-

ღაზის ომის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა. როგორც ყოველთვის, რეალურ ომს ხედვების და შეფასებების ბრძოლაც სდევს თან. რაც დრო გადის და ომი იწელება, ისრაელის საწინააღმდეგო განწყობა, რომელიც თავიდანვე არსებობდა, კიდევ უფრო ძლიერდება. გლობალურ „პროგრესულ საზოგადოებაში“ (მისი ქართული ნაწილის ჩათვლით) ლამის სავალდებულოდ იქცა ისრაელის დაგმობა. ვინც ამას არ ეთანხმება, ითვლება არა უბრალოდ შემცდარ ადამიანად, არამედ მორალურ მონსტრად, რომელსაც მოკლული და მოშიმშილე ბავშვები არ ეცოდება (ამას საკუთარი გამოცდილებითაც ვამბობ).

მე თავიდანვე ის პოზიცია მქონდა, რომ მიმდინარე ომი სამართლიანია ისრაელის მხრიდან და უსამართლო - ჰამასის მხრიდან. როცა ზოგადად ლიბერალური პოზიციების მატარებელ (ან ამაზე პრეტენზიის მქონე) ადამიანებს რადიკალურად ანტი-ისრაელური პოზიცია უკავიათ, ეს მორალური და ინტელექტუალური გონებადაბინდულობის გამოვლენად მიმაჩნია - რაც, ცხადია, არ გულისხმობს ისრაელის პოლიტიკის და კონკრეტული ნაბიჯების დასაბუთებულ კრიტიკას. ჩემი თემა კამათის ინტელექტუალური და მორალური ჩარჩოა: რაზე და რის საფუძველზე ვლაპარაკობთ, როცა ამ ომს ვაფასებთ? ამ დროს მრავალ დისკუსიაზე დაკვირვებას დავეყრდნობი და რამდენიმე ძირითად თემას შევეხები რაც, ჩემი აზრით, ხშირადაა გაუგებრობის და ბუნდოვანების წყარო. 

ანტისემიტიზმი

მრავალგზის დოკუმენტირებული ფაქტია, რომ ამ ომმა ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით დასავლეთში, ანტისემიტიზმის აფეთქება გამოიწვია. არაფორმალური ტაბუ ანტისემიტიზმის გამოვლენებზე, რაც დასავლეთში (მაგრამ არა სხვაგან) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოქმედებდა, ფაქტობრივად მოიხსნა. ეს დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ზოგადი კრიზისის ერთ-ერთ გამოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ.

ვიცი, ისლამოფობიაც არსებობს. ნებისმიერი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მიმართ ზიზღი, მორალურად მიუღებელია. მაგრამ არ მინახავს მონაცემი, რომლის თანახმადაც ამ ომს დასავლეთში ისლამოფობიის არსებითი გაძლიერება მოჰყოლოდეს. ომის გარშემო გამართულ დისკუსიებში ღიად ისლამოფობიური განცხადებები პრაქტიკულად არ შემხვედრია, ანტისემიტური - რამდენიც გინდა. 

მაგრამ ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ისრაელის მთავრობის კონკრეტული ქმედებების თუ ზოგადი პოლიტიკის თუნდაც რადიკალური და, ჩემი აზრით, უსამართლო კრიტიკა ავტომატურად ანტისემიტიზმს არ ნიშნავს. ისრაელის სტრატეგიას ამ ომში ისრაელელი (ან სხვა ქვეყანაში მცხოვრები) ებრაელებიც ხშირად მძაფრად აკრიტიკებენ, თუმცა მათ ძნელია ანტისემიტები დავუძახოთ. ასეთ კრიტიკას, მრავალი მოტივი შეიძლება ჰქონდეს, ანტისემიტიზმი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია. რთული განსასაზღვრია, სად გადის „წითელი ხაზი,“ რის იქითაც ისრაელის  წინააღმდეგ ბრძოლა ანტისემიტიზმში გადადის. 

თანამედროვე ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ ადამიანებმა ხშირად თვითონ არ იციან თავისი ქმედებების ან პოზიციების რეალური მოტივები; მით უმეტეს, არაპროდუქტიულია სხვების მოტივებში ქექვა. თუმცა ანტისემიტიზმის აღზევება თავისთავად სერიოზული პრობლემაა, როცა საქმე კონკრეტული პირების კონკრეტულ შეფასებებს ეხება, ანტისემიტიზმზე მუდმივი აპელირება ცუდი საპოლემიკო სტრატეგიაა. მთავარია, სწორს ამბობს თუ არა ადამიანი, და არა ის, რა ათქმევინებს იმას, რასაც ამბობს. 

