფრული რეგულაცია, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, მიგრაციის და თავშესაფრის რეგულირება, ერთიანი ბაზრის რეგულირება და ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცება.

არჩევნების ჩატარების თარიღი

2024 წლის არჩევნებზე, ხმის მიცემა 6 ივნისს, ნიდერლანდებში დაიწყება, 7 ივნისს - ირლანდიაში, 8 ივნისს - ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში, ხოლო დარჩენილი ქვეყნებში ხმას 9 ივნისს - “დიდი კვირის”განმავლობაში მისცემენ.

ჩეხეთი და იტალია კენჭისყრას რამდენიმე დღით დაუშვებენ: ჩეხეთი - პარასკევი და შაბათი, იტალია კი - შაბათი და კვირა.

ხმის მიცემის მინიმალური ასაკი

ევროპარლამენტის არჩევნებზე ამომრჩევლის მინიმალურ ასაკს ქვეყნები თავად განსაზღვრავენ.

სახელმწიფოების უმრავლესობაში, მინიმალური ასაკობრივი ცენზი 18 წელია. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ ასაკობრივი ზღვარი ბოლო წლებში დაწია. საბერძნეთში 17 წლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ ხმის მიცემა, გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიასა და მალტაში კი ასაკობრვი ზღვარი 16 წლით განისაზღვრა.

ამის საპირისპიროდ, კანდიდატების მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე (საბერძნეთსა და იტალიაში) მერყეობს.

ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ევროპარლამენტში სხვა ქვეყნიდან იყაროს კენჭი, თუ ამ სახელმწიფოს მუდმივი რეზიდენტია.

რომელ ქვეყნებშია ხმის მიცემა სავალდებულო?

ხმის მიცემა სავალდებულო ევროკავშირის ოთხ სახელმწიფოშია: ბელგია, ბულგარეთი, ლუქსემბრუგი და საბერძნეთი. თუმცა, ამ მუხლის მკაცრად აღსრულება არ ხდება და ზოგიერთ მათგანში, ეს საკანონმდებლო ჩანაწერი,  მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

მაგალითად, ბელგიაში, ხმის მიცემა, სავალდებულო 1894 წლიდანაა რაც იმას გულისხმობს, რომ უკლებლივ ყველა მოქალაქე ან ბელგიაში რეგისტრირებული პერსონა, რომელიც 18 წელზე უფროსია, ვალდებულია, რომ არჩევნებზე  აუცილებლად წავიდეს.

2003 წლამდე, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა 40-80 ევროს ჯარიმით ისჯებოდა, ხოლო ზედიზედ 4 არჩევნებზე სახლში დარჩენის შემთხვევაში, მოქალაქე ხმის მიცემის უფლებას 10 წლით კარგავდა. თუმცა, 2003 წლიდან ბელგიაში ამ მუხლის აღსრულება აღარ ხდება.

საბერძნეთში, ადრე, ამაზე სერიოზული სანქციები არსებობდა, როგორიცაა პასპორტისა და მართვის მოწმობისა ჩამორთმევა, თუმცა ეს სანქციები 2000 წელს გაუქმდა.

2019 წელს საბერძნეთში არჩევნებზე ამომრჩეველთა 58.69% მივიდა, ბულგარეთში კი - მხოლოდ 32.64%.

საარჩევნო სისტემა

ევროპარლამენტის არჩევნებზე,  საარჩევნო სისტემას თავად ქვეყნები განსაზღვრავენ, ამიტომ წევრ სახელმწიფოებში სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება. 

საერთო პრინციპია, რომ არჩევნები ტარდება პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით, პროპორციული წარმომადგენლობით ან ერთიანი გადასაცემი ხმის გამოყენებით.

ეროვნული საარჩევნო ბარიერი არ შეიძლება აღემატებოდეს 5%-ს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, 2020 წლის იანვარში, ბრიტანეთის 27 მანდატი სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა, დანარჩენი 46 ადგილი კი გაუქმდა, რამაც წევრთა საერთო რაოდენობა 751-დან 705-მდე შეამცირა.

