-

სლოვაკეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. 24 იანვარს, ქვეყნის 20-ზე მეტ ქალაქში მოქალაქეები დემონსტრაციებზე შეიკრიბნენ სლოგანით: "სლოვაკეთი ევროპაა." მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვდნენ. 

პარასკევის დემონსტრაციების წინ, ფიცოს მთავრობამ მოსახლეობის დაშინების მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო, თითქოს ქვეყანაში "მაიდნის ტიპის გადატრიალება" იგეგმება. თუმცა, რეალურად საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყო. ამის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს პროპაგანდისტული არხებით "გადატრიალების" ნარატივის გავრცელებას და ამტკიცებს, რომ უახლოეს დღეებში ის ათობით "უცხოელ ინსტრუქტორს" გააძევებს.

"ბრატისლავა არ არის მოსკოვი, სლოვაკეთი ევროპაა," - დაწერა ქვეყანაში მიმდინარე აქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

რობერტ ფიცო ქვეყანას უკვე 1 წელიწადზე მეტია მართავს და მისი მმართველობა ევროსკეპტიკური და ანტი-უკრაინული პოლიტიკით გამოირჩევა. ამ ყველაფრის კულმინაცია მოსკოვში მისი ვიზიტი და უკრაინასთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა იყო, რამაც სლოვაკეთი გაზის სტაბილური წყაროს გარეშე დატოვა.

უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომლის ვადაც 2025 წლის პირველ იანვარს ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

29 იანვარს ფიცომ ისიც კი თქვა, რომ ზელენსკი სლოვაკეთის მტერია, რადგან ის ქვეყანას ზიანს აყენებს.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროსკეპტიკოსი ლიდერი მსგავს განცხადებებს აკეთებს. სლოვაკეთის პრემიერი დიდი ხანია აქტიურად იმეორებს რუსული პროპაგანდის თითქმის ყველა ნარატივს. 2024 წლის იანვარში მან თქვა, რომ "უკრაინა არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო" და ომის დასრულების ერთადერთი გზა აგრესორისთვის ტერიტორიების დათმობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ დონბასში ომის დაწყების მიზეზი "უკრაინელი ნაცისტებისა და ფაშისტების მიერ რუსული მოსახლეობის მკვლელობა" იყო.

საპროტესტო აქცია ბრატისალავაში

საპირისპიროდ, მთავარი ოპოზიციური პარტია პროგრესული სლოვაკეთი პრო-ევროპული პოლიტიკური ძალაა. 18 იანვარს, პარტიის ლიდერი მიხალ შიმეჩკა კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შიმეჩკამ მადლობა გადაუხადა ზელენსკის, უკრაინის არმიას და უკრაინელ ხალხს სიმამაცის, გმირობისა და თავგანწირვისთვის: "სლოვაკეთში ვიცით, რომ საქმე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას ეხება."

ამ ფონზე, სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში კრიზისი გამწვავდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ფიცოს კოალიციას ამჟამად 150-დან 76 დეპუტატიც არ შემორჩა და კანონების მიღება უჭირს.

სლოვაკეთი ქართული საზოგადოებისთვის იმ მიზეზითაც არის საინტერესო, რომ ფიცო ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ იშვიათ მხარდამჭერად იქცა, რომელმაც ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და რამდენიმეჯერ დაბლოკა ევროკავშირის შიგნით ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება.

გარდა ამისა, საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს სულ რამდენიმე ელჩი ხვდება, მათ შორისაა საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატუშ ბუშოვსკი.

სამთავრობო კოალიცია დაშლის პირას

რობერტ ფიცომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი კოალიცია "ჯოჯოხეთისკენ მიდის" და შიდა შეთანხმების გარეშე, ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალი იქნება.

13 იანვარს, სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა მარტში მკაცრი ბოლო ვადა დაუწესა თავის კოალიციურ პარტნიორებს, რათა არსებული ჩიხიდან გამოვიდნენ და შიდა პრობლემები მოაგვარონ.

"თუ სლოვაკეთის ეროვნული პარტია და პარტია ხმა ვერ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას... ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება," - აღნიშნა მან.

ფიცოს კოალიცია, რომელიც შედგება მისი პარტია Smer-SD-სგან და კოალიციური პარტნიორებისგან, ულტრანაციონალისტური სლოვაკეთის ეროვნული პარტია (SNS) და მემარცხენე, პოპულისტური პარტია ხმა (Hlas-SD), შემოდგომიდან კრიზისშია. ამ პერიოდში SNS სამმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მინისტრის თანამდებობას მთავრობისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხოლო კიდევ ოთხმა დეპუტატმა Hlas-SD–დან დაიწყო მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება.

დაძაბულობა პარასკევს კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც Hlas-SD-მა მოულოდნელად ორი კრიტიკულად განწყობილი დეპუტატი, სამუელ მიგაელი და რადომირ შალიტროში გააძევა და ისინი თანამდებობების "გამოძალვაში" დაადანაშაულა.

საპასუხოდ, ოთხივე მეამბოხე დეპუტატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც პრემიერ-მინისტრს მოუწოდა სასწრაფოდ მოაგვაროს კრიზისი და აღნიშნეს, რომ თავს შეიკავებენ მთავრობის ინიციატივების მხარდაჭერისგან, სანამ წინაღობები არ მოგვარდება.

ფიცოს კოალიციას 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 150-ადგილიან პარლამენტში 79 დეპუტატი ჰყავდა, ხოლო ახლა მათი რაოდენობა 76-ზე ნაკლებია, რაც საპარლამენტო უმრავლესობის არსებობისთვის საჭირო მინიმუმია. ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსს ახლა დე ფაქტო უმრავლესობა არ აქვს და მაქსიმუმ 75 დეპუტატს აგროვებს, მაგრამ მისი კოალიციის ყოფილი წევრები მთავრობას უნდობლობას არ უცხადებენ, ამიტომ ახალი არჩევნებიც არ ინიშნება.

ფიცომ გაკვირვება გამოხატა Hlas-SD-ის გადაწყვეტილებაზე "ამბოხებული" დეპუტატების გარიცხვის შესახებ და თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი მისაღები იქნებოდა კოალიციას 100 დეპუტატი რომ ჰყავდეს, მაგრამ ასეთ კრიზისულ ვითარებაში ეს მიუღებელია.

ოპოზიციის ლიდერმა მიხალ შიმეჩკამ აღნიშნა, რომ "ჩვენ რეალურ დროში ვუყურებთ ფიცოს მეოთხე მთავრობის დაშლას"

"პარლამენტი ახლა პარალიზებულია არა ზოგიერთი გარე ბნელი ძალების გამო, რომლებიც მოქმედებენ კულისებიდან, არამედ ფიცოს უუნარო მმართველობის გამო," - თქვა ოპოზიციის ლიდერმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პარტია მზადაა მხარი დაუჭიროს ვადამდელ არჩევნებს.

სლოვაკეთის ოპოზიციის ვიზიტი კიევში

17 იანვარს, სლოვაკეთის მთავარი ოპოზიციური პარტია უკრაინას ეწვია. დელეგაციაში პროგრესული სლოვაკეთის ლიდერი, მიხალ შიმეჩკა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი და სამი სხვა ადამიანი შედიოდნენ.

"ჩვენი მიზანი ძალიან ნათელია - ხელახლა გავხსნათ კარები, რომლებიც რობერტ ფიცომ დახურა თავისი აგრესიული თავდასხმებით. სლოვაკეთი და უკრაინა ახლო პარტნიორები არიან და შეუძლიათ ერთმანეთს მნიშვნელოვნად დაეხმარონ," - თქვა შიმეჩკამ.

მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ოპოზიციის წევრები კიევს სწორედ იმ დღეს ესტუმრნენ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ რობერტ ფიცო მიიწვია ქალაქში რუსული გაზის ტრანზიტზე სასაუბროდ: "პარასკევია, დღე, როდესაც ჩვენ უნდა მოვსულიყავით. ასე რომ, აქ ვართ."

ვოლოდიმირ ზელენსკი და სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერი მიხალ შიმეჩკა

სლოვაკეთის ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ზელენსკიმ და შიმეჩკამ ორმხრივ ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. 

"უკრაინა სლოვაკი ხალხის მადლიერია მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ ღია და ორმხრივად მომგებიანი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ამ დიალოგმა უნდა გააძლიეროს ჩვენი ერები - უკრაინა და სლოვაკეთი - და არა მოსკოვი." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მან ასევე თქვა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინაში მოლაპარაკებებისთვის მიიწვია, "მაგრამ სხვა ლიდერი ჩამოვიდა." 

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა

2024 წლის 8 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნები ფიცოს მთავრობის მხარდაჭერის ერთ-ერთი ტესტი იყო.

ამ არჩევნებზე პირველი ადგილი ოპოზიციურმა პარტიამ, პროგრესულმა სლოვაკეთმა დაიკავა - 27.8%, ფიცოს პარტია კი მეორე ადგილზე გავიდა - 24.7%, ულტრამემარჯვენე პარტია რესპუბლიკა - 12.5%, ფიცოს კოალიციური პარტნიორი პარტია ხმა - 7.18% და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 7.15%.

თუმცა, ევროპარლამენტის არჩევნები განწყობების სწორი ინდიკატორი ვერ იქნება, რადგან არჩევნებზე აქტივობა მხოლოდ 34% იყო.

უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, მთავარი ოპოზიციური პარტია პროგრესული სლოვაკეთი მცირე უპირატესობით ლიდერობს - 23%, ფიცოს პარტია SMER - 22.2%, მისი კოალიციური პარტნიორი ხმა - 11.5%, ოპოზიციური კოალიცია OĽaNO - 7.5%, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 7.3%, ოპოზიციური პარტია თავისუფლება და სოლიდარობა - 6.3% და ულტრამემარჯვენე პარტია რესპუბლიკა - 7.7%

მსგავსი სიახლეები