ამერიკულმა დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართა

ამერიკული გამოცემები იტყობინებიან, რომ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკულმა დელეგაციამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართა.

ვითარების არსი: Fox News-ი წერს, რომ ვაშინგტონი პეკინს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო კიბერგარემოდ მიიჩნევს, რის გამოც დელეგაციის წევრებისთვის ყოველდღიური ციფრული ცხოვრება სრულად შეიზღუდა.

  • ამერიკული დაზვერვის დაშვებით, ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე შედის, პოტენციურად „გატეხილად“ ან პეკინის მიერ კონტროლირებადია.
  • სწორედ ამიტომ, ოფიციალური პირების უმრავლესობამ პირადი სმარტფონები და სამუშაო ლეპტოპები, რომლებზეც სახელმწიფო საიდუმლოება ინახება, აშშ-ში დატოვა.
  • New York Post-ის რეპორტიორმა ემილი გუდინმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა თანამშრომლებმა ჩინეთის ოფიციალური პირებისგან მიღებული ყველა ნივთი, ისევე როგორც თეთრი სახლის მიერ გაცემული ერთჯერადი ტელეფონები, სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები, Air Force One-ზე ასვლამდე ურნაში გადაყარეს. „ჩინეთის კუთვნილი არაფერი დაიშვება თვითმფრინავში“, - განაცხადა მან.

დეტალები: როგორც Fox News იტყობინება, დელეგაციის წევრებს ე.წ. „სუფთა“ მოწყობილობები დაურიგდათ, ერთჯერადი ტელეფონები და კომპიუტერები, რომლებსაც ვიზიტის დასრულებისთანავე გაანადგურებენ.

  • გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურის მკაცრი რეკომენდაციით, ნებისმიერ ტექნიკურ საჩუქარს, იქნება ეს ფლეშ-ბარათი თუ დამტენი, ოფიციალური პირები მაშინვე აგდებენ, რათა თავიდან აიცილონ ჩამონტაჟებული ჯაშუშური პროგრამების რისკი.
  • ამასთანავე, პეკინში მოქმედებდა უსაფრთხოების „ოქროს წესებიც“:

1. აკრძალული იყო ტელეფონების შეერთება ადგილობრივ USB-პორტებში;

2. კომუნიკაცია თითქმის სრულად გადავიდა ქაღალდის დოკუმენტებზე, კონტროლირებად არხებზე ან პირისპირ საუბრებზე სპეციალურ, დაცულ ოთახებში;

3. დელეგაცია გააფრთხილეს, რომ ჩინეთში ყველაფერი, სასტუმროს ინტერნეტიდან დაწყებული, ოთახში საუბრით დამთავრებული, ისმინება.

  • გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს „ციფრული პარანოია“ მხოლოდ მთავრობას არ ეხებოდა. დელეგაციაში მყოფ ბიზნეს-გიგანტებს, როგორიცაა Apple, Boeing და BlackRock, ასევე დაურიგდათ დროებითი ტელეფონები, რათა ჩინურმა მხარემ ამერიკულ ტექნოლოგიურ საიდუმლოებებზე წვდომა ვერ მოიპოვოს.

კონტექსტი: 14 მაისს, დონალდ ტრამპი ჩინეთის დედაქალაქ პეკინს ეწვია. აშშ-ს ლიდერს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ. ტრამპმა და სიმ ერთმანეთს ხელი ტელეკამერების წინ ჩამოართვეს "სახალხო ყრილობათა დარბაზში" - ჩინეთის პარლამენტის გრანდიოზულ შენობაში, რომელიც ტიანანმენის მოედანზე მდებარეობს.

სიღრმისეულად: ტრამპის და სის შეხვედრის დეტალები

მსგავსი სიახლეები