რუბიო: ომი მალე დასრულდება, არა დღეს ან ხვალ, მაგრამ აუცილებლად დასრულდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში ირანის ომზე ისაუბრა.

ვითარების არსი: სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილი ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების სწრაფად დასრულებას ეხებოდა.

  • „ჩვენ უკვე ვხედავთ ფინალს. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ, მაგრამ აუცილებლად მოხდება“ - განაცხადა რუბიომ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანის ხელისუფლებას უწოდა „ადამიანები, რომელთა ცხოვრების ერთადერთი მიზანი აღსასრულის დღის დაჩქარებაა“.
  • მან ასევე „მატყუარა“ უწოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის.
  • ჰორმუზის სრუტის ბლოკადას სახელმწიფო მდივანმა „უკანონო“ უწოდა: „ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებია. ყველაფერი, რასაც ირანი კომერციული მიმოსვლის შესაფერხებლად აკეთებს, უკანონოა. მსგავსად იქცეოდნენ ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ატლანტის ოკეანეში გემებს ძირავდნენ. ეს ტერორისტული აქტებია“ - აღნიშნა რუბიომ.

დეტალურად: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა "ნატოც" გააკრიტიკა: „თუ ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ალიანსის ბაზებს მაშინ, როდესაც ისინი გვჭირდება, "ნატო" ცალმხრივი მოძრაობის ქუჩას დაემსგავსება. რაში გვჭირდება "ნატო", თუ საჭიროების შემთხვევაში ბაზებს ვერ გამოვიყენებთ? მოგვიწევს ალიანსის ფასეულობის გადახედვა“ - აღნიშნა რუბიომ.

წინარე ისტორია: თეთრ სახლში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ირანზე და პირობა დადო, რომ ომი 2-3 კვირაში დასრულდება.

  • „ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა სამ კვირაში“ - დააზუსტა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
  • ტრამპის თქმით, „ირანი არ არის ვალდებული, რაიმე ტიპის შეთანხმებაზე წამოვიდეს“.
  • აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ოპერაციის მიზანია „ირანი ქვის ხანაში მოისროლონ“ და როგორც კი ეს პირობა შესრულდება, ამერიკა სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები