უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ დასავლურ დემოკრატიულ სისტემაში ახალი, სუსტი წერტილები გამოავლინა. თავისთავად რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსია ნამდვილად უპრეცედენტო იყო, თუმცა არნახული იყო დეზინფორმაციის და პროპაგანდის მასშტაბი და ხარისხიც.
თუკი 2014 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის "საინფორმაციო სპეცრაზმის" შტურმით დაიწყო.
დეზინფორმაციის სამიზნე აუდიტორია და ინსტრუმენტები
ჰიბრიდული ომის წარმოებისას რუსული დეზინფორმაცია სამ ძირითად აუდიტორიას უმიზნებდა - უკრაინელებს, საერთაშორისო საზოგადოებას და თავად რუსეთის მოსახლეობას.
უკრაინაში საინფორმაციო ომის წარმოება მიზნად ადგილობრივების დემორალიზაციას და ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას ისახავდა. ამ მხრივ კრემლისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა რუსულენოვანი უკრაინელების აუდიტორიამ, რომლებიც ინფორმაციის ნაწილს რუსული - ხშირად სამთავრობო - მედიიდან იღებდნენ.
"როსსოტრუდნიჩესტვო" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეუწყება, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან და რუსულენოვან დიასპორასთან ურთიერთობას კურირებს - ყირიმის ანექსიამდე კარგა ხნით ადრე აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული რბილი ძალის პროპაგანდას ეწეოდა.
პრო-რუსული ნარატივის გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ კრემლის მიერ დაფინანსებული სათვისტომო და კულტურული ორგანიზაციები კიევში, სიმფეროპოლში, დონეცკში, ლუჰანსკში და სხვა ქალაქებში.
უკრაინელების ფართო მასებში შესაღწევად რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების მხოლოდ სამთავრობო წყაროებს არ დასჯერდა. საინფორმაციო ომში დიდი როლი ითამაშეს კრემლის მიერ მართულმა ან გავლენის ქვეშ მყოფმა მედიასაშუალებებმა.
უკრაინის მედიასივრცეში მნიშვნელოვანი წილი უკავია რუსულენოვან პრესას. 2014 წლისთვის უკრაინაში მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე უცხოური ტელეარხების უმრავლესობა რუსული კერძო და სახელმწიფო მედიებს წარმოადგენდა - ისინი ახალ ამბებს პრორუსული პერსპექტივიდან აშუქებდნენ.
უკრაინის გარდა, რუსეთის კარგად დაგეგმილმა საინფორმაციო კამპანიამ გავლენის მოხდენა საერთაშორისო საზოგადოების აზრზეც სცადა - კრემლის მცდელობა, დაემალა ან/და შეენიღბა სამხედრო ქმედებები უკრაინაში, მიზნად საერთაშორისო რეაქციის შესუსტებას ან სულაც რუსეთის მხარდამჭერი სენტიმენტების გაღვივებას ისახავდა.
ამ მხრივ, რუსეთმა საინფორმაციო ომი ორი ძირითადი ინსტრუმენტის გამოყენებით აწარმოა: ვლადიმირ პუტინის განკარგულებით დაარსებული ტელეარხი RT (Russia Today), რომელიც ყველა მთავარ საერთაშორისო ენაზე მაუწყებლობს და ათეულობით მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, ყირიმის ანექსიის ოპერაციის პირველივე დღიდან კრემლის გზავნილებს დაუფარავად აჟღერებდა.
RT-ს წამყვანები ყირიმში შეჭრილ რუს სამხედრო მოსამსახურეებს ვითარების „სტაბილიზაციის ძალებად“ მოიხსენიებდნენ, რომელთა მისია ნახევარკუნძულის ეთნიკურად რუსი მოსახლეობის „უკრაინელი ფაშისტებისგან დაცვა“ იყო.
ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩიუსის შეფასებით, "ყირიმის ანექსიაში RT-ის პროპაგანდის მანქანამ რუსეთის სამხედრო მანქანაზე არანაკლები როლი ითამაშა".
