საფრანგეთმა მინისტრებთან წვდომა აუკრძლა აშშ-ს ელჩს, ჩარლზ კუშნერს
საფრანგეთის მთავრობამ მინისტრებთან წვდომა აუკრძალა შეერთებული შტატების ელჩს და ტრამპის მძახალს, ჩარლზ კუშნერს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv ავრცელებს - გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ კუშნერი არ გამოცხადდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის შესახებ გაკეთებული კომენტარების განმარტებას თხოვდნენ.
- გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პარიზსა და ვაშინგტონს შორის არსებული უჩვეულოდ დაძაბული ურთიერთობების ჯერჯერობით ბოლო ეპიზოდია.
- კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც შეერთებული შტატების საელჩომ პარიზში გააზიარა თეთრი სახლის განცხადება კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებით.
წინარეისტორია: 23 წლის მემარჯვენე აქტივისტი ლიონში, რადიკალური მემარცხენე ჯგუფების წარმომადგენლებთან შეტაკებების დროს მოკლეს.
- 22 თებერვალს დერანკის სამოქალაქო პანაშვიდს 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ღონისძიების უსაფრთხოებას რამდენიმე ასეული პოლიციელი უზრუნველყოფდა.
- დერანკის მკვლელობა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა საფრანგეთი მემარჯვენე და მემარცხენე ბანაკებს შორის და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე სამოქალაქო მღელვარების რისკი გაზარდა.
ჩაშლილად: "იმის გათვალისწინებით, რომ კუშნერმა არ შეასრულა დიპლომატიური მისიის საბაზისო ფუნქცია და პატივი წარმოადგენდეს თავის ქვეყანას მინისტრმა ბარომ მოითხოვა ჩარლზ კუშნერს შეეზღუდოს წვდომა საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ურთიერთობაზე"- ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
- საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კუშნერი არ გამოცხადდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში - გასული წლის აგვისტოში კუშნერი საგარეო უწყებაში საფრანგეთში ანტი-სემიტიზმის შესახებ გავრცელებული კომენტარების გამო დაიბარეს.
- Asociated Press-ის ცნობით, საგარეო უწყებაში ვერ მისვლის მიზეზად კუშნერმა "პერსონალური გარემოებები" დაასახელა და მის ნაცვლად საელჩოს საქმეთა რწმუნებული გაგზავნა.
- საფრანგეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კუშნერი გააგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას და მას კვლავ ექნება წვდომა ფრანგ მაღალჩინოსნებთან.
- სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.