ავტორიტეტის იდოლა 

მე-16 საუკუნეში ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფრენსის ბეკონმა, რომელიც თანამედროვე მეცნიერების მამად ითვლება, თქვა, რომ მეცნიერება მოითხოვს კერპებისგან („იდოლებისგან“) განთავისუფლებას. ერთ-ერთი ასეთი იდოლაა უტყუარი ავტორიტეტების მოხმობა. ჩემი დაკვირვებით, ისრაელის რადიკალურ კრიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ ასეთ უტყუარ ავტორიტეტებზე მითითება, განსაკუთრებით, გაეროს რეზოლუციებზე ან ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის თანახმადაც ისრაელი ღაზაში გენოციდს სჩადის. 

იგივე ადამიანები სრულიად ბუნებრივად თვლიან ცალკეული მთავრობების, საკუთრის თუ სხვისის, კრიტიკას. ასეც უნდა იყოს: შეჩვეული ვართ, რომ მთავრობის კრიტიკა „მოსულა“. არც ის გვიკვირს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებას ვინმე არასწორად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. რატომ შეადგენს გამონაკლისს საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებები? განსაკუთრებული პიეტეტი სიტყვა „საერთაშორისოს“ მიმართ ირაციონალურია. ადამიანი ზოგადად ნაკლული არსებაა; ყველა დონის გადაწყვეტილების მიმღები შეიძლება მიკერძოებული იყოს მრავალი მოტივით: ანტისემიტიზმით, ისლამოფობიით, იდეოლოგიური აკვიატებით, სოციალური წნეხით, პოლიტიკური კონიუნქტურით და ა.შ. ეროვნული მთავრობები და საერთაშორისო ბიუროკრატია ამ მხრივ არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯობია, ბეკონს დავუჯეროთ და კამათში მხოლოდ ორ რამეს დავეყრდნოთ: ფაქტებს და ლოგიკას. 

ისტორიული სამართლის აღდგენა

ამ ომზე საუბრისას ისრაელის რადიკალური კრიტიკოსები, როგორც წესი, თემას ცვლიან და კონფლიქტის ზოგად ისტორიული კონტექსტზე გადადიან. ამ მხრივ მთავარია 1947-48 წლებში ისრაელის შექმნის ისტორია. მას სიონისტური მოძრაობის მრავალწლიანი ძალისხმევა უსწრებდა წინ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გარე ძალებმა, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა და, მათი გავლენით, გაერომ, მიიღეს. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა არაბული ძალები არ დაეთანხმნენ და რამდენჯერმე დაიწყეს ომი მის უარსაყოფად, თუმცა ისრაელმა ყოველ ჯერზე ძირითადად წარმატებით შეძლო თავის დაცვა. 

სამართლიანი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება? ეს ურთულესი საკითხია. ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომლის პოზიციას მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმძიმესი მორალური და პოლიტიკური დილემის წინაშე დადგა და მხოლოდ ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გადაიხარა ისრაელის მხარდაჭერისკენ. გასაკვირი არაფერია: ისრაელის არშექმნა უსამართლო იქნებოდა ებრაელების მიმართ, ხოლო შექმნამ მრავალი უსამართლობა მოუტანა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ არაბებს. ყოველმხრივ სამართლიანი გადაწყვეტა პრინციპულად შეუძლებელი იქნებოდა. არც მე მაქვს ამ საკითხზე კატეგორიული პოზიცია. 

მაგრამ თუნდაც შევთანხმდეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის შექმნა შეცდომა იყო, აქედან თავისთავად არ გამომდინარეობს, რომ დღეს ისრაელი უნდა გაუქმდეს და იქ მცხოვრები დაახლოებით 7 მილიონი ებრაელი განიდევნოს. 

ამის აშკარად თქმას ისრაელის დასავლელი კრიტიკოსები, როგორც წესი, გაურბიან. მაგრამ ესაა ჰამასის პოზიცია, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ (ღიად თუ შეფარულად). მაგალითად, სწორედ ამას ნიშნავს პოპულარული სლოგანი From the river to the sea Palestine will be free („პალესტინა მდინარესა [იორდანსა] და [ხმელთაშუა] ზღვას შორის თავისუფალი იქნება“). „თავისუფალი“ აქ ებრაელებისგან თავისუფალს ნიშნავს. ეს გენოციდისკენ მოწოდებაა. რამდენად გააზრებული აქვთ ეს დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრესულ სტუდენტებს, რომლებიც ამ სიტყვებს ენთუზიაზმით სკანდირებენ, სხვა საქმეა. 