სოციალური მედიის გავლენის ზრდიდან გამომდინარე, საინფორმაციო ომში განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მართული „ტროლების არმიის“ საქმიანობა.
„ეფესბეს“ მიერ ორგანიზებული ინტერნეტმომხმარებლების ჯგუფი რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილ საერთაშორისო მედიების დისკრედიტაციას ეწეოდა. „ტროლების“ ხშირად კარიკატურული კომენტარები მაინც ახერხებდნენ სტატიის თუ სხვა მედიაპროდუქტის შესახებ უნდობლობის აღძვრას და ეჭვქვეშ აყენებდნენ მოვლენების „დასავლური პერსპექტივიდან“ გაშუქებას.
პოპულარული აღმოჩნდა 2014 წელს „ტროლების“ მიერ წარმოებული ერთ-ერთ საინფორმაციო კამპანია, "ზრდილი ადამიანები". კამპანიის ფარგლებში მომხმარებლების ჯგუფი ყირიმში მყოფი რუსი სამხედროების ქალებთან, ბავშვებთან, მოხუცებთან და შინაურ ცხოველებთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებდა, რითაც მნახველში სიმპათიის აღძვრას ცდილობდა.
ყირიმის (სპეც)ოპერაცია პუტინისთვის განსაკუთრებულად მომგებიანი აღმოჩნდა საშინაო თვალსაზრისით. ანექსიის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 60-დან 80%-მდე გაიზარდა, რასაც სოციოლოგებმა „ყირიმის ეფექტი“ უწოდეს.
რუსებს შორის პუტინის პოპულარობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანტი-უკრაინული დეზინფორმაციის კამპანიამ.
„ხელისუფლების სახეები ომის ენას იყენებდნენ და [უკრაინული] ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ერს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდნენ.“ - ამბობს წამყვანი რუსი სოციოლოგი ლევ გუდკოვი.
უკრაინაში რუსი ჯარისკაცები არ არიან
კრემლის დეზინფორმაციის პირველი ნაკადი ყირიმის ნახევარკუნძულზე „პატარა მწვანე კაცუნების“ გამოჩენას ემთხვევა. 2014 წლის თებერვალში სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილმა პირებმა ყირიმის რეგიონული პარლამენტი აიღეს. ისინი რუსულად საუბრობდნენ, რუსულ შეიარაღებას ატარებდნენ და რუსულნომრიანი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ.
კრემლი უარყოფდა, რომ ყირიმში შეჭრილი სამხედროები რუსეთი შეიარაღებული ძალების ნაწილებიდან იყვნენ.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახლა უამრავი ასეთი სამხედრო უნიფორმაა, რომელთა შეძენა ნებისმიერს შეუძლია“, - განაცხადა პუტინმა 4 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. რუსეთის პირველი პირის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასე გამოეხმაურა - „ასეთი განსაცვიფრებელი ფიქცია დოსტოევსკის შემდეგ არავის არ შეუთხზავს.“
ყირიმის ანექსიის ოპერაციის განმავლობაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების აჯანყებისას, რუსეთი საკუთარ სამხედრო როლს დაჟინებით უარყოფდა. მოსკოვი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით „ამართლებდა“.
მაგალითად, როცა 2014 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ათი რუსი მედესანტე დააკავა, რუსეთმა განაცხადა, რომ „სამხედროებს გზა აებნათ და უკრაინის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს“.
ხშირად კრემლის პოზიცია წინათ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგებოდა და ურთიერთგამომრიცხავი იყო. 2014 წლის აპრილში, ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა აღიარა, რომ ყირიმში მართლაც რუსეთის სამხედრო ნაწილები იდგნენ - „რა თქმა უნდა, რუსი ჯარისკაცები ყირიმის თავდაცვის ძალებს დახმარებას უწევდნენ“.
აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტმა რუსულენოვანი ყირიმელების დაცვის მოტივით გაამართლა. მოგვიანებით, 2015 წელს, პუტინმა დონბასის რეგიონზე განაცხადა, რომ "არასდროს არ გვითქვამს, რომ იქ [უკრაინაში] არ იყვნენ პირები, ვინც გარკვეული საკითხების გადაჭრაზე მუშაობდნენ, მათ შორის სამხედრო სფეროში. მაგრამ ეს რეგულარული არმიის ნაწილებს მაინც არ ნიშნავს".
საინფორმაციო ომის ამგვარი ტაქტიკა, რაც ფაქტების უარყოფას და წინააღმდეგობრივი განცხადებებით აუდიტორიის დაბნევას გულისხმობს, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის კლასიკური მეთოდის, „მასკიროვკის“ (маскировка), გაგრძელებას წარმოადგენდა.
„უარყოფის“ რიტორიკით კრემლმა უკრაინასთან ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვანი უპირატესობის მიღწევა შეძლო. „ომის დაწყებას ოფიციალურად არ აცხადებენ. ის სამხედრო ძალების მოქმედებასთან ერთად იწყება“, - ამტკიცებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თავმჯდომარე ვალერი გერასიმოვი, ჰიბრიდული ომის სტრატეგიის ერთ-ერთი შემქმნელი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ქმედებების შესახებ ინფორმაცია მრავალ სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა, კრემლის საინფორმაციო ომმა, რომელიც კონვენციურ სამხედრო ოპერაციას ახლდა თან, უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში დაბნეულობის დათესვა მოახერხა. მოგვიანებით, გენერალმა ბრიდლავმა აღიარა, რომ „მწვანე კაცუნები რუსეთის არსენალში იარაღს წარმოადგენდნენ“, რომელსაც ჰიბრიდულ ომში დიდი როლის თამაში შეეძლო.
რუსულენოვან უკრაინელებს განსაცდელი ელით
„კიევის ახალ ხელისუფლებას რუსული უმცირესობის უფლებების შეზღუდვა სურს“, - ასე მიმართა ვლადიმირ პუტინმა რუსებს 2014 წლის აპრილში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში. რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ კიევი რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას გეგმავდა, ეთნიკურ რუსებს კი „ნაციონალისტური ბანდ-ფორმირებები“ ავიწროებდნენ.
კრემლის ვერსიით, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის „რეჟიმის“ მიერ შევიწროებული რუსულენოვანები იარაღის ასხმას და თავის დაცვას აპირებდნენ - მათი დახმარება კი რუსეთის ვალი იყო.
„როცა რუსებს უკრაინაში საფრთხეს უქმნიან, რუსეთი გულხელდაკრეფილი ვერ დარჩება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
რუსული პროპაგანდის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსულენოვან უკრაინელებში შფოთის გაჩენა ჰიბრიდული ომის გამიზნული ნაწილი იყო. ომის საწყისი ფაზიდან კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი მედია აქტიურად აშუქებდა „ეთნიკური რუსების დისკრიმინაციის“ შემთხვევებს. დეზინფორმაციული მესიჯების უმეტესობა რუსულენოვანებისთვის არსებულ „ფიზიკურ საფრთხეს“ უსვამდა ხაზს - „აღმოსავლეთ უკრაინას დასავლეთი უკრაინა დაიპყრობს“, „რუსულენოვანებს ქონებას ჩამოართმევენ“, „რუსულ ენას აკრძალავენ“ და სხვ.
ამავდროულად, უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის გზა წარმოჩენილი იყო, როგორც კიევის მცდელობა, დაშორებოდა „რუსულ სამყაროს“. კრემლის იდეოლოგების თანახმად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება კიევს მოსკოვის ეკონომიკური ორბიტიდან მოწყვეტდა, რაც რუსულენოვანი უკრაინელებისთვის რუსეთთან კავშირს კიდევ უფრო შეამცირებდა.
რუსული ენის სტატუსის საკითხი პოსტ-რევოლუციურ უკრაინაში მართლაც წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. "მაიდნის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ 2012 წელს მიღებული ენის კანონის გაუქმება სცადა.
