-

„ქართული ოცნების“ მესაჭეობით საქართველოს გეოპოლიტიკური სვლაგეზის დასადგენად საჭიროა მოკლე ექსკურსი ჩვენს უახლოეს წარსულში: პროცესი დინამიკაშია დასანახი, რათა ამ დინამიკის საფუძველზე გამოვავლინოთ მოძრაობა/ძალისხმევის ვექტორი.

2012 წელს ხელისუფლებაში მოდის კოალიცია „ქართული ოცნება“. გამართლებულია მის არასრულყოფილებაზე საუბარი ევროპული სტანდარტების გადასახედიდან, რის გამოც მას კვაზი - ან ფსევდოკოალიციაც შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, თვით ფაქტი ერთპარტიული მთავრობის კოალიციურით ჩანაცვლებისა, მაინც წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარების თვალსაზრისით¹.

კოალიციაში თვალსაჩინო (სწორედ „თვალსაჩინო“ და არა მთავარ) როლს თამაშობდნენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად პროდასავლური და დემოკრატიული ყაიდის ძალები - „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“. სააკაშვილის მეორე - ყოველგვარ დადებით შედეგს მოკლებული, ყოველმხრივ დამთრგუნველი² - საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, საშინაო ცხოვრებაში ხდება ხარისხობრივი გარღვევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ბიზნესის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების გამართული საქმიანობისათვის სათანადო სივრცის აღდგენა/შექმნის კუთხით³.

საგარეო ასპარეზზე კი საქართველო 2014 წელს აფორმებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2015 წელს წარმატებით ასრულებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე. ამავე პერიოდში საქართველო აქტიურია ნატოსთან ურთიერთქმედებაშიც: 2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე (წინა ორი სამიტი - ლისაბონსა და ჩიკაგოში - საქართველოსთვის არაფრის მომტანი გამოდგა) მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესახებ, რომლის მთავარ მიზნად ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და გაწევრიანებისთვის მომზადება დაისახა; 2015 წლის აგვისტოში ნატო-საქართველოს „წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი“ (JTEC) დაფუძნდა და ა.შ.

იმავდროულად, კოალიციაში მზარდია პრობლემებიც, მათ შორის - მის ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების წესისა და პროცედურის კუთხით, რაც საბოლოოდ იმას გამოიღებს შედეგად, რომ ჯერ „თავისუფალ დემოკრატებს“ „მოტეხავენ“, მერე კი რესპუბლიკელები „ითამაშებენ დასწრებაზე“ და თვითონ განაცხადებენ კოალიციიდან გასვლის შესახებ, თუმცა იმ დროისთვის უკვე ნათელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება“ ცალკე აპირებდა გასვლას - კოალიციური პარტნიორების გარეშე.

ეს მკაფიო სიგნალი იმისა, რომ კოალიცია არა განვითარება/დახვეწის, არამედ დეგრადაციის - „არაფორმალური მმართველობის“ მორიგ ჯერზე ფორმალიზების გზით ამოძრავდა, არავინ - არავინ შინ თუ გარეთ! - ყურად არ იღო. მეტიც - ამომრჩეველმა დასაჯა „ურჩი“ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები და ორივე პარტია პარლამენტს მიღმა დატოვა. „სამაგიეროდ“ „ქართულმა ოცნებამ“საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო (115 მანდატი), 27 - მანდატი - ე.წ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ე.წ. - იმიტომ, რომ აღარ იყო ერთიანი), 6 – „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელმაც მოპოვებული მანდატები კომერციული მიზნით გამოიყენა.

შევაჯამოთ: კვაზი - ან ფსევდოკოალიციური მმართველობა გადაიქცა ერთპარტიულ - „ქართული ოცნების“ მმართველობად და შემდგომი პროცესიც არც თუ ორიგინალური, სხვაგან ბევრჯერ აპრობირებული სცენარით განვითარდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა ბიძინა ივანიშვილის უკვე შეუნიღბავად პერსონალისტურ მმართველობად ტრანსფორმირდა, რის შესახებაც ყველაზე კარგად თვითონ ბ.ივანიშვილმა მოგვახსენა 2024 წლის 29 აპრილის თავის საეტაპო სიტყვაში. ამ დინამიკის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერსონალისტური მმართველობა ავტორიტარული მმართველობის ინსტიტუციონალიზაციის გზას დაადგა?!