მე-19 და მე-20 საუკუნეებში მრავალი იმპერია დაიშალა და ისინი ერმა-სახელმწიფოებმა ჩაანაცვლეს. ასე მოხდა პალესტინაშიც. ეს უაღრესად მტკივნეული პროცესი იყო. ნორმა და არა გამონაკლისია, რომ საზღვრებს გარე ძალები მეტ-ნაკლებად თვითნებურად ავლებდნენ და ამ დროს სამართლიანობის კრიტერიუმებს არ იცავდნენ (თუკი ამ საქმეში ასეთი კრიტერიუმები საერთოდ არსებობს). ყველაზე მძიმე იყო მასობრივი იძულებითი მიგრაციები და ეთნიკური წმენდები. მილიონობით გერმანელი განიდევნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მანამდე თურქები - ბალკანეთიდან, სომხები და ბერძნები - თურქეთიდან და ასე შემდეგ. ამ მასშტაბურ უსამართლობებს შესაბამისი შეფასება სჭირდება. მაგრამ შეფასება არ ნიშნავს საწყისი მდგომარეობის აღდგენას: ეს შეუძლებელია. ისიც ყოველთვის საკითხავია, რომელი მდგომარეობაა საწყისი? პალესტინის შემთხვევა რომ ავიღოთ, ორი ათასი წლის წინანდელი სიტუაციიდან უნდა ამოვიდეთ, როცა ებრაელები თავისი სამშობლოდან განდევნეს, თუ 1948 წლის მდგომარეობიდან, როცა არაბები დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე უმრავლესობას შეადგენდნენ?

თუ ისტორიული სამართლიანობის პრინციპს გავყვებით, მეტ-ნაკლებად ლეგიტიმური ისტორიული პრეტენზიები ყველას აქვს. ჩვენც შეგვიძლია, ტაო-კლარჯეთის დასაბრუნებლად თურქეთს ომს გამოვუცხადოთ (იმედი მაქვს, მიხვდით, რომ ეს წმინდად პიპოთეზური დაშვებაა) იმ დათქმით, რომ ახალს კი არ ვიწყებთ, არამედ მე-17 საუკუნის ომს ვაგრძელებთ. მაგრამ ამ განცხადებას სერიოზულად არავინ მიიღებს: ეს ახალი, 21-ეს საუკუნის ომი იქნება. ასევე, 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმით დაწყებულ ომზე დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის და ინტერესების ანალიზიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ და მასზე მხოლოდ მოქმედი ლიდერები აგებენ პასუხს - თუმცა, ანალიზისას, ისტორიული კონტექსტიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ცხადია, პალესტინის შემთხვევაში, ტაო-კლარჯეთის წარმოსახულ ჰიპოთეზურ მაგალითთან შედარებით, ისტორიული კონტექსტი უფრო ახალი და ემოციურია, მაგრამ განსხვავება ფსიქოლოგიურია და არა არსობრივი.  

ეს ისრაელ-ჰამასის ომია! 

ომის სახელდება იშვიათად არის პოლიტიკურად ნეიტრალური. ხშირად გამიგია ანტი-ისრაელური პოზიციის მომხრეთაგან: ნუ ამბობთ „ისრაელ-ჰამასის ომს“, თქვით „ისრაელ-პალესტინის ომი.“ ამ დაჟინების უკან მდგომი ანტი-ისრაელური გზავნილი ყველასთვის ცხადი არ არის. „პალესტინა“ ამ რეგიონს გარე ძალამ, რომის იმპერიამ შეარქვა; პალესტინელია აქ მცხოვრები ებრაელიც და არაბიც (და ნებისმიერი სხვაც). ებრაელთა ამორიცხვა „პალესტინელის“ ცნებიდან შეფარულად გულისხმობს, რომ ებრაელი აქ არ უნდა ცხოვრობდეს  - ან, უკეთეს შემთხვევაში, დამორჩილებული უმცირესობის სტატუსით უნდა სარგებლობდეს. მხოლოდ არაბების მიჩნევა პალესტინელებად აპრიორი ნიშნავს, რომ მთელი ეს ტერიტორია არაბებისაა.