იანუკოვიჩის დროს მიღებული კანონი ადმინისტრაციული საქმის წარმოებისთვის უმცირესობების ენების გამოყენების ნებას იძლეოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ ენაზე ადგილობრივების 10 %-ზე მეტი საუბრობდა. თუმცა, უკრაინის დროებითმა პრეზიდენტმა, ოლექსანდრ ტურჩინოვმა კანონი ძალაში დატოვა.
სიმართლეს მოკლებულია რუსული პროპაგანდის გზავნილი, რომ რუსულენოვან უკრაინელებს მშობლიური ენის გამოყენება ეზღუდებათ. 2010 წელს ჩატარებული კვლევით, უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 5 % თვლიდა, რომ ენობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.
რუსულისგან განსხვავებით, როგორც იმპერიის, ისე საბჭოთა ეპოქაში, უკრაინაში შევიწროებას უკრაინული ენა განიცდიდა. 1990-ანი წლებიდან უკრაინულის როლი საჯარო ცხოვრებაში გაიზარდა, თუმცა კიევის მიერ სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერების ნებისმიერი მცდელობა რუსეთის მიერ საკუთარ ინტერესებზე დარტყმად იყო აღქმული.
რეალურად, უკრაინელები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გარდამავალ ენობრივ სივრცეში ცხოვრობენ, როცა საუბარში რუსული და უკრაინული ხშირად ერთმანეთს ენაცვლება.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მისიამ, რომელიც უკრაინაში 2014 წლის მარტ-აპრილში მუშაობდა, დამაჯერებლად უარყო მტკიცება, რომ ეთნიკურ რუსებს აღმოსავლეთ უკრაინაში საფრთხე შეექმნათ.
"მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა რუსულენოვანი თემის წევრებზე თავდასხმებს, ამას სისტემატური და გავრცელებული სახე არასდროს არ მიუღია", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ გააცნობიერა, რომ რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აუცილებელი იყო რუსულენოვანი თანამოქალაქეების პოლიტიკური ინტეგრაცია. სწორედ ამიტომ, ბევრი რუსულენოვანი უკრაინელი აქტიურად ჩაერთო რუსული ანექსიის შეკავებაში და დღესაც უკრაინის არმიაში მსახურობს.
„რუსული იდენტობის“ შენარჩუნების საკითხი სენსიტიური საკითხი აღმოჩნდა რუსეთშიც, რაც კრემლმა შიდა მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის კარგად გამოიყენა. ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხის დახმარების "მისიას" დადებითი გამოხმაურება ჰქონდა როგორც ელიტის, ასევე რიგით რუსებს შორის.
ყირიმის ანექსიამდე ცოტა ხნით ადრე, პუტინს 100-მდე ცნობილმა რუსმა ხელოვანმა მიმართა, რომ "ყირიმის და ჩვენი თანამემამულეების ბედი საფრთხეშია" და რუსები ამას ინდიფერენტულად ვერ შეხვდებიანო. 2014 წლის თებერვალში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რუსების 70 % მიიჩნევდა, რომ რუსულენოვანები უკრაინაში "ნაციონალისტებისა და ბანდიტებისგან" საფრთხის ქვეშ იყვნენ, ხოლო მათი უფლებები კი იზღუდებოდა. ამავე კვლევის მიხედვით, ყირიმში სიტუაციის გამწვავებას რუსების 67 % უკრაინელ ნაციონალისტებს აბრალებდა.
უკრაინელები ანტისემიტი ფაშისტები არიან
რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინელების მეოცე საუკუნის დროინდელი ფაშიზმის იდეოლოგიურ მემკვიდრეებად გამოყვანა იქცა.
ევრომაიდნის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული უკრაინის მთავრობა კრემლმა „ფაშისტურ ხუნტად“ მონათლა და მას ქსენოფობიაში, რასიზმსა და ანტი-სემიტიზმში დასდო ბრალი.
უკრაინასთან კონფლიქტზე საუბრისას პუტინი ხშირად ავლებდა პარალელებს მეორე მსოფლიო ომთან - თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ცენტრალურ მოვლენასთან.
რუსული პროპაგანდა„ხუნტასთან“ ბრძოლას „დიდი სამამულო ომის“ ერთგვარ გაგრძელებად ხატავდა. რუსული ტელეარხები „უკრაინელ ნაცისტებთან“ ბრძოლის გაშუქებისას ხშირად ავლებდნენ პარალელებს გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ მობილიზაციასთან, რაც რუსებში ომისდროინდელი მენტალობის გაღვიძებას ემსახურებოდა. ამით პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერას „ისტორიული მისიის“ ელფერი შესძინა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე რუსულენოვან სოციალურ მედიაში უკრაინელი „ექსტრემისტების“ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს.
სხვადასხვა „თვითმხილველები“ ჰყვებოდნენ, რომ დონეცკთან ახლოს უკრაინელებმა საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა დაიწყეს, ტყეებში კი შეიარაღებული ფაშისტები დაძრწოდნენ.
2014 წლის ივლისში, რუსული „პირველი არხის“ მომზადებულ სიუჟეტში დონეცკელი ქალი ჰყვება, თუ როგორ აცვეს ჯვარს უკრაინელმა სამხედროებმა სამი წლის ბავშვი - რომლის მამა დონბასის „აჯანყებაში“ მონაწილეობდა.
მოგვიანებით, რუსული დამოუკიდებელი მედია „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი დონეცკის ქალაქ სლოვიანსკში ჩავიდა და ადგილობრივებს ესაუბრა - სლოვიანსკელებმა მსგავსი ინციდენტი დამაჯერებლად უარყვეს. მიუხედავად ამისა, დეზინფორმაციამ საკუთარი მისია შეასრულა - ვიდეოს რუსულენოვან უკრაინელებს შორის დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
უკრაინელების ანტისემიტიზმის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს ოდესელი ექიმის, „იგორ როზოვსკის“ ამბავი.
2014 წლის მაისში გამოქვეყნებულ „ფეისბუქ-პოსტში“, 39 წლის „როზოვსკი“ წერს, რომ ოდესაში სისხლიანი შეტაკების შემდეგ დაშავებულების დახმარება სცადა - ადგილობრივმა „მაიდნელებმა“ კი მას ამის საშუალება არ მისცეს.
„ერთ-ერთმა ძალით გამომათრია და მითხრა, რომ მალე მე და სხვა ებრაელები მათ [დაღუპულების] ბედს გავიზიარებდით...ასეთი რამ ჩემი ქალაქის ფაშისტური [გერმანელების მიერ] ოკუპაციის დროსაც კი არ ხდებოდა“, - წერს ექიმი.
რუსულენოვანი „ფეისბუქ-პოსტი“ ერთ დღეში ხუთი ათასამდე მომხმარებელმა გააზიარა. მალე სოციალურ ქსელში პოსტის ინგლისურ, გერმანულ და ბულგარულ ენებზე თარგმანებიც გავრცელდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ფოტოზე გამოსახული პირი რუსეთის მოქალაქე იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკიდან და ოდესის მოვლენებთან არაფერი ჰქონდა საერთო.
კრემლის დეზინფორმაციის ნარატივში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სტეპან ბანდერას.
ბანდერა 1930-40-ან წლებში დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. გერმანიაში ნაცისტების აღზევების შემდეგ ანტისემიტური მოსაზრებებით გამორჩეული ბანდერა მათში სსრკ-ს წინააღმდეგ ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა. მიუხედავად წინააღმდეგობრივი წარსულისა, ზოგიერთი უკრაინელი მას ეროვნულ გმირად მიიჩნევს, რაც რუსულმა პროპაგანდამ „უკრაინაში ფაშიზმის აღზევებასთან“ გააიგივა.
შავ-წითელი დროშა და ნაციონალისტური სიმბოლიკა, რომელსაც „მაიდანის“ მომხრე ზოგიერთი უკრაინელი ატარებდა, ზოგს ბანდერას მოძრაობასთან ასოციაციას უჩენდა. აღნიშნული რუსულმა დეზინფორმაციამ სათავისოდ გამოიყენა. კრემლი და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი მედიები ევრომაიდნის აქტივისტებს „ბანდერას მიმდევრებად“ (бандеровцы) მოიხსენიებდა, რაც თანამედროვე უკრაინული ნაციონალიზმის მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ნაციზმთან გათანაბრებას ემსახურებოდა.
