ირანმა და აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გაცვალეს

დაძაბულობა ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთხელ გადაიზარდა შეირაღებული დაპირისპირების ეპიზოდში. 

ვითარების არსი: არსებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ავიაციამ დარტყმები მიიტანა ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის ჰორმუზის წყლებში მდებარე კემშის კუნძულზე, ხოლო ირანმა 3 ამერიკული სამხედრო გემისკენ რაკეტები და დრონები გაუშვა. 

  • ამასთანავე, ამერიკაში ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ მოქმედებს - თეირანმა ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 

ჩაშლილად: "ეს მსუბუქი შეხება იყო"- ასე შეაფასა ეპიზოდი დონალდ ტრამპმა და განაცხადა, რომ ამერიკამ ირანის კუთვნილი "უამრავი" პატარა ნავი ჩაძირა - ამერიკელმა პრეზიდენტმა ირანის მმართველებს "შეშლილები" უწოდა და "დღევანდელზე უარესით" დაემუქრა, იმ შემთხვევაში "თუ სწრაფად" არ წავლენ შეთანხმებაზე. 

  • აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (СENTCOM) ცნობით, საჰაერო დარტყმები ირანის მხრიდან "არაპროვოცირებულ შეტევებზე" პასუხი იყო, ხოლო მათი გემებისკენ გაშვებული რაკეტები და დრონები ჰაერშივე ჩამოაგდეს. 

დიდი სურათი: დაპირისპირება ქვეყნებს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარე ინტენსიური დიპლომატიური პროცესის ფონზე მიმდინარეობს - დასავლური წყაროების ცნობით, მხარეები განიხილავენ 1-გვერდიან მემორანდუმის პროექტს ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების 30-დღიანი პერიოდის გამოცხადების შესახებ. 

  • პარალელურად გასულ დღეებში ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ახალი ოპერაციის (Project Freedom) დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ამერიკული გემები გაუძღვებოდნენ სავაჭრო გემებს და დაეხმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაში. 

  • ტრამპის ინიციატივას ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავი გემების მიმართ ცეცხლის გახსნითა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე სარაკეტო შეტევით უპასუხა. 

კონტექსტი: ირანის პასუხიდან რამდენიმე საათში ტრამპმა ოპერაციის შეჩერების შესახებ გამოაცხადა და მიზეზად ირანთან წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები