ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა მოსახლეობას ომში გამარჯვება მიულოცა

ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან განვითარებული სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ გამართულ პირველ საჯარო გამოსვლაში ალი ხამენეიმ ირანის მოსახლეობას ომში გამარჯვება მიულოცა.
State Of Play: ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის ვიდეო მიმართვა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა - მიმართვაში ხამენეი "2 გამარჯვებაზე" საუბრობს - ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
- "ჩემი პირველი მილოცვა უკავშირდება გამარჯვებაზე სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მთელი ამ ხმაურისა და განცხადებების ფონზე სიონისტური რეჟიმი თითქმის ჩამოინგრა და გაისრისა ისლამური რესპუბლიკის დარტყმების ქვეშ"- ამბობს ხამენეი.
- ირანის ლიდერის თქმით, აშშ ომში ჩაერთო რადგანაც დაინახა, რომ სხვა შემთხვევაში "სიონისტური რეჟიმი" სრულად განადგურდებოდა - "მაგრამ მათ ვერანაირი ხეირი ვერ ნახეს, აქაც ისლამურმა რესპუბლიკამ გამარჯვება მოიპოვა და ამერიკას სასტიკი სილა გააწნა."
Big Picture: ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ისრაელმა 13 ივნისს საჰაერო დარტყმებით და ქვეყნის შიგნით განხორციელებული დივერსიული აქტებით დაიწყო. პირველივე საათებში ისრაელის არმიისა და დივერსიული დაჯგუფებების შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მართვის და კონტროლის ჯაჭვს.
- გასულ კვირებში ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური, ასევე შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, 10-ზე მეტი ბირთვული ფიზიკოსი - მოკლულიდან რამდენიმე ალი ხამენეის გარემოცვის უახლოესი წევრი იყო.
- 22 ივნისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ამერიკული ავიაციაც შეუერთდა და ირანის ბირთვული ობიექტები მძიმე საავიაციო ბომბებითა და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.
- საპასუხოდ ირანმა შეტევა მიიტანა კატარში მდებარე ამერიკის საავიაციო ბაზაზე, თუმცა შეტევამდე ცოტა ხნით ადრე მათ კატარელებიც და ამერიკელების გააფრთხილეს, ბაზა ევაკუირებული იყო, ხოლო გაშვებული 14 ბალისტიკური რაკეტიდან 13 საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.
Context: ირანის ბირთვული პროგრამისთვის მიყენებული ზიანის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, პროგრამა განადგურებულია, თუმცა სადაზვერვო უწყების შეფასებით ზიანი არსებითია, მაგრამ არა დამანგრეველი.
Go Deeper: NYT: ალი ხამენეი ბუნკერიდან თითქმის არ გამოდის და უკვე შეარჩია "მემკვიდრეები"