რუსული პროპაგანდის კლიშეებმა დასავლურ მედიაშიც შეაღწიეს. უკრაინის ხელისუფლებაში მოსული „ანტისემიტების“ და „ფაშისტების“ შესახებ სხვადასხვა ევროპული გამოცემა საუბრობდა.
„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში პირველად ხელისუფლებაში ნეო-ნაცისტები ვიხილეთ“, - ვკითხულობთ 2014 წლის მარტში, ბრიტანულ გამოცემა Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინელმა ებრაელებმა 2014 წლის რევოლუციის შემდგომ საჯარო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეძლეს. 2016 წელს ებრაული წარმოშობის ვოლოდიმირ გროისმანი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრად დანიშნა. 2019 წელს კი ებრაული ფესვების მქონე ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის პირველ პირად აირჩიეს.
ყირიმი ყოველთვის რუსული იყო
უკრაინაში შეჭრის და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიის გამართლებას რუსეთი ისტორიის ყალბი ინტერპრეტაციით შეეცადა. რუსული ოფიციოზი ნახევარკუნძულის „შემოერთებას“ ისტორიული აუცილებლობით ხსნიდა. 2014 წლის 18 მარტს, სახელმწიფო დუმის დეპუტატების გამოსვლამდე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ხალხის წარმოდგენაში, ყირიმი იყო და დარჩება რუსეთის განუყოფელი ნაწილად“.
კრემლის ნარატივის მიხედვით, ყირიმში რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი „ისტორიული სამართლიანობის“ იურიდიული ნორმებით გაფორმებას წარმოადგენდა. პუტინი ირწმუნებოდა, რომ „რეფერენდუმი გაეროს ქარტიის და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა.“
დასავლეთის შეფასება რეფერენდუმის კანონიერებასთან დაკავშირებით ცალსახა იყო. რუსეთის აგრესიულ საინფორმაციო კამპანიამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულმა საზოგადოებრივმა აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ყირიმელების უმრავლესობა მხარს უკრაინის შემადგენლობაში დარჩენას უჭერდა.
ეუთო-ს მისიას ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებლები არ გაუგზავნია. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნით, რეფერენდუმი უკრაინის და ყირიმის ა/რ-ის კონსტიტუციების დარღვევით ჩატარდა. 16 მარტის რეფერენდუმის უკანონობა ცნო გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამაც.
ყირიმის ანექსიის საერთო წარსულის არგუმენტით გამართლება საინფორმაციო ომის ერთ-ერთ მთავარ გზავნილად იქცა. ხალხთა თვითგამორკვევის უფლება - გაეროს ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი - ხშირად ისტორიული სამართლიანობის ლოგიკით სტატუს-კვოს გადასინჯვას ისახავს მიზნად. თუმცა, კრემლის მტკიცებას, რომ ყირიმი „ყოველთვის რუსული იყო“, ზურგს ისტორიული ფაქტები არ უმყარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი ნამდვილად შედიოდა რუსეთის იმპერიის, შემდგომში კი საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში, ნახევარკუნძულმა საუკუნეების განმავლობაში მრავალი სუვერენი გამოიცვალა. რუსეთი ყირიმს სულ 168 წელი აკონტროლებდა, მაშინ როცა მრავალეთნიკურმა რეგიონმა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში 300 წელზე მეტი დაყო.
ნახევარკუნძული რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას ჩამოშორდა 1954 წელს და უკრაინის სსრ-ს შეუერთდა. 1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში ყირიმის მცხოვრებლების 54 %-მა ხმა უკრაინის დამოუკიდებლობას მისცა. 2014 წლის ანექსიამდე, ყირიმს კიევისგან ფართო ავტონომია ჰქონდა გარანტირებული - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნდა საკუთარი კონსტიტუცია, ირჩევდა პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, ისტორიულ ჭეშმარიტებას მოკლებულია მტკიცება, რომ ყირიმი „ყოველთვის“ რუსეთის ქოლგის ქვეშ იყო.
