ტრამპი მზად არის ირანთან ომი სრუტის გახსნის გარეშეც დაასრულოს - WSJ

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ტრამპი მზად არის დაასრულოს სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰორმუზის სრუტე მეტწილად ჩაკეტილი დარჩება.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა WSJ ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოცემის თანახმად, ბოლო დღეებში ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა დაასკვნეს, რომ სრუტის ცოცხალი ძალის გამოყენებით გახსნის მისია კონფლიქტს მის მიერ დადგენილ 4-6-კვირიან ვადას გადააცილებდა.

  • თუმცა, სრუტის არსებულ ვითარებაში დატოვება, სავარაუდოდ, გააძლიერებს თეირანის კონტროლს წყალგამყოფზე და სრუტის გახსნის რთულ ოპერაციას მომავლისთვის გადადებს.

დეტალურად: მასალის თანახმად, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამერიკამ უნდა მიაღწიოს მთავარ მიზნებს - ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და რაკეტების მარაგების განადგურებას - და შემდეგ შეამციროს საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა, პარალელურად კი თეირანზე დიპლომატიური ზეწოლა გააგრძელოს ვაჭრობის აღსადგენად.

  • თუ ეს ვერ მოხერხდება, ვაშინგტონი ევროპელ და ყურის ქვეყნების მოკავშირეებს მოუწოდებს, თავად აიღონ ინიციატივა სრუტის გახსნაზე.
  • აშშ-ის ომის მიზნებზე კომენტარი სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც გააკეთა: ირანის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ფლოტის განადგურება; სარაკეტო გამშვები შესაძლებლობების მკვეთრი შემცირება; დრონებისა და რაკეტების მწარმოებელი ქარხნების განადგურება; ბირთვული იარაღის პროგრამის სრული განადგურება.
  • სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო მიზნები რამდენიმე კვირაში მიიღწევა, რის შემდეგაც ჰორმუზის საკითხი ან ირანის გადასაწყვეტი იქნება, ან საერთაშორისო კოალიციისა.
  • თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა კი ხაზი გაუსვა, რომ აშშ მუშაობს სრუტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, თუმცა ეს არ შედის მის მთავარ სამხედრო ამოცანებში.

წინააღმდეგობრივი განცხადებები: ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტრამპი სრუტესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

  • ის ხან სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვით იმუქრებოდა, ხან კი აცხადებდა, რომ სრუტის ჩაკეტვა სხვა ქვეყნების პრობლემაა და აშშ-ის ენერგეტიკულ საჭიროებებზე დიდ გავლენას არ ახდენს.

ეკონომიკური საფრთხეები: ანალიტიკოსები და ექსპერტები ამ მიდგომას „წარმოუდგენლად უპასუხისმგებლოს“ უწოდებენ. სრუტის ჩაკეტვა უკვე აზარალებს გლობალურ ეკონომიკას:

  • ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა და შესაძლოა $200-მდე ავიდეს;

  • შეფერხებულია სასუქების, ჰელიუმისა და მიკროჩიპებისთვის საჭირო მასალების მიწოდება;

  • 2024 წლის მონაცემებით, სრუტეში გამავალი ნავთობის 84% და თხევადი აირის 83% აზიის ბაზრებზე იყო გათვლილი, თუმცა ენერგობაზრების გლობალურობის გამო, აშშ ეკონომიკური ზიანისგან დაზღვეული არ არის.

სამხედრო მზადება და დიპლომატია: მიუხედავად ომის სწრაფად დასრულების სურვილისა, ტრამპის მოქმედებები საპირისპიროზე მიანიშნებს:

  • რეგიონში შევიდა საზღვაო-ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი „ტრიპოლი“, რომელზეც განთავსებულია 31-ე საზღვაო-საექსპედიციო ქვედანაყოფი - 2200 საზღვაო ქვეითი;

  • რეგიონისკენ მიემართება საზღვაო-ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფი „ბოქსერიც“, რომელზეც განთავსებულია მე-11 საზღვაო-საექსპედიციო ქვედანაყოფი - 2200 საზღვაო ქვეითი;

  • 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები, კერძოდ, I ბრიგადის საბრძოლო ჯგუფი;

  • ამერიკელი სპეციალური ოპერაციების ძალების ასობით მებრძოლი „ზღვის ლომებიდან“ და რეინჯერთა 75-ე პოლკის შემადგენლობიდან უკვე ჩავიდა რეგიონში;

  • განიხილება დამატებით 10,000 ჯარისკაცის გაგზავნაც.

მომავლის პერსპექტივა: ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში აშშ ან მულტინაციონალური ჯგუფი ტანკერების ესკორტირებას მოახდენს.

  • ამჟამად, თითქმის 40-მა ქვეყანამ (მათ შორის ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ) გამოთქვა მზადყოფნა სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად.
  • ტრამპი მოელის, რომ ირანის სამხედრო აქტივების განადგურების შემდეგ, თეირანი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს და გარიგებას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები