-

ერთი შეხედვით სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის ბუნებრივი რესურსების სიუხვე ქვეყნის სიმდიდრესა და ეკონომიკურ განვითარებასთან უნდა ასოცირდებოდეს, თუმცა სინამდვილე დიამეტრულად განსხვავებულია. 

დღევანდელი მსოფლიოშიც და ისტორიაშიც მრავლადაა იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა ეკონომიკურ ჩამორჩენილობისა და განუვითარებლობის საწინდარი გამხდარა. ხშირად ძვირფასი წიაღისეულით ვაჭრობა ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ექსკლუზიურ ბიზნესად იქცევა. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ქვეყნები სადაც სასარგებლო წიაღისეული ქვეყნის განვითარებისა და წარმატებული ეკონომიკური მოდელის საფუძველი გამხდარა.

ფასეული წიაღისეულის გაყიდვით შემოსული უცხოური ვალუტა ბუნებრივზე მეტად ამყარებს ეროვნულ ვალუტას, რაც ქვეყანაში ცხოვრებას მკვეთრად აძვირებს. სახელმწიფოს გრძელვადიანი ფისკალური და ეკონომიკური ინტერესები კი სრულად დამოკიდებული ხდება ამავე წიაღისეულის ძალიან ცვალებად და არასტაბილურ ფასებზე. 

ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა განვითარებადი და ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლის მოსახლეობისთვის ეროვნულ სიმდიდრეს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ხშირად ეს ქვეყნები სიღარიბის, ინსტიტუციური კორუფციისა და ავტორიტარიზმის მახეში ებმებიან, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია. 

ჰოლანდიური დაავადება

 

 

ამ ტერმინის პოპულარიზაცია ამერიკელ ეკონომისტს, პოლ კრუგმანს უკავშირდება, თუმცა თავად ტერმინი პირველად ჟურნალმა The Economist-მა გამოიყენა.

სტატია, რომელშიც ეს ტერმინი გაჩნდა 1960-იანი წლების ჰოლანდიის ეკონომიკის განვითარების თავისებურებებს ეხებოდა. მსგავსების გამო ჰოლანდიური დაავადება ხშირად ერევათ სარესურსო წყევლასთან, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებებია. 

საკუთრივ ჰოლანდიური დაავადება ან გრონინგენის სიმპტომი არის ნიდერლანდების ეკონომიკაში წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც 1960-იან წლებში ბუნებრივი აირის მსხვილი საბადოს აღმოჩენის შემდეგ გამოიკვეთა. 

ჯამურად “ჰოლანდიური დაავადება” ეს არის ვითარება, როდესაც ცალკეული საექსპორტო სექტორის სწრაფი განვითარების შედეგად ქვეყანაში აქტიურად შემოედინება უცხოური ვალუტა [ძირითადად ამერიკული დოლარი], ეს კი ბუნებრივზე მეტად ამყარებს ეროვნული ვალუტას.

თავის მხრივ ეს პროცესი ასუსტებს ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების [დამამუშავებელი, სოფლის მეურნეობის და სხვ.] კონკურენტუნარიანობას. ეკონომიკის სხვა სექტორებისთვის უფრო რთული ხდება და ძვირდება კვალიფიციური მუშა ხელის და კაპიტალის მოპოვება, რის შედეგადაც პროდუქტიულობა გამუდმებით იკლებს. 

შედეგად დაავადება თვითონვე ანადგურებს რესურსის აღმოჩენით მიღებულ სარგებელს, ხოლო საექსპორტო რესურსზე ფასის კლება ეკონომიკის შემდგომ შემცირებას იწვევს.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ეფექტის ამგვარ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ფენომენს, რომელსაც მასშტაბის დინამიკურ ეკონომიას უწოდებენ. საქმე ის არის, რომ სანამ რომელიმე ცალკეული სახელმწიფო უმთავრესად ნედლეულის ექსპორტის ხარჯზე იზრდება, კონკურენტი ქვეყნები უფრო აგრესიულად ითვისებენ დივერსიფიცირებულ და ნედლეულისგან დამოუკიდებელ ბაზრებს, დებენ ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებში და ადამიანურ კაპიტალში.

აქედან გამომდინარე, როდესაც საექსპორტო რესურსი თავდება ან მასზე ფასი მკვეთრად ეცემა, კონკურენტი ქვეყნების დაწევა უკვე ძალიან გვიანია. 

სარესურსო წყევლა

 

 

ტერმინი პირველად 1993 წელს ბრიტანელმა ეკონომისტმა, რიჩარდ აუტიმ გამოიყენა. უნდა ითქვას, რომ ორიგინალში ეს ტერმინი [Resource curse] ისე დამთრგუნველად არ ჟღერს, როგორც ქართულად და ძირითადად რესურსზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის შეზღუდვას გულისხმობს. 

აუტიმ თავის ნამუშევრებში საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა - კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1970-1993 წლებში ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდის მიუხედავად ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკებზე მეტად ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკები გაიზარდა.

იმდროინდელი ეკონომიკური კონსენსუსის მიხედვით, სიღარიბის დაძლევა სწორედ საექსპორტო რესურსების წილზე იყო დამოკიდებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები საგრძნობლად ნელა იზრდებოდნენ, ვიდრე ის სახელმწიფოები, რომლებსაც ამგვარი რესურსი არ გააჩნდათ.

ამავე აზრის მიხედვით, ექსპორტიორ ქვეყნებში უნდა გაუმჯობელესიყო ცხოვრების დონე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა და რიგ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც. 

1990-იანი წლების მეორე ნახევარში ეკონომისტებმა ჯეფრი საქსმა და ენდრიუ ვორნერმა სახელმწიფოთაშორისო რაოდენობრივი კვლევა ჩაატარეს. კვლევამ ექსპორტში რესურსების წილსა და ეკონომიკურ ზრდას შორის უარყოფითი კორელაცია გამოავლინა. 

სარესურსო წყევლა ჰოლანდიურ დაავადებას მხოლოდ ზედაპირულად ჰგავს. სინამდვილეში, სარესურსო წყევლა გაცილებით უფრო ფუნდამენტური პრობლემაა. აღნიშნული ფენომენი ემპირიულად დადასტურებული და სტატისტიკურად სანდო მოცემულობაა.

კლიმსონის უნივერსიტეტის პროფესორმა, კევინ ცუიმ თავის კვლევებში დაამტკიცა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ნავთობის საბადოების აღმოჩენა მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით აუარესებს დემოკრატიული განვითარების მაჩვენებლებს. 

ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ როგორც ასეთი, რესურსების არსებობა, აპრიორი ცუდი არ არის. სხვადასხვა წიაღისეულის არსებობა - იქნება ეს გაზი, ნავთობი თუ სხვა ნედლეული ეკონომიკისთვის თავისთავად კარგია.

ნორვეგია, ავსტრალია და კანადა სხვადასხვა დოზით გარკვეულწილად რესურსების ექსპორტიორი ქვეყნები არიან, ამავდროულად, თითოეული მათგანი განვითარებული, მდიდარი და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოა. 

საინტერესოა ისიც, რომ დღევანდელი მონაცემებით აშშ უფრო მეტ გაზსა და ნავთობს აწარმოებს, ვიდრე მაგალითი რუსეთი და საუდის არაბეთი, თუმცა “სარესურსო წყევლა” არსად ჩანს. ამის მიზეზი ის არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში წიაღისეულის მომპოვებელ სექტორებზე მეტად განვითარებულია ეკონომიკის სხვა სექტორები.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ბუნებრივი რესურსები ეროვნული სიმდიდრის საშუალოდ მხოლოდ 2%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ღარიბ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 26%-ია. 

თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებშიც მოიძებნება კარგი მაგალითები - სახელმწიფოები, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს სარესურსო წყევლა. ასეთია მაგალითად ჩილე, რომელიც ამ დრომდე მსოფლიოში სპილენძის ერთ-ერთ უმსხვილესი ექსპორტიორია. ჩილე წარმატებით გაუმკლავდა სარესურსო წყევლას და დღეს ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარი, განათლებული და არაკორუმპირებული ქვეყანაა.

