ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ გააძლიერონ წნეხი ირანული ნავთობის ექსპორტზე

გასულ კვირას თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ გაზარდონ წნეხი ირანული ნავთობის ექსპორტზე, რომელიც ისლამური რესპუბლიკის შემოსავლის მთავარი წყაროა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს - მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ირანის რეჟიმს მიმდინარე მოლაპარაკებებში მეტი დათმობებისკენ უბიძგებენ. 

  • გამოცემის ამერიკელი წყაროების ცნობით, ირანზე მაქსიმალური წნეხის მიდგომა მოლაპარაკებების პროცესშიც შენარჩუნდება და პარალელურად გაგრძელდება ამერიკის სამხედრო კონცენტრაციის ზრდა რეგიონში. 

  • "ჩვენ შევთანხმდით, რომ მაქსიმალური წნეხის პოლიტიკას მთელი ძალით ავამოქმედებთ, მაგალითად ირანული ნავთობის ექსპორტზე ჩინეთის მიმართულებით"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

წინარეისტორია: ტრამპის მიერ 10 დღის წინ ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულება ამერიკელ პრეზიდენტს ხელს უხსნის ირანზე ეკონომიკური წნეხის გასაზრდელად. 

  • განკარგულება, ასევე საშუალებას მისცემს სახელმწიფო დეპარტამენტს და ხაზინას პრეზიდენტს წარუდგინოს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ, რათა ტრამპმა ამ ქვეყნებს დამატებით 25%-იანი საბაჟო ტარიფები დაუწესოს. 

სტრიქონებს შორის: მიუხედავად ამისა, კომენტატორების შეფასებით, ტრამპი "არ იჩქარებს" დამატებითი საბაჟო ტარიფების დაწესებას ჩინეთისთვის, რომელზეც ირანული ნათვობის ჯამური ექსპორტის 80% მოდის. 

  • მათი აზრით, ირანთან ვაჭრობის გამო ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესება კიდევ უფრო გაართულებს მყიფე სავაჭრო ზავს და მოსალოდნელია, რომ პეკინი ამას კრიტიკული მინერალების ექსპორტის გადაკეტვით უპასუხებს. 

დაეწიე ამბავს: წყაროების ცნობით, გასულ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე ტრამპი და ნეთანიაჰუ შეთანხდნენ საბოლოო მიზანზე - ირანი, რომელსაც არ ექნება საშუალება დაამზადოს ბირთვული იარაღი. 

  • მიუხედავად ამისა, ამერიკის და ისრაელის ლიდერები კვლავ ვერ თანხმდებიან ამ ამოცანის მიღწევის გზებზე - ნეთანიაჰუ ცდილობდა ტრამპის დარწმუნებას, რომ ირანთან კარგი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია და ასეთის ხელმოწერის შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა არ დაიცავს პირობებს. 

  • ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ მისი აზრით გარიგების მიღწევა შესაძლებელია. 

დიდი სურათი: წყაროების ცნობით, გასულ დღეებში ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში თავის ემისრებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ჰკითხა რამდენად შესაძლებელია ირანთან შეთანხმება. 

  • უიტკოფისა და კუშნერის პასუხი იყო, რომ ისტორიული გამოცდილებით ირანთან მუშა შეთანხმების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ამ დროისთვის ირანელები მათთან კომუნიკაციაში სწორ გზავნილებს აჟღერებენ. 

  • დასავლური მედიის ცნობით, გასულ დღეებში უიტკოფმა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის გავლით ირანელებს მოთხოვნების ჩამონათვალი გადასცა, რომელზე პასუხსაც ჟენევაში გასამართ მოლაპარაკებებზე ელოდება. 

კონტექსტი: ირანისა და აშშ-ს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში, 17 თებერვალს გაიმართება. ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი უხელმძღვანელებს. 

მსგავსი სიახლეები