-

ირანის ლიდერებმა საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავებაში დახმარებისთვის ისლამური რესპუბლიკის ორი ყოფილი ლიდერის, აიათოლა ხომეინისა და აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის ოჯახებს მიმართეს, რომლებიც ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხომეინისა და რაფნსანჯანის კლანის წევრებს ოქტომბრის ბოლოს საკუთარი ინიციატივით შეხვდა. 

შეხვედრაზე ალი შამხანიმ ხომეინისა და რაფსანჯანის ოჯახის გავლენიან წევრებს სთხოვა, საჯაროდ გამოსულიყვნენ და მოეწოდებინათ დემონსტრანტებისთვის შეეწყვიტათ საპროტესტო გამოსვლები.

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შამხანიმ მიანიშნა, რომ პროტესტების შეწყვეტის შემთხვევაში რეჟიმი მზად არის, შეარბილოს სხვადასხვა წესები, რასაც დემონტრანტები 2 თვის განმავლობაში ითხოვდნენ. 

გამოცემის ცნობით, რაფსანჯანისა და ხომეინის ოჯახის წევრებმა უარი თქვეს რეჟიმის დახმარებაზე. 

კონტექსტი

ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე 2 თვეა მიმდინარეობს. 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 17 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. 

ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია. 

ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა. 

რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ. 

რას წარმოადგენს ხომეინის და რაფსანჯანის კლანი

თავის მხრივ, ირანის ლიდერები საჯაროდ უარყოფენ, რომ რეჟიმს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს და ამბობენ, რომ ისინი მზად არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ვითარების სტაბილიზაციისთვის.

ირანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტების ფონზე ალი ხამინეიმ, შესაძლოა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალი შამხანი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. არის ცნობები, რომ ხამინეიმ, შესაძლოა, პროტესტებთან ვერგამკლავების საფუძველზე გადადგომა მოსთხოვოს პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისისაც.  

საპროტესტო გამოსვლებმა უკვე მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება ქვეყნის შიგნით - საქმე ის არის, რომ ისლამური რესპუბლიკის მმართველობა არასდროს ყოფილა ამდენად ულტრა-კონსერვატიული. 

ე.წ. რეფორმატორები ან ტექნოკრატები ყოველთვის პოულობდნენ თავიანთ ადგილს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც, თავის მხრივ, რეჟიმის მიმართ წნეხს მნიშვნელოვნად ამცირებდა. 

სურათი დრამატულად შეიცვალა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის დროსაც ირანის უმაღლესი ლიდერის, ალი ხამინეის მეცადინეობით ე.წ. რეფორმატორები სრულად განიდივდნენ სახელისუფლებო შტოებიდან. 

მათ შორის ქვეყნის ე.წ. იურისტთა საბჭომ, რომელიც არჩევით თანამდებობზე კანდიდატებს ამტკიცებს, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა პრაქტიკულად ყველა არაკონსერვატორ კანდიდატს. ეს ისლამური რესპუბლიკაში უპრეცედენტო შემთხვევა იყო - როგორც წესი, მინიმალური კონკურენციის ხილვადობის შექმნის მიზნით, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას რეფორმატორების ფლანგის ერთ კანდიდატს მაინც აძლევდნენ. 

ძალთა ასეთმა განლაგებამ გავლენა იქონია საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომელში მონაწილეობის მაჩვენებელიც რეკორდულად დაბალი იყო. 

ულტრა-კონსერვატორებისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელში ძალაუფლების სრულმა კონსოლიდაციამ ირანის მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია. 

ამ მოცემულობაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ სხვადასხვა გავლენიანი ოჯახის წარმომადგენლებიც, რომლებიც თავს უფრო მეტად სწორედ რეფორმატორთა ფლანგს მიაკუთვნებოდნენ. მათ შორის არიან აიათოლა ხომეინისა და აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის შთამომავლებიც. 

რაფსანჯანის და ხომეინის ოჯახებისთვის დახმარების თხოვნა მიუთითებს, რომ რეჟიმი საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავების ალტერნატიულ გზებს ეძებს და განიხილავს დათმობებს, რომლებიც 2 თვის წინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა. 

ირანში ცოტა ოჯახს თუ აქვს ისეთი პირდაპირი და გავლენიანი კავშირები ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან, როგორც აიათოლა ხომეინის შთამომავლობას, რომელიც ისლამური რევოლუციის ფუძემდებლად და უპირობო ლიდერად მიიჩნევა. 

აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გავლენა კი განსაკუთრებით გაიზარდა ირან-ერაყის ომის წლებში. სწორედ რაფსანჯანის მხარდაჭერა იყო კრიტიკული ალი ხამინეისთვის, რომელიც აიათოლას გარდაცვალების შემდეგ ირანის უმაღლეს ლიდერად აირჩიეს. 

თავად რაფსანჯანი 1989-1997 წლებში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და პრაგმატულ პოლიტიკოსად მიიჩნეოდა, რომელთან საუბარიც შეიძლებოდა. რაფსანჯანი 2017 წელს გარდაიცვალა. 

ხომეინისა და რაფსანჯანის შთამომავლები პოლიტიკითა და ბიზნესით არიან დაკავებულები. ისინი ე.წ. რეფორმატორებთან დაახლოებულ პირებად მოიაზრებიან და მიიჩნევა, რომ მათ არ აქვთ კარგი ურთიერთობები ალი ხამინეისთან. 

საპროტესტო დემონსტრაციებზე დააკავეს რაფსანჯანის უმცროსი ქალიშვილი, ფაეზე ჰაშემი და ოჯახის ორი სხვა წევრიც. 

არსებული ცნობებით, ალი შამხანიმ რაფსანჯანისა და ხომეინის ოჯახის ახლობლებს პრეზიდენტ რაისისთან შეხვედრაც შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შედგა თუ არა შეხვედრა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან. 

ცნობილია, რომ გავლენიანმა ოჯახებმა უარი თქვეს რეჟიმთან თანამშრომლობაზე და მას შემდეგ საჯაროდ დაუჭირეს მხარი საპროტესტო დემონსტრაციებს. მათ შორის, დემონსტრანტებს მხარი დაუჭირა აიათოლა ხომეინის შვილიშვილმა, ჰასან ხომეინიმ. 

"ქვეყნის მართვის ყველაზე რაციონალური გზა უმრავლესობაზე ორიენტირებული დემოკრატიაა. ჩვენ უნდა გვქონდეს ღმერთის იმედი და ხალხის ნდობა", - განაცხადა ჰასან ხომეინიმ, რომელიც გავლიანიანი მღვდელი და მქადაგებელია. 

ცოტა ხნის წინ რეჟიმისთვის არსებულ რისკებზე ისაუბრა  ირანის კიდევ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მოჰამად ჰათამიმ, რომელიც ასევე რეფორმისტთა ფლანგს განეკუთვნება: "სტატუს-ქვოს განგრძობითი შენარჩუნება ზრდის სოციალური კოლაფსის საფრთხეს". 

რა შეიძლება მოხდეს 

ირანის მკვლევრები მიუთითებენ, რომ რეჟიმმა, შესაძლოა, დაკარგოს სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერა, თუ ეს ჯგუფები დაეჭვდებიან, რომ რეჟიმს ძალუძს პროტესტებთან გამკლავება. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფად ირანის წმინდა ქალაქისა და სასულიერო ცენტრის, ყუმის სასულიერო ელიტა მოიაზრება, რომელიც მთელ ქვეყანაში დიდი გავლენით სარგებლობს. 

მოვლენათა განვითარების კიდევ ერთ შესაძლო სცენარად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გააქტიურება მიიჩნევა - ბევრი მიიჩნევს, რომ გუშაგთა კორპუსი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში და გააჩნია ავტონომიურად მოქმედების არეალი, შეეცადება ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და თეოკრატიის სამხედრო-ნაციონალისტური რეჟიმით ჩანაცვლებას. 

ე.წ. რეფორმატორთა ბანაკში განიხილება რეფერენდუმის იდეაც, რომელზეც მოქალაქეები თეოკრატიის ბედს გადაწყვეტენ. 

თავის მხრივ, ირანის მოსახლეობის უმრავლესობა, სხვადასხვა კვლევით, თეოკრატიული მმართველობის წინააღმდეგია - 2020 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ირანელთა 68% მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ უნდა ეყრდნობოდეს რელიგიურ სწავლებას. 

 

მსგავსი სიახლეები