თუმცა განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც “სარესურსო წყევლაში” საუბარია არა სხვა წიაღისეულზე, არამედ ნავთობზე. ნავთობის ბიზნესი იმ იშვიათი ბიზნესების რიცხვშია, რომელიც ძალიან მცირედითაა დამოკიდებული ინსტიტუციურ განვითარებაზე.

სანავთობო ბიზნესი ძალიან გლობალიზებული და სტანდარტიზებულია. თანამედროვე გაგებით, “სარესურსო წყევლა” უმთავრესად სწორედ ნავთობისა და გაზის მსხვილ მარაგებთანაა დაკავშირებული. 

ნავთობი - დემოკრატიის ვამპირი

 

 

სანავთობო მახე, როგორც სარესურსო წყევლის ერთ-ერთი ქვესახეობა საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. მაგალითად, ეკონომისტების - ფრანჩესკო კასელისა და გაი მაიკლსის 2013 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მოყვანილია ბრაზილიის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების შედარებითი ანალიზი.

ეკონომისტებმა შეისწავლეს ბრაზილიის მუნიციპალიტეტები, რომლებიც იღებდნენ შემოსავალს ახლად აღმოჩენილი ნავთობის საბადოებისგან და შეადარეს მეზობელ მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ამგვარ შემოსავალს მოკლებულნი იყვნენ. 

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, "სანავთობო მუნიციპალიტეტებში" ახალი საბადოების გამოჩენის შედეგად არ გაზრდილა მოსახლეობის შემოსავლები, მაგრამ მკვეთრად გაიზარდა კორუფცია. 

ქვეყნებში, რომლებშიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მდგრადი, დემოკრატიული ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ნავთობის მსხვილი მარაგების აღმოჩენა პოლიტიკური ელიტისთვის წარმოშობს ცდუნებას იფიქრონ არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ამ რესურსების გადანაწილებაზე. საქმე ის არის, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი სხვადასხვა ფაქტორის გამო ქმნის შემოსავალს, რომლის გადანაწილებაც ძალიან მარტივია.

იმავეს ვერ ვიტყვით მაგალითად სოფლის მეურნეობაზე ან ტურიზმზე - ამ სფეროების სტრუქტურის, დასაქმებული ადამიანების რაოდენობისა და სხვა ფაქტორების გამო, მიღებული შემოსავლის ამოღება და გადანაწილება გაცილებით რთულია.

“სანავთობო ხაფანგი” წარმოადგენს დიდ ცდუნებას ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის. თუ პოლიტიკური სისტემა ვერ უმკლავდება ამ ცდუნებას, თუ პოლიტიკური ელიტა არ აშენებს ანგარიშვალდებულების და თვითშეზღუდვის მექანიზმებს, ხელს უშლის და შეუძლებელს ხდის სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას, ქვეყანა ეხვევა მახეში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთულია.

ნავთობის სამეფოები

 

 

ამ თვალსაზრისით სანავთობო წყევლა ნამდვილად ფუნდამენტურ პრობლემად იქცა ბევრი სახელმწიფოსთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კონტინენტზე შეხვდებით. თუმცა, რთულია ვიპოვოთ რეგიონი, რომელშიც ეს პრობლემა უფრო მეტადაა კონცენტრირებული, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში. 

მარტივად მოპოვებადი და ჭარბი სანავთობო მარაგების ექსპლუატაცია სპარსეთის ყურის ქვეყნების რენტაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის ქვაკუთხედია. ამ ქვეყნების მმართველი ელიტები თუ სამეფო ოჯახები აგროვებენ ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს და შემდეგ სხვადასხვა სოციალური პროგრამის სახით პოლიტიკური მორჩილების სანაცვლოდ უბრუნებენ მოსახლეობას. 

სხვადასხვა დოზით ეს კანონზომიერება არაბული სამყაროს თითქმის ყველა სახელმწიფოს მიესადაგება. ამ ქვეყნების ეკონომიკები პირობითად 3 კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: 

  • წიაღისეულით მდიდარი და სამუშაო ძალით ღარიბი სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ბევრი ნავთობი, გაზი და ჰყავთ მცირე მოსახლეობა. ასეთია ბაჰრეინი, ყატარი, საუდის არაბეთი;
  • წიაღისეულით მდიდარი და ჭარბი სამუშაო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა ერაყი და ალჟირი. ფართო გაგებით ამ კატეგორიაში მოიაზრება ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნავთობის მსხვილი მარაგები და ჭარბი სამუშაო ძალა;
  • წიაღისეულით ღარიბი და ჭარბი სამუშაო ძალის მქონე ქვეყნები. ასეთი ქვეყნების რიგს შეგვიძლია მივაკუთვნოთ მაგალითად ეგვიპტე, სადაც ნავთობის უმნიშვნელო მარაგებია, ხოლო მოსახლეობა 100 მილიონს აღემატება. 

ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ მეორე კატეგორიაში შემავალი ქვეყნებს, რომლებსაც ჰქონდათ ინდუსტრიალიზაციისთვის საკმარისი სამუშაო ძალა და რესურსები, ყველაზე წარმატებულები იქნებოდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. სინამდვილეში ამ კატეგორიის ქვეყნები ეკონომიკურად დაახლოებით ისეთივე წარმატებულები არიან, როგორც ნავთობით ღარიბი სახელმწიფოები.

ნავთობის მარაგების განსხვავებული რაოდენობის მიუხედავად, სამივე დაჯგუფების ქვეყნები მკაცრად დამოკიდებული არიან ნავთობის საერთაშორისო ფასებზე - ეკონომიკა იზრდება ნავთობის ფასის პარალელურად და მცირდება ფასის კლებასთან ერთად. ასეთ ქვეყნებში ნავთობზე ფასის შემცირება ყველაზე უარყოფითად მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენაზე აისახება.

ნავთობით ღარიბი ქვეყნებიდან წამოსული მილიონობით არაბი ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში საქმდებიან. საპირისპიროდ, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მდიდარ მოქალაქეებს უყვართ დასვენება ნავთობით ღარიბ ისეთ არაბულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ლიბანი და ეგვიპტე. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური გრანტები და სესხები ღარიბი არაბული სახელმწიფოების ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. 

ნავთობის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ სხვა სექტორებისგან განსხვავებით, შედარებით მცირე რაოდენობის და არცთუ მაღალი კვალიფიკაციის მოქალაქეებს ასაქმებს. რესურსი კონცენტრირებულია ადამიანთა ვიწრო ჯგუფის ხელში და შესაბამისად, მისი გაყიდვით მიღებული სარგებელი მოსახლეობის ფართო ფენებზე, საუკეთესო შემთხვევაში, ირიბად აისახება. 

მარტივად რომ ვთქვათ, ნავთობის გაყიდვით შემოსული ფული საერთაშორისო ბაზრებიდან პირდაპირ მთავრობის ჯიბეში მიედინება. ასეთ მთავრობებს კი როგორც წესი, არ სჭირდებათ ის, რასაც დასავლეთში სოციალურ კონტრაქტს უწოდებენ.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ფენომენის სხვა თავისებურებები - საქმე ის არის, რომ მაშინ როდესაც მთავრობის შემოსავლები არ არის დამოკიდებული მოსახლეობის ნებაზე, საჭირო აღარ არის სახალხო თანხმობაც, შესაბამისად ასეთი მმართველობა არ არის ანგარიშვალდებული მოქალაქეებთან.

ქვეყნებში, სადაც მთავრობის შემოსავლები მოსახლეობისთვის დაწესებულ პირდაპირ გადასახადებზეა დამოკიდებული, მოქალაქეები უფრო მეტად აკვირდებიან პოლიტიკურ პროცესს და პირდაპირ მონაწილეობენ მასში, ისინი მთავრობისგან ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ითხოვენ.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მთავრობების გადაწყვეტილებები, ქცევა და ხასიათი პირდაპირ განსაზღვრულია მათი შემოსავლების სტრუქტურით. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ფაქტია, რომ გადასახადები მოსახლეობის პოლიტიკური რეპრეზენტაციის და დემოკრატიული ჩართულობის უმთავრესი წინაპირობაა.

ამის მაგალითია ის, რომ საუდის არაბეთში ნავთობის უმსხვილესი მარაგების აღმოჩენამდე, სამეფო ოჯახი ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ქალაქ ჯედაში კონსულტაციებს გადიოდა ვაჭრების კლასთან. შესაბამისად, არ არსებობდა მოკრძალებული დემოკრატიული ჩართულობის მექანიზმი, ნავთობის საბადოების აღმოჩენამ კი სრულად გაანადგურა ვაჭართა კლასის გავლენა პოლიტიკურ პროცესზე. 

მეტი ნავთობი - მეტი ავტოკრატია

 

 

სანავთობო მახესთან დაკავშირებული თავისებურებები კარგად გამოვლინდა 10 წლის წინ დაწყებულ ე.წ. არაბულ გაზაფხულის პერიოდში, რომლის შედეგადაც რეგიონმა დეკოლონიზაციის შემდეგ არნახული მასშტაბის პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა. 

თუ კარგად დავაკვირდებით არაბული გაზაფხულის მიმდინარეობას და შედეგებს სხვადასხვა სახელმწიფოებში, აღმოვაჩენთ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის უფრო მსხვილი მარაგები ჰქონდათ უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ პროტესტის ჩახშობის საქმეში. 

საპირისპიროდ, თუ დავაკვირდებით სახელმწიფოებს, სადაც პროტესტი სხვებთან შედარებით უფრო წარმატებული იყო, აღმოვაჩენთ, რომ ისინი, როგორც წესი, ნავთობით ღარიბი სახელმწიფოები არიან, მაგალითად ეგვიპტე და ტუნისი.

სპარსეთის ყურის ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და ქუვეითი - მათი არაპოპულარობის მიუხედავად - გაცილებით უფრო ეფექტურად და ყოველგვარი დათმობების გარეშე გაუმკლავდნენ საპროტესტო დემონსტრაციებს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მთავრობების ჩამოშორების ერთადერთი საშუალება გარე სამხედრო ჩარევაა.

ამის მაგალითია 2011 წლის ლიბია, როდესაც პოლკოვნიკ კადაფის რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ნატოს სამხედრო ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. იდენტურია 2003 წლის ერაყის გამოცდილებაც, როდესაც სადამ ჰუსეინის ნავთობის ვაჭრობით დაფინანსებული სასტიკი რეჟიმი მხოლოდ აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო ჩარევის შემდეგ დაემხო. 

ეგვიპტის რევოლუციის 3 სლოგანიდან - " პური, თავისუფლება და სოციალური სამართლიანობა" - ორი წმინდად ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა. ეგვიპტის საშუალო კლასი ვეღარ ახერხებდა ცხოვრების არსებული დონის შენარჩუნებას.

“სანავთობო მახის” თემაზე საუბრისას პოლიტოლოგი მაიკლ როსი გამოყოფს რამდენიმე ასპექტს, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა დღევანდელი მოცემულობა.

როსის აზრით, სანავთობო ეკონომიკების ამგვარ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სანავთობო წარმოების ნაციონალიზაციის ტალღამ, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მანამდე მთელ მსოფლიოში სანავთობო წარმოებას ძირითადად კერძო სანავთობო კომპანიები აკონტროლებდნენ და მთავრობები ვერ ახდენდნენ გავლენას პროდუქციის ფასზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდა სწორედ ნაციონალიზაციის ტალღის შემდეგ დაიწყო.

ნავთობზე დაბალი ფასები სასარგებლო იყო გლობალური ეკონომიკისთვის, თუმცა ამავდროულად იქმნებოდა ვითარება, როდესაც ამ ქვეყნების მოსახლეობა თითქმის ვერაფრით ხეირობდა თავიანთი ქვეყნის ბუნებრივი რესურსებით. სწორედ ამ უსამართლობის გამო სანავთობო წარმოების ნაციონალიზაცია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთხოვნად იქცა.