„ჰამასის“ „პალესტინელებით“ ჩანაცლებას მეორე მნიშვნელოვანი განზომილებაც აქვს. „პროგრესული“ ადამიანების უმრავლესობას, გასაგები მიზეზების გამო, ჰამასის მხარეს ღიად დადგომა ეთაკილება. ზოგადად „პალესტინელების“, როგორც „ჩაგრული ხალხის“ დაცვა გაცილებით უფრო ლეგიტიმურად ჟღერს. მაგრამ ეს საკითხს მხოლოდ აბუნდოვანებს. ისრაელის (მისი ხელისუფლების) და ჰამასისგან განსხვავებით, „პალესტინელები“ ერთიანი ნების და ინტერესების მქონე სუბიექტი არ არის, თუმცა ასეთად წარმოიდგინება.    

თუნდაც თუ „პალესტინელებად“ მხოლოდ არაბებს ჩავთვლით, ეს მაინც არ იქნება ისრაელ-პალესტინის ომი. არაბი პალესტინელები ცხოვრობენ იორდანიაშიც, „მარჯვენა სანაპიროზეც,“ ღაზაშიც. ომი კი მხოლოდ ღაზაშია, რომლის მთავრობა ჰამასია. ჰამასს გაუხარდება, თუ მასში სხვა პალესტინელი არაბები - და ზოგადად სხვა არაბები - ჩაერთვებიან (ცხადია, მის მხარეს), მაგრამ ეს არ ხდება. 

არაბი პალესტინელების სამ ტერიტორიულ წარმონაქმნს არსებითად სხვადასხვა სტატუსი და მდგომარეობა აქვთ. იორდანია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ისრაელთან ნორმალურ, თუმცა არცთუ მეგობრულ ურთიერთობაშია. მისმა სამეფო სახლმა ისრაელის არსებობის უფლება აღიარა. „მარჯვენა სანაპიროდ“ წოდებული ტერიტორია ისრაელის მიერ ოკუპირებულია; მეტიც, ისრაელი წაახალისებს აქ ებრაელთა დასახლებას, რისთვისაც მას დიდი ხანია და სამართლიანად აკრიტიკებენ. მაგრამ ღაზაში ისრაელმა სრულიად განსხვავებული პოლიტიკა აირჩია. მან 2005 წელს გაიყვანა აქედან თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა ებრაელი მოსახლე (ზოგი იძულებით), მათი წინაპრების საფლავებიანად, და ამის შემდეგ ღაზას შიდა საქმეებში არ ერეოდა. მას ღაზის „ბლოკადას“ აბრალებენ, მაგრამ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაზვიადებაა, რადგან ამ ტერიტორიას მარტო ისრაელთან არ აქვს საზღვარი და მისი ბლოკირება ისრაელს ფიზიკურად არ შეუძლია.  

სიტუაციის ირონიულობა ისაა, რომ ღაზის რეჟიმი „ორი სახელმწიფოს“ იდეის მიახლოებას, ამ მიმართულებით გადადგმულ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს შეადგენდა - რაც ძალიან ბევრის, მათ შორის ჩემი აზრითაც, პალესტინის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა. ჩვენებური ენით, ეს დე ფაქტო სახელმწიფო იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ქართველები პრინციპის დონეზე მაინც ვინარჩუნებთ აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივას, ისრაელს ღაზის მიერთების სურვილი აღარასოდეს გამოუთქვამს. ჰამასის მთავრობას რომ ისრაელის არსებობის უფლება ეღიარებინა, დარწმუნებული ვარ, დღეისთვის ის უკვე სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნებოდა. მაგრამ ჰამასმა საპროგრამო მიზნად ისრაელის განადგურება შეინარჩუნა. ისრაელს და ბევრ სხვასაც სჯეროდა, რომ ჰამასის მხრიდან ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყო, რეალურად კი ის სტატუს-კვოს არსებითად შეურიგდა. ამით აიხსნება ღაზასთან ისრაელის საზღვრის დაუცველობა. მაგრამ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა საქმით დაამტკიცა, რომ ისრაელის განადგურების პროგრამა ძალაში რჩებოდა. ამით მან „ორი სახელმწიფოს“ იდეასაც ლახვარი ჩაასო. 

ასე რომ, არაბი პალესტინელები, როგორც ამ ომის მხარე, ფანტომია. არსებობს ზოგადარაბული აფექტური სოლიდარობა და ებრაელების გაზიარებული სიძულვილი, მაგრამ რეალური მდგომარეობა და ინტერესები სამივე არაბულ-პალესტინურ ერთეულში, ისევე როგორც სხვა არაბულ სახელმწიფოებში, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ამ ომში მხარეა მხოლოდ ჰამასი და ღაზის მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი მთავრობის მიმართ არაცალსახა დამოკიდებულება აქვს. მისი მოკავშირეები არიან არა სხვა არაბები, არამედ რელიგიურად და ეთნიკურად უცხო (შიიტური) ირანი და ისევ ირანის კლიენტი, ლიბანში ბაზირებული ჰეზბოლა. უფრო შორეულ მოკავშირეებში რუსეთიცაა.

რა უნდა ქნას ისრაელმა?

ისრაელის კრიტიკოსები თითქმის არასდროს სთავაზობენ ისრაელს კონკრეტულ ალტერნატივას - რა უნდა ექნა მას შვიდი ოქტომბრის შემდეგ? („ორი სახელმწიფოს“ თავისთავად კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე არარეალისტური იდეა ასეთად, სამწუხაროდ, ვერ ჩაითვლება). ვერ წარმომიდგენია ისრაელის რომელიმე მთავრობა, რომელიც ჰამასის გამოწვევას ომით არ უპასუხებდა (შესაბამისად, კარგია ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ ცუდი, ამ ომის კონტექსტში გადამწყვეტი არ არის). ვერავინ აიტანდა მეზობელი ქვეყნის მთავრობას, რომელიც არა მარტო ზოგადად ისახავს ძირითად მიზნად შენს განადგურებას, არამედ ამას რეალურადაც ცდილობს და ხალხს გიხოცავს. ისრაელის მხრიდან ომს ლეგიტიმურობის პრობლემა არა აქვს. ასევე სრულიად ლეგიტიმურია ომის ორივე გამოცხადებული მიზანი: ჰამასის განადგურება და მძევლების დახსნა. 

მაგრამ პრობლემა, თანაც ძალიან დიდი, იმაშია, კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს ეს მიზნები. პირველ რიგში, როგორ უნდა შეარიგო ისინი ერთმანეთთან: თუ ჰამასის ბოლომდე განადგურება გინდა, მძევლებს რატომ დაგიბრუნებს? მეორეს მხრივ, რამდენი ჯარისკაცის სიცოცხლე უნდა ჩააგდო საფრთხეში, რომ ერთი ან რამდენიმე მძევალი დაიხსნა? ეს ტრაგიკულ მორალურ დილემებს ქმნის.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რას ნიშნავს „ჰამასის დამარცხება“ და როგორ უნდა იმართოს ღაზა ომის შემდეგ. ზოგი ისრაელელი სამხედრო ამბობს, რომ „ჰამასი იდეაა და მას ვერ გაანადგურებ“. ეს ნიშნავს, რომ არაბებს ყოველთვის ენდომებათ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს მოსპობა და ამას ვერაფერს უშველი. პრაქტიკულად იგულისხმება, რომ ჰამასი უკვე რადიკალურად დასუსტდა, ამიტომ ის შეიძლება განადგურებულად გამოაცხადო და ომი დაამთავრო; თან, იქნებ, მის ნარჩენებს დარჩენილი მკვდარი თუ ცოცხალი მძევლებიც გამოსტყუო. შეიძლება ეს უკეთესი გამოსავალია - კამათს არ დავიწყებ. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემის მხოლოდ გადავადება ხდება: ღაზის კონტროლი ისევ ჰამასს დარჩება (ღაზის შიგნით ალტერნატივა არ არსებობს) და ადრე თუ გვიან ის ისევ რაღაც იმგვარს შეეცდება, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა. ბუნებრივად დაისმება კითხვა: ამდენი რისთვის ვიომეთ?

ნეთანიაჰუს მთავრობას უნდა, საკითხი უფრო გრძელვადიანად გადაწყვიტოს, ანუ უზრუნველყოს, რომ ჰამასი აღარ იყოს ღაზის მთავრობა. ეს არ გაემტყუნება. მაგრამ როგორ? ნეთანიაჰუ შეგნებულად აბუნდოვანებს ამ საკითხს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავისი სამთავრობო კოალიცია შეინარჩუნოს (რომლის ზოგ პარტნიორს ექსტრემისტული აზრები აქვს), მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ საკითხი ობიექტურად რთულია და სხვადასხვა ვარიანტისთვის ღია უნდა დარჩე. პრობლემის „საბოლოო გადაწყვეტა“ იქნებოდა ღაზის მოსახლეობის სრული ამოწყვეტა, მაგრამ, რასაც არ უნდა ამბობდნენ ჰააგის აქტივისტი მოსამართლეები, არაფრიდან ჩანს, რომ ისრაელს ეს უნდა. ომში დაღუპულთა ჰამასისგან მოწოდებული გაბერილი რიცხვებიც რომ მივიღოთ, გენოციდამდე მათაც ძალიან ბევრი უკლია: დაღუპულთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათას ადამიანს არ სცდება, მთელი მოსახლეობა კი - დაახლოებით ორი მილიონი. ისრაელის სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით საეჭვო არ უნდა იყოს რომ, სურვილის შემთხვევაში, ის გაცილებით მეტ ღაზელს მოკლავდა. 

თავიდანვე ვფიქრობდი, რომ, რაკი განოციდი (მადლობა ღმერთს) გამორიცხულია და ორი სახელმწიფოს იდეაც ჰამასმა მოკლა, ისრაელისთვისაც და ღაზელებისთვისაც (ოღონდ არა ჰამასისთვის) საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ ტერიტორიის ეგვიპტისთვის მიერთება (ის ერთ დროს მისი ნაწილი იყო). მაგრამ ეგვიპტის მთავრობას თავის ატკივება არ უნდა. ტრამპის ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ თეორიულად გაცოცხლდა ვარიანტი, რომ არაბული სახელმწიფოების რაღაც კონგლომერატი (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, გაერთიანებული ემირატები, შეიძლება ზოგი სხვაც) ღაზაზე მეურვეობას აიღებდნენ. არ ვიცი, რამდენად გამოვა ეს და რა ფორმით, მაგრამ ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ სანამ ღაზას ვინმე ხელს მოკიდებდეს, ჰამასის ბოლომდე გაუვნებლობის ბინძური საქმე ისევ ისრაელმა უნდა გააკეთოს. გამოვა ეს? არ ვიცით. ომი გრძელდება და სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერ არ გამოჩენილა.

რიგითი ადამიანების ტანჯვა

ისრაელის დაგმობის პათოსი ძირითადად ღაზელების ტანჯვას უკავშირდება. ფსიქოლოგიურად ეს ბუნებრივია. ღაზაში ჯოჯოხეთი ტრიალებს და შეუძლებელია, ნორმალური მორალური მგრძნობელობის მქონე ადამიანს მისი რიგითი მაცხოვრებლების მიმართ თანაგრძნობა არ გაუჩნდეს. მაგრამ ბუნებრივი ადამიანური რეაქციებიც ინფორმაციულ ომში იარაღად, ფსიქოლოგიური მანიპულაციის საგნად იქცევა. მკვდარი ან მშიერი ბავშვების სურათებმა რაციონალურ აზროვნებაზე ხელი არ უნდა აგვაღებინოს - უნდა ვიფიქროთ, რა არის მისი ინტერესი, ვინც ამ სურათებს გვიჩვენებს? და რამდენად ასახავენ ისინი ნამდვილ ვითარებას?  

ბოლო ხანებში სკანდალი გამოიწვია ძვალად და ტყავად ქცეული ღაზელი ბავშვის ფოტოსურათმა, რომელიც აქ არსებული შიმშილის სულისშემძვრელ ილუსტრაციად იქცა. ოღონდ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვს ცერებრული დამბლა ჰქონია და მისი მდგომარეობა შიმშილით სულაც არ აიხსნება. მეტიც, გამოქვეყნებული სურათი ამოჭრილი იყო უფრო დიდი ფოტოდან, სადაც ამ ბავშვის ძმაც ჩანს, რომელსაც შიმშილისა, გარეგნულად მაინც, არაფერი ეტყობა. ანუ, ეს გამიზნული სიყალბე იყო. ძირითადმა დასავლური გამოცემებმა ინფორმაციის სიმცდარე აღიარეს და ბოდიში მოიხადეს, მაგრამ ემოციური ეფექტი უკვე შედგა. შეიძლება თქვან, რომ ცალკეული შეცდომიდან შორს მიმავალი დასკვნის გამოტანა არ შეიძლება - მაგრამ ფაქტია, რომ შეცდომები ყოველთვის ისრაელის საზიანოდ ხდება და ის ტენდენციას ავლენს.  