საით წაიყვანს  ბ.ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობა ქვეყანას გეო-პოლიტიკური/ეკონომიკური გადასახედიდან? ისევ მოკლე ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ. ე.შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ხელისუფლება ოპერირებდა „ორი რუსეთის“ – „ცუდის“ და „კარგის“ ნარატივით. რადგან „კარგმა“ რუსეთმა ვერ ივარგა და კარგიც არაფერი მოუტანა საქართველოს ცუდის გარდა, ამ ნარატივს დიდ დრო არ ეწერა.

თავისი მმართველობის დასაწყისში მ.სააკაშვილს ჯერ ვერ მოუხერხდა ვ.პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესება (პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ის სწორედ მოსკოვს ეწვია⁴ და ვ.პუტინმაც, ავანსის სახით, არ შეუშალა მას ხელი აჭარიდან საკუთარი ვასალის -  ა.აბაშიძის - გაძევებაში), ხოლო 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის რეგიონში დატრიალებული მოვლენებიდან მოყოლებული ქართულ-რუსული ურთიერთობები განუხრელად ფუჭდებოდა. ამას მოჰყვა 2006-ში ურთიერთობების ჩამოქცევა (კოდორის ხეობაში „ანტიკრიმინალური ოპერაციის“ და თანმდევი მოვლენების შედეგად), რამაც სხვა, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გაცდენილ ფაქტორებთან (მაგალითად - კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან) ერთობლიობაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მოიტანა. ურთიერთობების გაუარესების კვალდაკვალ, მ.სააკაშვილი თანმიმდევრულად (და წარმატებით) ამკვიდრებდა ნარატივს, რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა - ყველა! - უბედურება/პრობლემა რუსეთიდან მომდინარეობს⁵, რაც სიმართლეს მოზრდილი დოზით, მაგრამ არა სრულად შეესაბამებოდა. ასე, მაგალითად, თუ საქართველოში ვერ შეიქმნა გამართული თვითმმართველობა, ან სასამართლო სისტემა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ხელისუფლ(ებ)ების (და, შესაბამისად, ამომრჩევლის/საზოგადოების⁶) ბრალი იყო.

ასეა თუ ისე, ამგვარმა მიდგომამ მყარად მოიკიდა ფეხი ქართულ საზოგადოებაში და თუკი რამ არ მოგვწონს, უმალვე „რუსულის“ იარლიყს მივაკრავთ და ყველაფერიც „გასაგები“ ხდება - რაკი რუსულია, ე.ი. ცუდი და მიუღებელია. ასე ვიადვილებთ ცხოვრებას და ვიხსნით პასუხისმგებლობას საკუთარ ყოფასა და ბედზე - რა გაეწყობა, რუსეთის უწყვეტ აგრესიასთან (ხან კონვენციური, ხანაც - ჰიბრიდულ ომის სახით) გამკლავებას მთელი ჩვენი ენერგია მიაქვს, რის გამოც არც რეალური თვითმმართველობისა და არც მიუკერძოებელი სასამართლოსთვის ვერ ვიცლით. მ.სააკაშვილმა ეს ნარატივი დოგმად აქცია, რომელშიც ეჭვის შეტანის მცდელობა (რაოდენ დასაბუთებულიც უნდა ყოფილიყო ეს მცდელობა, რაკი რუსეთის გარდა ცუდის სხვა წყარო/სათავეებიც იძებნება დედამიწის ზურგზე) მის ავტორს „რუსეთუმეს“ იარლიყის სამუდამოდ მიკერების ფასად უჯდებოდა. შესაბამისად, რაკი ბ.ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც არ მოგვწონს (ვისაც არ მოგვწონს; არც ისე ცოტანი - ზუსტ ციფრებზე ნუ ვიკამათებთ - არიან ისეთებიც, ვისაც მოსწონს), ეს ნაბიჯები უმალ „აიხსნება“ მისი რუსეთუმეობით და საქართველოს რუსეთის ორბიტაზე/წიაღში დაბრუნებისაკენ დაუოკებელი სწრაფვით („კრემლიდან მიღებული დავალების“ შესრულების ვალდებულებით). 

საქმე კი, ჩემი აზრით, ასე სულაც არ გახლავთ. არ ვარ რა „ბიძინამცოდნე“ და არც ფსიქოანალიზის სპეციალისტი, ვაღიარებ რა, რომ მისი ლოგიკა ჩემთვის ხანდახან უცხოა (მიუღებელი), საკმაოდ ხშირად კი - საერთოდ გაუგებარი, ვეყრდნობი თორმეტწლიანი პროცესის ჩემეულ ანალიზს (შესაძლოა - არც თუ სრულყოფილ/ამომწურავს) და ზემოხსენებული ტენდენციის (შესაძლოა, ჩემს მიერ არც თუ მთლად სწორად დანახულ/ინტერპრეტირებულის) გამოვლინებებს. და ამის საფუძველზე ვფიქრობ, რომ ბ.ივანიშვილი სულაც არ „მიაქანებს“ საქართველოს რუსეთის წიაღში. მან შეიძინა საქართველო არა იმისთვის, რომ ეახლოს ვ.პუტინს, ლამბაქით მიართვას საქართველო და სთხოვოს - ახლა შენ გვმართე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიო, არამედ იმისთვის, რომ თვითონ მართოს საქართველო იმდენად შეუზღუდავად, რამდენადაც ეს მოუხერხდება - საკუთარი თვალსაზრისის, გემოვნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. აბა, რატომ უნდა ამჯობინოს ბ.ივანიშვილმა, რომ რანგით მე-13 (პირობითად) პერსონა გახდეს ვ.პუტინის კარზე, როცა სჯერა, რომ ძალუძს უკონკურენტოდ პირველი დარჩეს თუნდაც პატარა, მაგრამ მის გამგებლობაში მყოფ საქართველოში⁷?

აქედან - დასკვნა. საქართველო გადადის სახელმწიფოს მართვის აღმოსავლურ (აზიურ) მოდელზე. ის არ/ვერ გახდება ჩრდილო კორეა ან ირანი; მართვის მოდელი იქნება აზერბაიჯანულთან (ან სხვა რომელიმე შედარებით ზომიერ აზიურ ავტოკრატიასთან) მიახლოებული. (ჩამო)ყალიბდება, პოლიტოლოგიური სლენგი რომ გამოვიყენოთ, „პარტიანახევრიანი“ სისტემა, როცა არსებითად ყველაფერს აკონტროლებს მმართველი პარტია/ელიტა, მაგრამ არსებობს „ოპოზიციაც“ (ამჟამად - „ხალხის ძალისა“ და „ევროპული სოციალისტების“ სახით), რომელიც წარმოდგენილია პარლამენტსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში, მაგრამ მხოლოდ ფსევდოპლურალისტული ანტურაჟის ფუნქციას ატარებს⁸.

უზენაესი მმართველის ავტორიტეტი შებღალვას არ ექვემდებარება, მმართველობა კი, სასურველია, თუმცა არაა აუცილებელი, რომ იყოს მემკვიდრეობითი (მემკვიდრის სათანადოდ გამოსაზრდელად დრო კიდევ არის). თუკი ქვეშევრდომი (ქვეშევრდომი და არა მოქალაქე!) იღებს თამაშის დადგენილ წესებს - არ აკრიტიკებს, არ აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რაც არ ეხება და არ ერგება, ანუ არ უქმნის პრობლემებს სისტემას - არც მას შეუქმნიან პრობლემებს. შეუძლია აკეთოს ფული (ცხადია, იმ პირობით, რომ პატიოსნად უწილადებს შემოსავალს ვისაც ჯერ არს) და მოიხმაროს ნაშოვნი საკუთარი სიამოვნებისთვის. მეტიც - „ქართული ოცნების“ პროექტით არავინ გაიძულებს ჩოხითა და ჩიხტიკოპით სიარულს (თუმცა, არც არავინ დაგიშლის), არ აგიკრძალავენ ღვინის სმას და შვებულების გატარებას თუნდაც ევროპაში. ხოლო თუ ჯიუტად არ მოგწონს თამაშის ეს წესები, შეგიძლია ახლავე (მერეც) დაუბრკოლებლად გადაბარგდე იქ, სადაც გსურს.

ამ სისტემის აუცილებელი მახასიათებელი/უპირატესობა სტაბილურობაა (რაც  ჩვეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, თუმცა - არა ნებისმიერ ფასად), რის მისაღწევად “ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ აპარატს როგორც საკანონმდებლო და სასამართლო, ისე „ფიზიკურ“ დონეზე. დემონსტრაციული სისასტიკე და დაშინება („შავპერანგიანები“) სწორედ იმის მიმანიშნებელია, რომ სურთ ან გატეხონ და შეარიგონ ქვეშევრდომი თამაშის მათეულ წესებთან, ან განდევნონ ქვეყნიდან. პარტიანახევრიან სისტემაზე გადასვლა კი მოითხოვს (რეალური) ოპონენტი პარტიების განადგურებას (აკრძალვას) და ეს მუქარაც უკვე რეალიზების ფაზაშია პარლამენტში შესაბამისი კომისიის შექმნით.

ამგვარად ჩამოყალიბდება „საყოველთაო იდილია“, რომელშიც ნებისმიერი უწესრიგობა (ასეთი კი ყველგან ხდება ხოლმე დროგამოშვებით) მიეწერება გარე (გარე მტრის ხატი მუდმივ გამოკვებას საჭიროებს) და ჩასაფრებული შიდა მტრების ხრიკებს, ხოლო მათი მოგვარება - მმართველისა და მისი ვეზირების სიბრძნესა და ურყევ ნებას. პერიოდულად და პრევენციულად საჭირო ხდება ჩასაფრებულთა მხილება, დაჭერა და სამაგალითო დასჯა. თუკი ჩასაფრებულები ობიექტურად არ იძებნებიან (ასეთების არარსებობის გამო), ეს მისია შეიძლება შემთხვევით ადამიანებსაც აჰკიდონ (ჩუმი სინანულის განცდითაც კი), რაკი წესრიგი მსხვერპლს მოითხოვს. ვერ გამოირიცხება ათასში ერთხელ კარის გადატრიალების მცდელობაც (მეტად თუ ნაკლებად სისხლისმღვრელის), მაგრამ ესეც სამწუხარო (გადატრიალების წარმატების შემთხვევაში - საბედნიერო) გამონაკლისია, რასაც ქვეშევრდომები უნდა შეურიგდნენ. მით უფრო, რომ არსებითად არაფერი იცვლება.

ესაა მოკლედ ქართული ოცნების ხორცშესხმა მიმდინარე ეტაპზე. მიმდინარეზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ შეიცვლება ვითარება (მაგალითად, „ტრამპის ფაქტორის“ გამო) და შეიძლება ვექტორიც შეიცვალოს (თუკი დაექვემდებარება შეცვლას იმ დროისათვის). დამატებით არგუმენტაციას საჭიროებს აღმოსავლური ვექტორის/„აზერბაიჯანიზაციის“ პოსტულატი, რადგან აზერბაიჯანისგან განსხვავებით არ გვაქვს ნავთობი და გაზი (ავტორიტარიზმის მატერიალური რესურსი)? სამაგიეროდ ჩვენზე გადის გზა, რომელიც ბევრს (ევროპიდან - ჩინეთამდე) სჭირდება (ცენტრალური აზიის ქვეყნებიც დავინახოთ მათ ბუნებრივ რესურსებზე მზარდი მოთხოვნილებით), გვაქვს თვალწარმტაცი ბუნება, გემრიელი სამზარეულო და ყველა წინაპირობა, რათა ტურისტებმა (მაგალითად - არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებიდან) აქ კარგად და მშვიდად დაისვენონ. აბა, ექვსმილიარდდოლარიანი ინვესტიციის დაპირება გაერთიანებული საამიროებიდან რას ნიშნავს⁹? აგერ, ჩინეთთანაც გვაქვს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა და უვიზო მიმოსვლა თავისი ტურისტული რესურსით. გავიხსენოთ, თუ რომელი ქვეყნების მეთაურებმა მიულოცეს „ქართულ ოცნებას“ (26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგები) ან/და მ.ყაველაშვილს (გაპრეზიდენტება): თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა, ჩინეთმა (ზოგმა სხვამაც, მათ შორის - ევროპიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნაკლებადაა მნიშვნელოვანი). გავიხსენოთ, პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ რომელ ქვეყნებს ეწვია ოფიციალური ვიზიტით ი. კობახიძე: აზერბაიჯანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, (სომხეთს) და ყაზახეთს. განა ეს ყველაფერი არაა არჩეული ვექტორის მკაფიო გამოვლინება?

ისიც გავიხსენოთ, რომ აღმოსავლეთისკენ შებრუნება არაა გაუგონარი რამ ჩვენი პოლიტიკისთვის არა მხოლოდ ძველი, არამედ უახლესი ისტორიის გამოცდილებითაც. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა საგარეო ასპარეზზე ჰიპერაქტიური მ.სააკაშვილი 22 თვის მანძილზე(!) ვერც ერთ დასავლურ დედაქალაქს ვერ ეწვია ოფიციალური ვიზიტით¹⁰, მან საქართველოს „სინგაპურიზაციაზე“ წამოიწყო საუბარი; თუმცა, იმდენად შორეული/უცხო აღმოსავლეთი დაუსახა ქვეყანას ორიენტირად, რომ შინ თუ გარეთ ეს ინიციატივა უადგილო მასხარაობად თუ ჩაუთვალეს. სიტყვამ მოიტანა და - ხანდახან სასარგებლოა, ვიცოდეთ საკუთარი ისტორია ისეთი, როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც გვინდა (ან გვჭირდება ამა თუ იმ მიზნით) რომ ყოფილიყო.

დასასრულს კი არ შეიძლება, არ ითქვას, რომ ეს ანტიუტოპია („აღმოსავლეთის ექსპრესი“ ვუწოდოთ მას ხატოვნად) ობიექტურადაა ნასაზრდოები იმ სისტემური (მრავალკომპონენტიანი) კრიზისის გაღრმავებით, რომელმაც ევროპული წარმომადგენლობითი დემოკრატია ცივი ომის დასრულების შემდგომ ათწლეულებში მოიცვა (რაც ცალკე სერიოზული საუბრის თემაა); როცა არაა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, ხელეწიფება თუ არა ევროპას ამ კრიზისის დაძლევა, ხოლო თუ ხელეწიფება - რის ფასად? და ამ ფონზე ქართული ოპოზიცია, როგორიც არის - მეტად თუ ნაკლებად უიმედოებებიდან (მრ.რიცხვი) დამაიმედებელამდე (მხ.რიცხვი). რომელიც  ვერ გაცდა ყველაფერში დამნაშავე რუსეთის ნარატივს, ვერ მომწიფდა ალტერნატივის საზოგადოებრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და უპირატესად საიმისოდღა იღწვის, რათა გააწყვეტინოს ევროპასა და ამერიკას საქართველოს მათთან დამაკავშირებელი ყველა დარჩენილი, თუნდაც სიმბოლური ძაფი. ამგვარად კი სწორედ „ოცნების“ საქმეს აკეთებს, ანუ არა მხოლოდ ამოყო თავი „აღმოსავლეთის ექსპრესში“, არამედ ააჩქარა კიდეც მისი სვლა დანიშნულების ადგილისკენ. თავს კი ირწმუნებს, თითქოს საპირისპირო - დასავლეთის -  მიმართულებით მოძრაობს. იმის ნაცვლად, რომ 28 ნოემბრის განცხადებით შოკირებულ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან (და საკუთართანაც, სხვათა შორის) გამონახოს პრაგმატიკაზე - სხვადასხვა სფეროში კონკრეტულ  და რეალისტურ  სამოქმედო პროგრამაზე დაფუძნებული საერთო ენა, ოპოზიცია აგრძელებს პრიმიტიული ილუზიის კულტივირებას, თითქოს საკმარისია გავწევრიანდეთ ევროკავშირში და საქართველოში უმალვე სრული, საყოველთაო და სამარადჟამო ბედნიერება დაისადგურებს. ისეთი ბედნიერება, რომ აღარც შრომა დაგვჭირდება და არც ქუჩაში მოძრაობის წესების დაცვა.

„სარკინიგზო“ ტერმინოლოგიის გამოყენებით ბარემ იმასაც მოგახსენებთ, რომ ამავე პლატფორმაზეა არასამთავრობო ორგანიზაციების „ელიტარული ნაწილი“, რომელსაც არ აქვს უშუალო კავშირი რიგით მოქალაქეებთან (ე.წ. grassroot დონე) და, ამდენად, გაუგებარია, რის საფუძველზე მიაჩნიათ, რომ „ხალხის ხმას“ აჟღერებენ¹¹. „სამაგიეროდ“ მუდმივად არიან ტელეეკრანებზე, საიდანაც დღეგამოშვებით გვთავაზობენ ჭეშმარიტებას ბოლო ინსტანციაში, უგულებელყოფენ რა იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის თანახმად სამოქალაქო ორგანიზაციების არსი უწყვეტი დიალოგია და არა ქედმაღლური ჭკუის სწავლება.

რაც შეეხება ქართული ბედნიერების ზემოხსენებულ შემადგენლებს, ესეც ცალკე და სერიოზული საუბრის თემაა.

 


 

1. “მრგვალი მაგიდაც“ კოალიცია იყო, ისიც - ერთ, უპირობო ლიდერზე „მიბმული“; 1992-დან 2012-მდე კი მხოლოდ კონკრეტული პარტია (მმართველი ორგანიზაცია) - ე.შევარდნაძე/“მოქალაქეთა კავშირი“, მ.სააკაშვილი/“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (და ა.აბაშიძე/“აღორძინების კავშირი“ აჭარაში) აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს. აქ და შემდგომში კომენტარები ავტორისაა.

2. ჯერ კიდევ 2006 წელს საქართველოში მიმდინარე პროცესების დასახასიათებლად გია ნოდიამ შემოიტანა ტერმინი „ავტორიტარული მოდერნიზაცია“. მ.სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადაში „ავტორიტარული მოდერნიზაციისგან“ მხოლოდ მზარდი და გამოშიგნული ავტორიტარიზმი დარჩა.

3. ჩემთვის საკამათო არაა, რომ ბ.ივანიშვილის პირადი ფაქტორის გარეშე ამის პერსპექტივები 2011 წლის ოქტომბრამდე (როცა ის აქტიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე) არ იკვეთებოდა.

4. „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ გართულებული იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში. მთავარი, რასაც ჩვენ ამ შეხვედრაზე მივაღწიეთ, ის არის, რომ შეიქმნა პოზიტიური ტენდენცია ჩვენი ურთიერთობის განვითარებისა. რუსეთს აქვს შინაგანი მოთხოვნილება იმეგობროს საქართველოსთან“, – განაცხადა მაშინ მ.სააკაშვილმა

5. იმავდროულად, პირადად მიესალმება რუს ტურისტებს, უუქმებს ვიზებს რუსეთის მოქალაქეების სხვადასხვა კატეგორიას და ხელს უწყობს საქართველოში რუსული ბიზნესის არეალის გაფართოებას.

6. „თითოეულ ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს“ - ჟოზეფ დე მესტრი, სარდინიის სამეფოს ელჩი რუსეთში (1803-1817), შემდგომ კი სარდინიის სახელმწიფო მინისტრი (1817-1821). ეს ცნობილი სენტენცია სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ იმ ხალხების მიმართ, ვინც სარგებლობს საკუთარი არჩევანის უფლებით.

7. იულიუს კეისრის  აზრით „სჯობს პირველი იყო პროვინციაში, ვიდრე მეორე - რომში“.

8. მსგავსი იყო „ოპოზიცია“ მეშვიდე მოწვევის (2008-12 წ.წ.) პარლამენტში.

9. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება 2024 წლის ივნისში გაფორმდა.

10. 2009 წ. მაისში მიიღო მონაწილეობა პრაღაში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინაუგურაციაში.

11. საბედნიეროდ, უფრო მეტია ისეთი არასამთავრობოები, რომლებიც წლების მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მისიას და ის, რომ დღეს ქვეყანაში (უკვე არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში) შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, მათი დამსახურებაა მნიშვნელოვანწილად.

 


 

მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.


სტატიის ავტორია ანალიტიკოსი ივლიანე ხაინდარავა, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

მსგავსი სიახლეები