ისეთი ახალგაზრდა პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ სადამ ჰუსეინი ან მუამარ კადაფი თანამოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ ნაციონალიზაციის შემდეგ ეროვნული სიმდიდრით მიღებულ სარგებელს ყველა ოჯახზე თანაბრად გაანაწილებდნენ. 

დიდი იმედების მიუხედავად, ნაციონალიზაციის ტალღას სანავთობო ეკონომიკებში მოსახლეობის კეთილდღეობა არ მოჰყოლია, პირიქით - სანავთობო შემოსავლების მობილიზებამ რეპრესიული რეჟიმების ძალაუფლება კიდევ უფრო გაამყარა. 

ამ პრობლემის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა სანავთობო შემოსავლების სტრუქტურის გაუმჭვირვალობაა - ამ ქვეყნების მოსახლეობამ ხშირად არ იცის, რა შემოსავალს იღებენ მთავრობები, ეს კი ნოყიერ ნიადაგს იძლევა კორუფციისთვის.

სანავთობო ეკონომიკებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება კიდევ ერთი კანონზომიერება - როგორც აღმოჩნდა, ავტორიტარული სანავთობო სახელმწიფოები დემოკრატიულ ქვეყნებზე მეტად ცდილობენ ხელოვნურად შეინარჩუნონ დაბალი ფასი საწვავსა და ელექტროენერგიაზე. ამ რეჟიმებისთვის ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსახლეობას სჯეროდეს ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრისგან მიღებული სარგებელის.

მიუხედავად იმისა, რომ სანავთობო მახის პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ ახლო აღმოსავლეთშია კონცენტრირებული, მსგავს პრობლემებს შეხვდებით სხვადასხვა კონტინენტზეც - მსოფლიოში დაახლოებით 30 განვითარებადი ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფოა და როგორც წესი, სწორედ ეს ქვეყნებია ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული.

30-მდე ნავთობის ექსპორტიორი განვითარებადი სახელმწიფოდან მხოლოდ ნახევარია თავმოყრილი სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში. სანავთობო მახეში გაბმულ ქვეყნებს შევხვდებით სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის სიჭარბის მიუხედავად უპირობოდ მსოფლიოს ყველაზე ღარიბი რეგიონია. ასეთი ქვეყნები არსებობენ ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაშიც. 

ამ კონტექსტში საინტერესოა ეკონომისტ პოლ კოლიერის ნაშრომი, რომლის მიხედვით, ნავთობით ღარიბ აფრიკულ სახელმწიფოებში, 5-წლიან მონაკვეთში სამოქალაქო ომის ალბათობა 1%-ის ფარგლებშია, მაშინ როდესაც ნავთობით მდიდარ აფრიკულ სახელმწიფოებში იგივე მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს. 

ამავდროულად, სხვადასხვა აკადემიური კვლევებით დგინდება, რომ ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოებთან შედარებით იმპორტიორი ქვეყნები უფრო მეტად ეხმარებიან ღარიბ მოსახლეობას.

სანავთობო ეკონომიკებში, როგორც წესი, საგრძნობლად უფრო მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა და პირიქით, დაბალია წერა-კითხვის ცოდნა და საბაზისო განათლებაზე ხელმისაწვდომობა. სანავთობო ეკონომიკები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს ადამიანური განვითარების თითქმის ყველა ინდექსში. 

როგორც ზევით აღვნიშნეთ, რესურსების სიჭარბეში არაფერი ცუდი არ არის, “სარესურსო წყევლის” დაძლევა მარტივადაა შესაძლებელი, მაგრამ როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც აუცილებელია კერძო საკუთრება, კონკურენცია, გამჭვირვალობა, ადამიანური კაპიტალი, განვითარებული ფინანსური სისტემა და ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტები. თავისთავად, ამ ფაქტორების გარეშე ეკონომიკური განვითარება ისედაც წარმოუდგენელია.

 

მსგავსი სიახლეები