Axios: ტრამპი ირანთან მასშტაბური ომის გადაწყვეტილებას უახლოვდება

დონალდ ტრამპი ირანთან მასშტაბური და განგრძობადი სამხედრო დაპირისპირების გადაწყვეტილებას უახლოვდება, რომელიც არ იქნება ვენესუელას წინააღმდეგ ჩატარებული წერტილოვანი სამხედრო რეიდის მსგავსი ოპერაცია.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თეთრ სახლში მიმდინარე დისკუსიებში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, ამჯერად ამერიკის სამხედრო ჩართულობა გაცილებით უფრო მასშტაბური და განგრძობადი იქნება, ვიდრე გასული წლის ივნისში განხორციელებული წერტილოვანი დარტყმების დროს. 

  • წყაროების ცნობით, კვლავ საუბარია ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივ ოპერაციაზე, თუმცა "ბევრად უფრო დიდი მასშტაბით და გაცილებით უფრო დიდი ეგზისტენციალური საფრთხით ირანის რეჟიმისთვის." 

ჩაშლილად: მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ირანის ირგვლივ ამერიკის სამხედრო შესაძლებლობების კონცენტრაციის ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოლოდინები იმას დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს ამერიკა იმ შემთხვევაში თუ ირანი უარს იტყვის შეთანხმებაზე. 

  • "და შეთანხმება ნაკლებად სავარაუდოა"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

დაეწიე ამბავს: 17 თებერვალს ჟენევაში ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც მხარემ პოზიტიურად შეფასეს, თუმცა ხაზი გაუსვეს კვლავ არსებულ სხვაობებს. 

  • გუშინვე Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ შეხვედრამ გარკვეულ ასპექტებში პოზიტიურად ჩაიარა, თუმცა ირანელები კვლავ უარს ამბობენ დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული პრინციპული საკითხების გათვალისწინებაზე. 

  • ვენსის თქმით, ტრამპს შეთანხმება სურს, თუმცა პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში "პრეზიდენტი შესაძლოა მივიდეს დასკვნამდე, რომ დიპლომატია ჩიხში შევიდა." 

წინარეისტორია: პარალელურად ირანის ირგვლივ ამერიკის სამხედრო კონცენტრაცია ყოველდღიურად იზრდება. 

  • მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში ამერიკამ რეგიონში სხვადასხვა ტიპის 50 სამხედრო თვითმფრინავი გადაისროლა. 

  • გასული კვირების განმავლობაში ირანის ირგლივ მდებარე სამხედრო ობიექტებზე სხვადასხვა შეიარაღებით დატვირთული 150-ზე მეტი სატვირთო თვითმრინავი დაჯდა. 

სტრიქონებს შორის: სტატიის ავტორების შეფასებით, ირანის ირგვლივ გადასროლილი სამხედრო შესაძლებლობების ფონზე ტრამპისთვის პოლიტიკურად რთული იქნება ირანისგან პრინციპული დათმობების გარეშე წავიდეს დეესკალაციაზე. 

  • "ეს არ არის ტრამპის და მისი მრჩევლების ხასიათში, რომ ამ მასშტაბის კონცენტრაცია უბრალო ბლეფი აღმოჩნდეს"- ნათქვამია მასალაში. 

  • "როცა ტრამპზეა საუბარი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამწამს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ის მზად არის გამოკრას ხელი ჩახმახს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

დიდი სურათი: გამოცემის ებრაული წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუს მთავრობა, რომელიც მაქსიმალისტურ სცენარს ადვოკატირებს, როგორც ბირთვული, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურებას და რეჟიმის ცვლილებას, საომარი მოქმედებების დაწყებას უკვე რამდენიმე დღეში ვარაუდობს. 

  • ამერიკელი პოლიტიკოსების შეფასებით, შტატებს შესაძლოა სრული მზადყოფნის კიდევ 1-2 კვირა დასჭირდეს. 

  • "ბოსს ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი. ზოგი ადამიანი მის ირგვლივ ირანთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მაგრამ მე ვფიქრობ მომდევნო კვირებში კინეტიკური ქმედების შანსი 90%-ია"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

კონტექსტი: ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პრინციპულ საკითხებზე ირანის პასუხს 2 კვირის განმავლობაში დაელოდებიან. 

  • გასული წლის ზაფხულში ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებამდე თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ ტრამპი გადაწყვეტილებას 2 კვირის ვადაში მიიღებდა, აქედან მესამე დღეს ამერიკის სტრატეგიულმა ავიაციამ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ობიექტები დაბომბა. 

მსგავსი სიახლეები