-

მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტია 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც მან არჩევნებში პრორუსი კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა.

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა euobserver-ზე, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინა დღეს.

რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების უდიდესი კრიზისისას მოლდოვა ისტორიულ გზაგასაყარზე აღმოჩნდა. არჩევანმა, 3 მარტს შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, დაადასტურა მოლდოვის ცალსახა მისწრაფება, შეუერთდეს თავისუფალ სამყაროს.

დამოუკიდებლობის შემდგომ 30 წელიწადში მოლდოველების მისწრაფება, შეერთებოდნენ ევროკავშირს, მხოლოდ გაიზარდა. ადვილი მგზავრობა არ ყოფილა, მაგრამ დღეს ისტორიული გადაწყვეტილების წერტილამდე მოვედით: მიენიჭოს მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ვიმედოვნებთ, ევროკავშირის ლიდერები ცნობენ ამ უნიკალურ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას და მხარს დაუჭერენ ჩვენი წევრობის მოთხოვნას 23-24 ივნისის ევროპული საბჭოზე. გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც ვრცელდება უსაფრთხოებაზე, იცავს ევროკავშირის ღირებულებებს და აძლიერებს მას.

ევროპული ინტეგრაციის გზა ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ მოლდოვას, ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ჰქონდა ევროპული ინტეგრაციის შანსი, მაგრამ ხელიდან გაუშვა. აღტაცებით ვუცქერდით, როგორ გახდა რუმინეთი, ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე, ევროკავშირის წევრი და შთაგვაგონა, იგივე გზას დავდგომოდით. თუმცა ნაცვლად ამისა, პირველი ორი ათწლეულის განმავლობაში, მოლდოვამ მტკივნეული ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნა გაიარა.

კონფლიქტმა დნესტრისპირეთის რეგიონში კიდევ უფრო შეაფერხა ჩვენი განვითარების მცდელობები.

წლების განმავლობაში პოლიტიკური კლასით არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად, ჩვენი ევროპული მისწრაფება ყოველთვის საბჭოთა ნოსტალგიაზე მაღლა იდგა. დემოკრატია სულ პოულობდა წინსვლის გზას.

30 წლის განმავლობაში ხელისუფლების ყველა ცვლილება მშვიდობიანი არჩევნებით მოხდა. ყველა მთავრობა, რომელმაც ავტოკრატიის დამყარება ან დემოკრატიის შერყევა სცადა, გავისტუმრეთ. და რაც მთავარია, ყველა მთავრობა, კარგი თუ ცუდი, ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებს ესწრაფოდა.

2019 წელს მოლდოველმა ხალხმა მთავრობიდან კრიმინალები გააგდო. მათ დიდი უპირატესობით დაუჭირეს მხარი ახალ, სუფთა, პროევროპულ პოლიტიკურ კლასს 2020 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.

ახლადარჩეული პოლიტიკური კლასი ხელმძღვანელობს სამართლიანობით, გამჭვირვალეობითა და სუფთა პოლიტიკური დაფინანსებით. შარშანდლის შემდეგ ქვეყანა ამბიციური რეფორმების გზას დაადგა, რომელსაც უკიდურესად თავდადებული, პროევროპული პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა მიუძღვის.

მოსამართლეებისა და პროკურორების შემოწმება უკვე დაიწყო, რამდენადაც ვმუშაობთ მართლმსაჯულების სისტემის სამართლიანობასა და დამოუკიდებლობაზე. 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის თანახმად, მოლდოვა მე-40 ადგილზეა, შარშანდელთან შედარებით მთელი 49 პოზიციით წინ და ისეთი აყვავებული დემოკრატიების გვერდითაა, როგორებიცაა ავსტრალია და ევროკავშირის ბევრი ქვეყანა.

მეტიც, ევროკავშირი ჩვენი მთავარი პოლიტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი გახდა.

ქვეყნის ექსპორტის ორი მესამედი უკვე ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ხელს უწყობს მოლდოვის ევროინტეგრაციას. რეფორმისტულმა მთავრობამ გაატარა პოლიტიკა, რათა გაეუმჯობესებინა ბიზნესის კეთების სიმარტივე და საინვესტიციო კლიმატი მოლდოვაში.

მოლდოვის დადებითი ზრდის ტრენდი შეუჩერებელი ჩანდა იქამდე, სანამ ჩვენს მეზობელ უკრაინას 24 თებერვლის დილას პირველ ბომბებს ესროდნენ. მოლდოვაში ყოველდღე იგრძნობა ის გაჩანაგება, რაც უკრაინაში რუსულმა ომმა მოიტანა. ინფლაციის დონე 29%-მდე ავარდა. გაზის ფასი გახუთმაგდა, აღმოსავლეთით ბევრი სავაჭრო გზა ჩაიკეტა და უსაფრთხოების რისკი გაიზარდა, რამაც ინვესტიციები შეაფერხა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მოლდოველებმა ათასობით უკრაინელ ლტოლვილს გაუღეს გულები და სახლები. თითქმის ნახევარმა მილიონმა მათგანმა გადმოკვეთა მოლდოვის საზღვარი ომის დაწყების შემდეგ. დაახლოებით 80 ათასი ისევ მოლდოვაშია, რაც ჩვენს მოსახლეობას თითქმის 3%-ით ზრდის. ეს დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ ვერაფერმა გადაგვარწმუნა, რომ არ გვექნა ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა დავხმარებოდით მათ, ვინც ომს გაურბოდა.

ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია

ეს უაზრო ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ მშვიდობა და თავისუფლება თავისთავადი არაა. მოლდოვის ევროკავშირში შესვლის განაცხადი ჩვენი ძლიერი სურვილიდან მოდის, დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ჩვენ მართლა გვჯერა, რომ კონსოლიდაცია და დემოკრატიად დარჩენა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში შეგვიძლია.

მოლდოვის ევროკავშირის განაცხადი ეფუძნება ჩვენი ხალხის მისწრაფებებს. ყოველი მესამე მოლდოველი უკვე ევროკავშირის მოქალაქეა. ბევრი მუშაობს და სწავლობს ევროკავშირში. შეიძლება, უკვე შეგვხვდით კიდეც - ჩვენ ვართ თქვენი ბანკირი, ექთანი, თქვენი შვილის უნივერსიტეტელი. მოლდოველები ევროპელების მხარდამხარ ცხოვრობენ და წვლილი შეაქვთ სოციალური უსაფრთხოების სისტემებში, იხდიან გადასახადებს და ამდიდრებენ ევროკავშირის კულტურულ მემკვიდრეობას.

ევროპული მოლდოვა მოიტანს არამხოლოდ სტაბილურობას ევროპასა და აღმოსავლეთში, არამედ გაზრდის ვაჭრობას, გააფართოებს კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას.

აგრეთვე, ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, მიიღწეს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგიონი კვლავ შემოვუერთოთ მოლდოვას და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული მოლდოვა ევროკავშირს დაეხმარება ძირეული მიზნის მიღწევაში - შენარჩუნდეს კონტინენტზე მშვიდობა.

სახლში უამრავი საქმე გვრჩება გასაკეთებელი. ბევრი რეფორმა, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, ზუსტად იგივე ცვლილებებს მოასწავებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები მთავრობისგან მოითხოვენ. და ჩვენ ამას აღვასრულებთ. არ მოვითხოვთ მოკლე გზას და არ ველით დათმობებს. ამ რთულ დროს მოლდოვა მხოლოდ შესაძლებლობას ითხოვს, რომ მის მოქალაქეებს იმედი მიეცეთ. იმედი, რომ უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და მშვიდობიანი მოლდოვის აშენება კვლავ შესაძლებელია. იმედი, რომ ისინი კვლავ შეძლებენ, თავისუფალ და პროევროპულ მოლდოვაში დაბრუნდნენ.

ამბობენ, რომ ისტორია მეორდება. მოლდოვა მუდამ ევროპული ქვეყანა იყო, რომელიც გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამჯერად იმედი გვაქვს თქვენი დახმარების, რათა მოლდოვა დაბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახში და მხარი დაუჭიროთ მის ევროპულ პერსპექტივას უფრო მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონისათვის.

მსგავსი სიახლეები