ღაზის ვითარების ტრაგიკულობას არავინ უარყოფს. მაგრამ მთავარი კითხვაა: ვინ აგებს ამაზე პასუხს? აქ აზროვნების ავტომატიზმი ირთვება: რახან ღაზელები ისრაელის გასროლილი ბომბებით იღუპებიან, პასუხისმგებლობაც ისრაელისაა. მაგრამ ეს პრიმიტიული ლოგიკაა. მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის რიცხვებით გამოხატვა პირობითია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგითი ღაზელების ტანჯვაზე პასუხს ოთხმოცი პროცენტით ჰამასი აგებს და მაქსიმუმ ოცით - ისრაელი. ეს ასეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომი ჰამასმა დაიწყო (თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია). მთავარია მხარეების შორის რადიკალური ღირებულებითი განსხვავებები. უკვე ვთქვით, ჰამასის პროგრამა ისრაელელი ებრაელების გენოციდია - ისინი ამას არც მალავენ, მაგრამ ძალა არ ყოფნით; ისრაელს ღაზელების ამოწყვეტის რესურსი აქვს მაგრამ ამას არ აკეთებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჰამასისთვის მარტო ებრაელების დახოცა არ არის კარგი საქმე: მის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტი არაბი, განსაკუთრებით ქალი და ბავშვი დაიღუპოს, იმ პირობით, რომ ეს ისრაელს დაჰბრალდება. მშვიდობიანი არაბების ხოცვა ჰამასის პროპაგანდისტული გამარჯვებაა. ეს აძლიერებს საერთაშორისო წნეხს ისრაელზე, რომ ის დათმობებზე წავიდეს. რამდენად წარმატებულია ჰამასის ეს სტრატეგია, სხვა საკითხია - ისრაელი ინფორმაციულ ომს აგებს, მასზე წნეხი იზრდება, მაგრამ ჰამასის და მისი მოკავშირეების მდგომარეობა მაინც უარესდება. 

დასასრულს ვიტყვი, რომ ჩემთვის გამოცანად რჩება, როგორ ახერხებენ ადამიანები, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს გმობს, პალესტინაში რუსეთის მსოფლმხედველობრივ თანამოაზრეებს და ფაქტობრივ მოკავშირეებს დაუჭირონ მხარი. ისრაელი არაერთგვაროვანი, წინააღმდეგობებით აღსავსე საზოგადოება და არასრულყოფილი დემოკრატიაა - თუმცა, დემოკრატია, დიქტატურისგან განსხვავებით, ძნელია სრულყოფილი იყოს. ისრაელის პოლიტიკა „მარჯვენა სანაპიროს“ მიმართ ძალიან ძნელი დასაცავია. მათ კოალიციურ მთავრობაში შემავალი ბევრი პარტია ჩემთვის სრულიად მიუღებელია. მაგრამ ყველაფერი შედარებითია. ისრაელი ლიბერალური საზოგადოებაა, სადაც არავინ უშლის ხელს მთავრობის კრიტიკას; მისი არაბი მოქალაქეები (მოსახლეობის დაახლოებით ოცი პროცენტი) შეიძლება სოციალურ დისკრიმინაციას განიცდიდნენ, მაგრამ სხვა არაბულ ქვეყნებში მცხოვრებ თანამოძმეთა დიდ უმრავლესობაზე გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის, ისე უფლებათა დაცულობის მხრივ. ისრაელმა ეს რეჟიმი შეინარჩუნა პირობებში, როდესაც ამ ქვეყნის არსებობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა მათი მეზობლების მხრიდან და ის მუდმივ ომებში ან მათთვის მზადებაშია. რატომ უნდა აუკრძალო ასეთ ქვეყანას საკუთარი თავის დაცვა  და გაამართლო ტოტალიტარული „სიკვდილის კულტების“ (დაგლას მერეის გამოთქმაა) ბრძოლა მისი განადგურებისთვის, თან ეს „პროგრესულობის“ სახელით აკეთო? მაგრამ ადამიანის ბუნება სავსეა პარადოქსებით;  ეს მეტისმეტად რთული თემაა და მას ვერ ჩავუღრმავდები. 

 

______________________________________________________

 

მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.

სტატიის ავტორია გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.  

მსგავსი სიახლეები