პალესტინის აღიარებების ფონზე ისრაელის მთავრობაში დასავლეთ ნაპირის ანექსიას ითხოვენ
.jpg)
დიდი დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარებების ფონზე, ისრაელის სამთავრობო კოალიციის ულტრა-მემარჯვენე (და არამხოლოდ) წევრები სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის (West Bank) ფორმალურ ანექსიას.
ვითარების არსი: გასული დღეების განმავლობაში პალესტინის სახელმწიფო გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ აღიარეს. დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებას მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა ისრაელში.
- პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის აღიარება არის ჯილდო 7 ოქტომბრის სასაკლაოს მომწყობებისთვის და მსგავსი გადაწყვეტილებები „ახალისებს ტერორისტებს.“
- პალესტინის სახელმწიფოს აღიარების წინა ყველაზე მსხვილი ტალღა 2024 წლის გაზაფხულზე იყო, როდესაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს ესპანეთმა, ნორვეგიამ, ირლანდიამ, სლოვენიამ და სომხეთმა.
- სულ, მიმდინარე წელს, პალესტინის აღიარების გადაწყვეტილების შესახებ 11 სახელმწიფოს მთავრობამ განაცხადა.
სტრიქონებს შორის: პალესტინის აღიარება, ერთ დროს ახლო მოკავშირეების მხრიდან, კომენტატორების შეფასებით, ისრაელის მზარდ საერთაშორისო იზოლაციაზე მიუთითებს, რომლის მთავარი მიზეზიც ღაზაში ამ დრომდე მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
- აღნიშნული ქვეყნების მთავრობები ამბობენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ მოხდება ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
- მზარდი სირთულეების მიუხედავად, ისრაელის მთავრობის რიტორიკიდან ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ გადაწყვეტილების შეცვლას; მეტიც, ისინი სხვადასხვა ტიპის საპასუხო ზომებზე მსჯელობენ, რომლის მიზანიც იქნება „არასდროს დაუშვას პალესტინური სახელმწიფოს შექმნა.“
ჩაშლილად: „დრო, როდესაც გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები განსაზღვრავდნენ ჩვენს მომავალს, წარსულს ჩაბარდა. ბრიტანული მანდატი (რედ. პალესტინა) დასრულებულია,“ — განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა.
- მალევე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა მთავრობის კიდევ ერთმა ულტრა-მემარჯვენე წევრმა, იტამარ ბენ-გვირმა, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად ე.წ. პალესტინური ადმინისტრაციის სრული განადგურება მოითხოვა.
- პალესტინური ადმინისტრაციის გაუქმება მოითხოვეს სამთავრობო კოალიციის უმსხვილესი პარტიის — ლიკუდის წევრებმა, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
- ეკონომიკის მინისტრმა, ნილ ბარკატმა განაცხადა, რომ აუცილებელია იუდეისა და სამარიის (რედ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირს ისრაელის მთავრობა ბიბლიური დასახელებებით მოიხსენიებს) ანექსია.
- ბიბი ნეთანიაჰუს თქმით, დასავლური ქვეყნების მიერ ისრაელის საპასუხო ნაბიჯს შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ წარადგენს — გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ისრაელის პრემიერი დონალდ ტრამპთანაც გამართავს შეხვედრას.
სიღრმისეულად: გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ისრაელის მთავრობა დასავლეთ ნაპირის С-სექციის ანექსიას განიხილავს, რომელიც მთელი დასავლეთ ნაპირის 60%-ს შეადგენს.
- კიდევ ერთი ვარიანტი დასავლეთ ნაპირზე განლაგებული ებრაული ახალშენებისა და დამაკავშირებელი გზების ანექსიაა, რაც დასავლეთ ნაპირის 10%-ს გაუტოლდება.
- ასევე განიხილება მდინარე იორდანეს ხეობის ანექსირება, რაც დასავლეთ ნაპირის 30%-ს შეადგენს.
მეორე მხარე: საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების შეფასებით, დასავლეთ ნაპირის ანექსიით ისრაელი დაარღვევს როგორც გაეროს წესდებას, ასევე ჟენევის კონვენციას.
- ევროპელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ანექსია ისრაელის მიმართ ევროკავშირის სანქციებს გამოიწვევს.
- არაბული წყაროების ცნობით, დასავლეთ ნაპირის ანექსიის შემდეგ რიგი არაბული ქვეყნები იძულებულები გახდებიან, დააქვეითონ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე ან განუსაზღვრელი ვადით შეაჩერონ ნორმალიზაციის პროცესი.
კონტექსტი: დასავლეთ ნაპირი ისრაელის არმიამ 1967 წელს, 6-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ქალაქ იერუსალიმთან ერთად დაიკავა. სხვადასხვა მონაცემებით, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სულ 3 მილიონამდე არაბი ცხოვრობს. არაერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის შეფასებით, ადგილობრივი პალესტინელები ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის პირობებში ცხოვრებენ.
- თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა ორჯერ დაბლოკა ისრაელის მთავრობის ინიციატივა დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსირებასთან დაკავშირებით.
- პირველად 2020 წელს, როდესაც ნეთანიაჰუ დასავლეთ ნაპირის 30%-ის ანექსიას გეგმავდა, სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ისრაელ-პალესტინის დიდი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.
- „მე ძალიან გავბრაზდი და ეს გეგმა დავბლოკე, რადგანაც ეს ძალიან შორს მიდიოდა,“ — ამბობდა დონალდ ტრამპი 2021 წელს ბარაკ რავიდთან ინტერვიუში.
- მეორედ, ნეთანიაჰუს მთავრობის მხრიდან ანექსიის გეგმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის ივნისში დაბლოკა.
- დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსიის სანაცვლოდ დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს არაბთა გაერთიანებული სამეფოს შეიხთან ერთად ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გეგმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ აბრაამის შეთანხმებებში გადაიზარდა.
რასთან გვაქვს საქმე: Axios-ის წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუსთვის გადამწყვეტი, 2020 წლის მსგავსად, ამერიკელი პრეზიდენტის პოზიცია იქნება. მათი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ დროისთვის არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თეთრი სახლი ნეთანიაჰუს გეგმას დათანხმდეს.