2023 წლის თებერვალში, ევროპარლამენტმა ანგარიში მოამზადა, რომლის საფუძველზეც, ევროპის მოსახლეობის ცვლილებების რეპრეზენტაციისთვის და უკეთესი პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, ევროპულმა საბჭომ წევრების რაოდენობა 705-დან 720-მდე გაზარდა.

2024 წლიდან ევროპარლამენტარების რაოდენობა 705-დან 720-მდე იზრდება 

აქტივობა

ევროპარლამენტის არჩევნები, ისტორიულად, მაღალი აქტივობით არ გამოირჩიევა. 2019 წლის არჩევნებზე, ხმა ევროკავშირის მოქალაქეების 50.6%-მა მისცა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. 1994 წლის შემდეგ პირველად, ევროპის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი მოვიდა.

2024 წლის არჩევნებისთვის არსებობს მოლოდინი, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მოვა, რაც 370 მილიონი ადამიანიდან 185-ის მოსვლას მაინც გულისხმობს.

ბრიუსელსა და სხვადასხვა დედაქალაქებში სურთ, რომ არჩევნებზე, ახალგაზრდებმა განსაკუთრებით იაქტიურონ, სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის ლიდერებმა, ტეილორ სვიფტს და სხვა ცნობილ ადამიანებს სთხოვეს, რომ მათ ახალგაზრდებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდონ.

2024 წლის 17 აპრილს Eurobarometer-მა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 26 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მოქალაქეების ორ მესამედზე მეტი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, "სავარაუდოდ" მიიღებს.

საერთო ჯამში, რესპონდენტთა 71% აცხადებს, რომ ისინი "სავარაუდოდ" მისცემენ ხმას. 2019 წლის არჩევნებამდე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, ეს 10 პუნქტიანი ზრდაა.

გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ "სავარაუდოდ" არ მიიღებს მინაწილეობას, ხოლო 13% ნეიტრალურია.

კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი აქტივობა დანიაში (87%), ნიდერლანდებში (86%), შვედეთში (81%), ფინეთსა (79%) და გერმანიაში (78%) იქნება.

ზოგიერთ ქვეყანაში, 2019 წელთან შედარებით, აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი: ჩეხეთი (39%-დან 58%-მდე), რუმინეთი (55%-დან 74%-მდე), ავსტრია და პოლონეთი (52%-დან 70%-მდე ორივეში), კვიპროსი (44%-დან 60%-მდე) და სლოვაკეთი (47%-დან 62%-მდე).

როდის იქნება ცნობილი არჩევნების შედეგები

არჩევნების შედეგები 9 ივნისის საღამომდე არ გახდება ცნობილი. ეს ხელს უშლის ქვეყნებს, რომლებიც ხმას ადრე აძლევენ, გავლენა მოახდინონ იმ ქვეყნების შედეგებეზე, სადაც არჩევნები მოგვიანებით ტარდება.

ევროპარლამენტი ნაწილობრივ შედეგებს ცენტრალური ევროპის დროით 18:15 საათზე გამოაქვეყნებს, ხოლო პირველი ეგზიტპოლები 20:15 საათზე იქნება ხელმისაწვდომი.

ცენტრალური ევროპის დროით 23:00 საათისთვის, როდესაც საარჩევნო უბნები ყველგან დაიხურება, უკვე ყოვლისმომცველი ეგზიტპოლები გამოქვეყნდება, რომელიც სრული სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს.

რა ხდება არჩევნების შემდეგ

ევროპარლამენტის არჩევნების დარულების შემდეგ, სხვადსახვა ქვეყნიდან არჩეული დეპუტატები, პოლიტიკურ ჯგუფებში ნაწილდებიან (რაზეც დეტალურად, შემდგომ სტატიაში ვისაუბრებთ). ჯგუფის შესაქმნელად, საჭირო მინიმალური ზღვარი 23 კანონმდებელია, მინიმუმ 7 ქვეყნიდან. პოლიტიკურ ჯგუფებს გარეთ მყოფ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ნაკლები დრო ეძლევათ სესიებზე და საკომიტეტო მოსმენებისას.

ამ მოწვევის პარლამენტში შვიდი ჯგუფია: ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალისტები და დემოკრატები (S&D), განახლებული ევროპა (Renew), მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), იდენტობა და დემოკრატია (ID) და მემარცხენეები. 

მე-10 მოწვევის ევროპარლამენტი პირველ პლენარულ სხდომას 16 ივლისს გამართავს. ამ დღეს, 720 ევროპარლამენტარი, პარლამენტის პრეზიდენტს და 14 ვიცე-პრეზიდენტს აირჩევს.

პირველი საპარლამენტო სესია 19 ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, ახლადარჩეული დეპუტატები კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში გადანაწილდებიან. მაგრამ კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხი მოგვიანებით, სხდომის შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგადად გადაწყდება.

Spitzenkandidat

2014 წელს, ევროკავშირმა არჩევნების წინ მოქალაქეებს სიახლე შესთავაზა. საპარლამენტო არჩევნებამდე, ყველა ევროპული პარტია ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებს, რასაც გერმანულად Spitzenkandidat-ს უწოდებენ. ეს ბლოკის შიგნით ყველაზე გავლიენიანი და ძლიერი თანამდებობაა.

ეს სისტემა 2014 წელს დაინერგა, როდესაც ბლოკმა პირველი არჩევნები ჩაატარა ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. იმ დროისთვის ახალ ხელშეკრულებით “ევროპარლამენტის არჩევნების გათვალისწინებით და შესაბამისი კონსულტაციების გამართვის შემდეგ”, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა აირჩიონ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც შემდეგ, ევროპარლამენტარებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.

ამ დებულებიდან გამომდინარე, კანონმდებლებმა შექმნეს Spitzenkandidaten-ის (Spitze ნიშნავს მწვერვალს, ხოლო Kandidat - კანდიდატს) სისტემა, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა წარადგინოს კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი.  

ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირს სურდა არჩევნების პროცესი უფრო დემოკრატიული, ხოლო არაპირდაპირ არჩეული ევროკომისია ამომრჩევლისადმი უფრო ანგარიშვალდებული გაეხადა.

2014 წელს “ევროპის სახალხო პარტიამ” 221 მანდატი მოიპოვა და ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ჟან-კლოდ იუნკერი თანამდებობაზე დამტკიცდა. 

თუმცა, 2019 წელს მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. წინასაარჩევნო კამპანიისას “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ წარდგენილი კანდიდატი გერმანელი ევროდეპუტატი მანფრედ ვებერი იყო. ხოლო მეორე ყველაზე დიდი გაერთიანების, “სოციალისტებისა და დემოკრატების” კანდიდატი კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი. 

“ევროპის სახალხო პარტიამ” არჩევნებზე ისევ პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ვებერმა სხვა საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. მეტიც, მოლაპრაკებების პროცესში ჩანდა, რომ ტიმერმანსი მასზე წარმატებით აწარმოებდა მოლაპრაკებებს შესაძლო კოალიციურ პარტნიორებთან და ანგელა მერკელიც კი მისი კანდიდატურისკენ იხრებოდა, თუმცა, ამას EPP-ის შიგნით დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

საბოლოოდ, მხარეები კომპრომისულ კანდიდატზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზე შეთანხმდნენ. ევროპელმა სოციალისტებმა კომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მიიღეს (ამ პოსტზე ფრანს ტიმერმანსი დაინიშნა), ლიბერალებმა კი ფონ დერ ლაიენის მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელი წარადგინეს.

სწორედ 2019 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი მიიჩნევს, რომ კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების პოზიციები. 

მიმდინარე წელს, ევროკომისიის პრეზიდენტის დასამტკიცებლად პლენარული სესია 16-დან 19 სექტემბრამდე ჩატარდება. ამ პერიოდში, კანდიდატმა უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა და 720 წევრიდან, სულ მცირე, 361-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ სესიაზე კომისიის პრეზიდენტს აირჩევენ, პარლამენტი კომისიის კანდიდატების მოსმენას შესაბამისისი პორტფოლიოების მიხედვით დაიწყებს. 

მას შემდეგ, რაც ყველა კანდიდატი გაივლის ხანგრძლივ მოსმენებს, პარლამენტი კომისიას ხუთწლიანი მანდატით დაამტკიცებს.  

საზოგადოებრივი აზრის კვლევები

ევროპარლამენტის არჩევნებზე წელს დიდ მოულოდნელობებს არ ელიან. პირველ ადგილზე ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია გავა.

2024 წლის 16 აპრილს, EURACTIV-ის მიერ გამოქვეყნებული საერთო ევროპული კვლევის თანახმად, არჩევნებზე მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება: ევროპის სახალხო პარტია (EPP) - 184, სოციალისტები და დემოკრატები (S&D) - 139, განახლებული ევროპა (Renew) - 84, იდენტობა და დემოკრატია (ID) - 84, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) - 82, მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი - 52 და მემარცხენეები - 40. 

EPP-ის წარმატებას ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოებში მისი პოპულარობის ზრდა განაპირობებს. ევროპის სახალხო პარტიის წევრი პარტიები პირველ ადგილს, სავარაუდოდ, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში და საბერძნეთში დაიკავებენ. 

S&D-ის წევრი პარტიები კი, სავარაუდოდ, პირველ ადგილზე შვედეთში, დანიაში, პორტუგალიაში და რუმინეთში გავლენ. ასევე ისინი დიდი რაოდენობით მანდატებს მოიპოვებენ ესპანეთსა და იტალიაში მეორე ადგილის დაკავებით და გერმანიაში მესამე ან მეორე ადგილით.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპის მასშტაბით ულტრამემარჯვენე განწყობების ზრდაა. ამ ტიპის პარტიებს ევროპარლამენტში ორი პოლიტიკური ჯგუფი - იდენტობა და დემოკრატია (ID) და ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) წარმოადგებენ.

ევროსკეპტიკური იდენტობა და დემოკრატიის (ID) მანდატების მნიშვნელოვანი წყარო საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტია “ეროვნული გაერთიანებაა”, რომელიც კვლევებით, სტაბილურად პირველ ადგილზეა. ამავე გაერთიანების წევრია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD), რომელსაც წელს, რეკორდულად კარგ შედეგს - 17%-ს უწინაწარმეტყველებენ.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) წამყვანი ძალა პოლონეთის ყოფილი მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა” (კვლევებით - 29%) და იტალიის პრემიერის, ჯორჯა მელონის პოლიტიკური ძალა “იტალიის ძმებია” (კვლევებით - 26%).

მწვანეები/ევროპის თავისუფალმა ალიანსმა 2019 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 74 მანდატით მეოთხე ადგილზე გავიდა. წელს საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მწვანეების მხარდაჭერის შემცირებაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, ამის მიზეზი გერმანიის მმართველ კოალიციაში მყოფი მწვანეთა პარტიის მხარდაჭერის შემცირებაა.

 

ევროპის პოლიტიკური ოჯახების ისტორიაზე, იდეოლოგიაზე და 2024 წლის არჩევნებისთვის მათ მანიფესტზე უფრო დეტალურად ჩვენს შემდგომ სტატიებსა და პოდკასტის ეპიზოდებში ვისაუბრებთ. 

 

მსგავსი სიახლეები