NYT: ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ-სთან საიდუმლო მოლაპარაკებების დაწყება სცადეს
შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 24 საათში ირანის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნებმა შუამავლების მეშვეობით ვაშინგტონთან დაკავშირება და საიდუმლო მოლაპარაკებების ინიცირება სცადეს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
- წყაროს ცნობით, ირანელებს სურდათ დაკავშირება ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესაძლო პირობები განეხილათ.
- დაკავშირების მცდელობა ერთ-ერთი შუამავალი ქვეყნის საიდუმლო სამსახურის შუამავლობით განხორციელდა.
- ვითარებაში გაცნობიერებული ამერიკელი მაღალჩინოსნები სკეპტიკურად უყურებენ უახლოეს მომავალში ამგვარი შეთანხმების და ვითარების დე-ესკალაციის შესაძლებლობას.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ისრაელის მაღალჩინოსნებმა ამერიკელებს ურჩიეს არ მიექციათ დიდი ყურადღება და ფოკუსირებულიყვნენ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და რეპრესიული რესურსის განადგურებაზე.
- რამდენადაც ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ შეერთებული შტატები ამ დროისთვის არ განიხილავენ ირანთან მოლაპარაკებებს.
- "მოლაპარაკებებისთვის უკვე ძალიან გვიანია"- ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში 4 მარტს.
დიდი სურათი: ამასთანავე ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ როგორია ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია ირანის მომავალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
- სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გავრცელებულ პირველ მიმართვაში ტრამპმა ირანელების აჯანყებისკენ და ძალაუფლების აღებისკენ მოუწოდა, თუმცა მომდევნო დღეებში მისი რიტორიკა რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით საგრძნობლად შერბილდა.
- ტრამპს იმედი ჰქონდა, რომ ირანში ვენესუელას სცენარი გამეორდებოდა და გამოჩნდება რეჟიმის მაღალჩინოსანი, რომელიც უფრო მიდრეკილი იქნებოდა თანამშრომლობისკენ.
- "რაც ჩვენ ვენესუელაში გავაკეთეთ, ვფიქრობ იდეალური სცენარია"- თქვა ტრამპმა 1 მარტს New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
- თუმცა, უკვე 4 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ირანელი მაღალჩინოსნების ნაწილი, რომელთან თანამშრომლობასაც აშშ განიხილავდა საჰაერო დარტყმებს ემსხვეპლნენ.
კონტექსტი: წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ვაშინგტონი ირანისგან მოითხოვს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის მკაცრად შეზღუდვას და რეგიონის არაბულ ქვეყნებში მოკალათებული პროქსი დაკგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას.