რა თქვეს დასავლეთის ლიდერებმა თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას

თეთრ სახლში დასრულდა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა და დაიწყო გაფართოებული მოლაპარაკება ევროპელი ლიდერების მონაწილეობით.
State Of Play: მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა „წარმატებულად“ შეაფასა და გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია.
- ამერიკელ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას "ძალიან კონსტრუქციული" უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს.
- "იმედი მაქვს, რომ ვიპოვით გამოსავალს ყველა პრობლემურ საკითხზე, მათ შორის ტერიტორიებზეც" - განაცხდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Zoom In: მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაფართოებულ ფორმატში განხილვის მთავარი თემა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება, თუმცა განსახილველ თემებს შორის იქნება ტერიტორიული საკითხიც.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ძირითადი როლი ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ.
- დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღევანდელი შეხვედრის წარმატების შემთხვევაში ის შეეცდება ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი სამიტის ორგანიზებას - მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრის დასრულებისთანავე დაურეკავს.
Big Picture: მისასალმებელი გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა სიტყვა ევროპელ ლიდერებს გადასცა.
რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა?
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე: დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა მარკ რუტემ აიღო. ნატოს გენერალურმა მდივანმა დონალდ ტრამპის შეცვლილ პოზიციას უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობაზე „ნამდვილი გარღვევა“ უწოდა.
- მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამერიკელ პრეზიდენტს პროცესის ჩიხიდან გამოვყვანისთვის.
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი: თავისი გამოსვლა გერმანელმა კანცლერმა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ ამისთვის ბოლო გონივრული ვადა ვლადიმირ პუტინთან მომდევნო შეხვედრაა.
- "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ წნეხი რუსეთზე, რადგან ჩვენი დღევანდელი ძალისხმევის შედეგებზე დამოკიდებული იქნება, როგორც მინიმუმ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
- მერცმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, რადგანაც, მისი ძალისხმევის ფონზე გასული 3.5 წლის განმავლობაში პირველად გამოავლინმა რუსეთმა სერიოზული მოლაპარაკებების მზაობა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობას გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში ფრანგმა ლიდერმაც. გარდა ამისა, მაკრონი გამოვიდა პუტინთან სამმხრივ შეხვედრაში ევროპის მონაწილეობის ინიციატივით.
- "ვფიქრობ, შემდეგომში ჩვენ დაგვჭირდება ოთხმრივი შეხვედრის ორგანიზება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ვსაუბრობთ ევროპული კონტინენტის უსაფრთხოებაზეც" - განაცხადა მაკრონმა.
ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი: თავის მისასალმებელ სიტყვა ფინეთის ლიდერმა ხუმრობით გახსნა და თქვა, რომ შესაძლოა ბევრს აწუხებდეს კითხვა - თუ რა საქმე აქვს პატარა ფინეთის პრეზიდენტს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე?
- მისი თქმით, ამის მიზეზია ფინეთისა და რუსეთის გრძელი საზღვარი, და მძიმე მოვლენებით სავსე ისტორია.
- სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში დასავლეთს უფრო დიდი პროგრესი აქვს მიღწეული, ვიდრე გასული 3.5 წლის განმავლობაში, და ეს დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგია.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთის ლიდერმა თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრას პოტენციურად ისტორიული უწოდა და ხაზი გაუსვა ე.წ. მსურველთა კოალიციის როლს.
- „ჩვენ დღეს შესაძლოა შევთანხმდეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები - ეს ევროპის უსაფრთხოებასაც ეხება'.
- ბრიტანელი პრემიერის თქმით, ტრამპის მზაობა მიიღოს მონაწილეობა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებში სრულ თანხმობაში მსურველთა კოალიციის გეგმებთან.