-

"გაფუჭებულ გემზე ვირთხა აძვრა" - ასე გამოეხმაურა სატირული გამოცემა NewsThump დავიდ კამერონის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას.

დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, მინისტრთა კაბინეტი გადაახალისა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრევერმანი, რომელიც თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელისთვის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან უკვე მეორედ გაუშვეს.

ამჯერად მან პრესაში გამოაქვეყნა წერილი, სადაც პოლიციას პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრანტებისადმი ზედმეტად რბილად მოპყრობის გამო შესჩიოდა.

სუელა ბრევერმანი თანამდებობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ჩაანაცვლა.

ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ამ უკანასკნელის ჩამნაცვლებლის ვინაობა აღმოჩნდა - ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მეტი არც ნაკლები, ყოფილი პრემიერი, დევიდ კამერონი იქნება.

გასვლა

დევიდ კამერონმა საპარლამენტო მანდატზე უარი 2016 წელს თქვა. ბრიტანული კანონმდებლობით, მინისტრის თანამდებობის დაკავება მხოლოდ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ. საამისოდ დევიდ კამერონს ლორდადაც აკურთხებენ და ის ლორდთა პალატიდან გახდება პარლამენტარი.

დევიდ კამერონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის 13 ივლისს დატოვა.

ამის მიზეზი ის იყო, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში "დარჩენის" მხარე დამარცხდა.

რეფერენდუმი დევიდ კამერონის პოლიტიკური ინიციატივა იყო. მან გადაწყვიტა,"დარჩენის" კამპანიას სათავეში თავად ჩასდგომოდა და საკუთარი პოლიტიკური კარიერა სასწორზე დადო.

საბოლოოდ, რეფერენდუმზე მისული ბრიტანელების 52%-მა ხმა გასვლას მისცა, დევიდ კამერონმა კი თანამდებობა დატოვა.

2016 წლის სექტემბერში მან უარი თქვა საპარლამენტო მანდატზეც და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

სიყვარულით დ.კ.

როგორც კი ორწლიანი ვადა ამოიწურა, როცა ბრიტანეთში მინისტრებს ლობისტობის უფლება არ აქვთ, კამერონმა ლობისტად დაიწყო მუშაობა.

მის მომსახურებაზე მოთხოვნა მცირე არ ყოფილა, მაგრამ კომპანია, რომლისთვის მუშაობამაც პრობლემები შეუქმნა, გრინსილ კაპიტალი იყო.

კორონავირუსის პანდემიისას, დევიდ კამერონი გრინსილს აქტიურად ლობირებდა. იმისათვის, რათა კომპანიას კორონავირუსის სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო სქემაზე წვდომა ჰქონოდა, კამერონმა მოკლეტექსტური შეტყობინებები არაერთ მინისტრსა და საჯარო მოხელეს გაუგზავნა.

"სიყვარულით, დ.კ." - ასე აწერდა ხელს მესიჯებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ერთი წლის შემდეგ გრინსილი გაკოტრდა. კამერონის ლობირება უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა კომპანიამ სახელმწიფოს მაინც აზარალა 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.

HS2

კამერონის დაბრუნებას უხერხულობას მატებს აზრთა სხვადასხვაობა ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებს შორის ინგლისის ჩქაროსნული რკინიგზის პროექტზე.

2013 წელს დევიდ კამერონმა ჩქაროსნული რკინიგზის მრავალმილიარდიანი პროექტი წარადგინა, რომელსაც ლონდონი მანჩესტერთან უნდა დაეკავშირებინა.

სულ რაღაც ერთი თვის წინ კი რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ პროექტის დიდი ნაწილი საერთოდ აღარ აშენდება. დასრულდება მხოლოდ ლონდონი-ბირმინგემის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია.

დევიდ კამერონი თავისი მმართველობის უმნიშვნელოვანესი პროექტის დიდ ნაწილზე უარის თქმას საჯაროდაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "წლების შემდეგ ბევრი უკან მოიხედავს და გაიკვირვებს, როგორ გავუშვით ხელიდან ეს შესაძლებლობა".

დღეს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ტონი შერბილებული აღმოჩნდა:

"შეიძლება მას ზოგიერთ ცალკეულ გადაწყვეტილებაში არ დავთანხმებოდი, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი ძლიერი და უნარიანი პრემიერ-მინისტრია" - ვკითხულობთ კამერონის განცხადებაში.

პირველი და უკანასკნელი?

დევიდ კამერონის მთავრობაში დაბრუნებით ერთგვარი წრე შეიკრა. 2010 წელს, ოპოზიციაში გატარებული 13 წლის შემდეგ, კონსერვატიული პარტია სწორედ მისი ლიდერობით დაბრუნდა ხელისუფლებაში - მათ სამთავრობო კოალიცია ლიბერალ-დემოკრატებთან შეკრეს.

პროგნოზების საპირისპიროდ, კონსერვატორებმა 2015 წლის არჩევნებშიც გაიმარჯვეს, თანაც უფრო დიდი უპირატესობით და კოალიციური პარტნიორიც აღარ დასჭირვებიათ.

თუმცა მას შემდეგ, რაც კამერონი გადადგა, პარტიას უკვე მეოთხე ლიდერი ჰყავს, ბრიტანეთს კი, შესაბამისად, მეოთხე პრემიერ-მინისტრი.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში გაისად გაიმართება. დიდი ალბათობით, კონსერვატორებს 14 წლიანი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში დაბრუნება მოუწევთ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლეიბორისტული პარტია მათ 20-25%-ით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები