მერსიე: მარტა კოსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს უკავშირდება

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ძირითადად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს უკავშირდება.
ვითარების არსი: ამის შესახებ გიომ მერსიემ, რეალპოლიტიკას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას ისაუბრა — ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ არ ეწვია ევროკომისარი კოსი საქართველოს და სწორია თუ არა ინტერპრეტაცია, რომ ეს უარყოფითი გზავნილია საქართველოს მთავრობის მიმართ.
- გიომ მერსიეს თქმით, მარტა კოსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უმთავრესად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს უკავშირდებოდა.
- „სამშვიდობო პროცესი ევროკავშირისთვის ხსნის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს,“ — განაცხადა მერსიემ და ამ კონტექსტში ევროკომისიის მიერ გასულ თვეებში წარდგენილი შავი ზღვის განახლებული სტრატეგიის დოკუმენტი ახსენა.
ჩაშლილად: წარმომადგენელმა ევროკომისარის ვიზიტს სომხეთში „ძალიან პოზიტიური“ უწოდა და აღნიშნა, რომ სომხეთთან ბლოკის თანამშრომლობა ღრმავდება, მათ შორის პოლიტიკური და სოციალური რეფორმების თემებზეც.
- მისი თქმით, ევროკავშირი გააძლიერებს სომხეთის დემოკრატიის მედეგობას და შესაძლებლობებს 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
- მერსიემ ისაუბრა სომხეთისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობაზეც და განმარტა, რომ ამ საკითხის ირგვლივ აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს.
- „შეჯამების სახით რომ ვთქვა, ევროკომისარის ვიზიტმა მკაფიოდ აჩვენა ჩვენი თანამშრომლობისა და ამბიციის დონე სომხეთთან დაახლოების კუთხით,“ — ამბობს მერსიე.
კონტექსტი: მარტა კოსი გასულ კვირას ჯერ აზერბაიჯანს, ხოლო შემდეგ სომხეთს ეწვია. ევროკომისარი საქართველოში არ ჩამოსულა.
- კოსი ბაქოში საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან დიალოგი ორმხრივი ინტერესებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მიმდინარეობს.
- ერევანში ჩასულმა კოსმა, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა.“
- ამავე ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარმა მდგრადობისა და ზრდის პროგრამის ფარგლებში სომხეთისთვის განკუთვნილი გრანტის მეორე ნაწილის (€202 მილიონი) გადაცემის შესახებ გამოაცხადა.