NYT: ალი ხამენეი ბუნკერიდან თითქმის არ გამოდის და უკვე შეარჩია "მემკვიდრეები"

ირანის უმაღლესი ლიდერი, ალი ხამენეი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ბუნკერში და მისი გარდაცვალების შემთხვევისთვის უკვე გამოარჩია რამდენიმე კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას "რამე მოუვა."

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ხამენეის უახლოეს გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს - წყაროების ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის გაზრდილი რისკის ფონზე, უმაღლესი ლიდერი თითქმის აღარ იყენებს კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებებს და დავალებების გასაცემად სანდო თანაშემწეს იყენებს. 

  • პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ხამენეიმ შეარჩია არამხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირთა შემცვლელები, არამედ მისი პოტენციური შემცვლელებიც გამოარჩია. 

  • "საუბარია 3 სასულიერო პირზე, რომელთა შორიდანაც უნდა არჩიონ ერთ-ერთი. ეს მეტყველებს ყველაზე საშიშ მომენტზე, რომლის წინაშეც ხამენეი თავისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში აღმოჩენილა"- ნათქვამია სტატიაში. 

  • ირანის ლიდერის გარემოცვაში წყაროები ამბობენ, რომ 86 წლის ხამენეი "აცნობიერებს შესაძლებლობას", რომ ის შესაძლოა ისრაელმა ან შეერთებულმა შტატებმა მოკლას და ამას "მისი მოწამეობრივი გზის" შემადგენელ ნაწილად აღიქვამს. სწორედ ამიტომ ხამენეიმ ე.წ. ექსპერტთა საბჭოს საგანგებო განკარგულებები მისცა - კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ეს საბჭო ირჩევს ახალ სულიერ ლიდერს. 

  • ახალი ლიდერის არჩევა არ არის დროში მკაცრად გაწერილი პროცედურა და ის შესაძლოა თვეები გრძელდებოდეს - სწორედ ამიტომ ალი ხამენეიმ ექსპერტთა საბჭოს მისცა "კურთხევა" რაც შეიძლება სწრაფად აირჩიონ ახალი ლიდერი, მის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან. 

  • "აიათოლას სურს სწრაფი და მოწესრიგებული ტრანზიცია მისი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად"- ამბობენ წყაროები. 

Break It Down: ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით უმაღლესი ლიდერს პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს - ის არის შეიარაღებული ძალების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ასევე მართლმსაჯულების ხელმძღვანელი. 

  • გარდა ამისა, უმაღლესი ლიდერი ატარებს ვალი ფაკიჰის  (Vali Faqih) სტატუსს, რაც პირდაპირ თარგმანში შიიტური რწმენის მთავარ მცველს ნიშნავს. 

  • წყაროების ცნობით, ხამენეის მიერ გამორჩეულ კანდიდატებს შორის არ არის მისი ვაჟი, მოჯთაბა, რომელსაც არაერთი ინსაიდერი მემკვიდრეთა რბოლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევდა. 

  • "ხამენეის უმთავრესი პრიორიტეტი რეჟიმის გადარჩენაა, ის ყოველთვის პრაგმატიკოსი იყო"- ამბობს გაზეთთან საუბარში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი და ირანის ექსპერტი, ვალი ნასრი. 

Big Picture: ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ალი ხამენეიმ 2 ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ "ირანი არასდროს დანებდებოდა" 

  • წყაროების ცნობით, როგორც წესი ალი ხამენეი თეირანში მდებარე კარგად დაცული რეზიდენციაში ე.წ. ბეით რაჰბარი (ლიდერის სახლი) მუშაობს, ლიდერი რეზიდენციას მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში ტოვებს (რედ. მაგ ლოცვის აღსავლენად) - სწორედ ამ რეზიდენციაში მოდიან მთავრობის მაღალჩინოსნები და ამავე შენობაში იწერება ვიდეო მიმართვები. 

  • "ხამენეის გადასვლა ბუნკერში აჩვენებს თუ რამდენად საშიშია ლიდერების მდგომარეობა ისრაელთან მიმდინარე ომის პირობებში, ომის რომელიც ირანელებისვე თქმით, 2 ფრონტზე მიმდინარეობს"- წერენ ავტორები. 

  • საუბარი ისრაელის მიერ განხორციელებულ ფარულ და ტარგეტირებულ ოპერაციებზე ირანის ყველაზე გავლენიანი და კომპეტენტური სამხედრო მეთაურებისა და ბირთვული ფიზიკოსების წინააღმდეგ. 

  • "ქვეყნის ყველაზე გავლენიან წრეებში ისრაელის დაზვერვის წარმოუდგენელ ინფილტრაციაზე ფიქრი, ლიდერებს მოსვენებას არ აძლევს"- წერენ ავტორები.

  • ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების კომპრომეტირებას აღიარებენ რეჟიმის პოლიტიკური ლიდერებიც - ირანის პარლამენტის სპიკერის თანაშემწის თქმით, "ვერავინ უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების სისტემის სერიოზულ ჩავარდნას - "ჩვენი უმაღლესი ლიდერები 1 საათის განმავლობაში მოკლეს."

  • წყაროების ცნობით, ტარგეტირებული თავდასხმის შიში იმდენად გავრცელებულია, რომ ირანის უსაფრთხოების უწყებებმა კომუნიკაციის ახალი პროტოკოლები შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებმა და სამხედრო მეთაურებმა არ უნდა გამოიყენონ მობილური კავშირი და დარჩნენ "მიწისქვეშ."

  • ირანის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, სწორედ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებითა და ქვეყანაში დამალული მტრული ძალების გამოვლენას ემსახურება ინტერნეტ კავშირის ჩახშობის ზომები

Context: წყაროები მიუთითებენ, რომ ამერიკის მხრიდან სამხედრო ოპერაციაში შესაძლო ჩართვა ალი ხამენეისთვის ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი, იყო, თუმცა შეერთებული შტატების მხრიდან ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგაც არ ჩანს, რომ რეჟიმი მზად იყო ასეთი განვითარებისთვის. 

  • გასულ დღეებში თეირანიდან ისმოდა მუქარები, რომ ამერიკული ავიაციის დაბომბვის შემთხვევაში ირანი რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტევდა, თუმცა უცნობია აღასრულებს თუ არა მუქარას ირანი. 

  • ვაშინგტონში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ პროგრამას არსებითი ზიანი მიადგა და ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანი არ არის სრულმასშტაბიანი დაპირისპირება. 

  • თავის ერთ-ერთ ბოლო პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა "პრაქტიკულად ხელიდან გამოგლიჯა" ირანს ბომბი.

  • "ტერმინი: რეჟიმის შეცვლა არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ არსებულ რეჟიმს არ შეუძლია ირანი კვლავ დიადი გახადოს, რატომაც არ უნდა განვახორციელოთ რეჟიმის ცვლილება?"- წერს ტრამპი. 

მსგავსი სიახლეები