დეზინფორმაციის გზავნილმა, რომ ყირიმი რუსეთს „ისტორიულად“ ეკუთვნის, დასავლურ საინფორმაციო სივრცეში მაინც შეაღწია.
„ყირიმი რუსულია“ ნარატივს აქტიურად აჟღერებდნენ ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები. გერმანულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყირიმის ანექსიას „ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატულება“ უწოდა. საფრანგეთში, „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი მარინ ლე პენი ხშირად იმეორებს, რომ „ყირიმი ყოველთვის რუსული იყო“.
მსგავსი რიტორიკა ისმის იტალიის ყოფილი ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინისგან, რომელმაც ყირიმის რეფერენდუმზე განაცხადა, რომ „არსებობს ისტორიულად რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ზონები, რომლებიც, ლეგიტიმურად, რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის“.
რუსული საინფორმაციო ომის წარმატებას ცხადყოფს ისიც, რომ 2018 წელს „დიდი შვიდიანის“ სამიტზე, თავად აშშ-ს ლიდერმა, პრეზიდენტმა ტრამპმაც კი განაცხადა, რომ „ყირიმი რუსულია, იქ ყველა რუსულად ლაპარაკობს“.
უკრაინა გამოგონილი სახელმწიფოა
2014 წლის აპრილში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონბასის რეგიონში კიევის კონტროლირებულ სახელმწიფო სტრუქტურებზე თავდასხმა დაიწყეს. სლოვიანსკში, დონეცკში, კრამატორსკში, ჰორლივკაში, მარიუპოლში - "აჯანყებულები" პოლიციის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებს ერთი მეორის მიყოლებით იღებდნენ და სეპარატისტულ დროშებს აღმართავდნენ.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა საუბარი დაიწყო უკრაინის, როგორც „გამოგონილი სახელმწიფოს“ შესახებ, რომლის დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიის ყოფილი ქვეშევრდომებით იყო დასახლებული.
„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი...ხარკოვი, ლუჰანსკი, დონეცკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა...მეფის რუსეთის დროინდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ნოვოროსიაა“, - განაცხადა პუტინმა.
ის, რომ უკრაინა დიდი „აღმოსავლეთ სლავური ოჯახის“ ნაწილია, თანამედროვე რუსული „რბილი ძალის“ პროპაგანდის ერთ-ერთი გავლენიანი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის თეზისს ეყრდნობოდა.
დუგინი „ბელორუსებს“ (ბელარუსებს), „მალორუსებს“ (უკრაინელებს) და „ველიკორუსებს“ (რუსებს) ერთი ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად წარმოადგენს, რომლებიც ცენტრის - მოსკოვის - გარშემო უნდა გაერთიანდნენ.
დუგინის თვალსაზრისს იმეორებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილიც: „რუსული სამყარო, რომელიც წარსულში გეოგრაფიულად ერთიანი იყო, დღეს სხვადასხვა ქვეყნების საზღვრებშია მოქცეული. ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები თავს საერთო ცივილიზაციის ნაწილად უნდა გრძნობდნენ“.
რუსულ საინფორმაციო ომში უკრაინის - როგორც სუვერენული სახელმწიფოს - „დაკნინება“ დეზინფორმაციის ერთ-ერთ ამოცანად იქცა. კრემლის სახეები უკრაინელებს, როგორც „უმცრობს ძმებს“, პატერნალისტური ტონით ჭკუას არიგებდნენ.
იმის მტკიცებით, რომ „უკრაინა რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის“, რუსული პროპაგანდა უკრაინელებში არასრულფასოვნების კომპლექსის დანერგვას ცდილობდა. უკრაინული კულტურა პერიფერიულ, ლოკალურ მოვლენად იყო წარმოდგენილი, რომელსაც განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ რუსული კულტურის ჩრდილქვეშ ჰქონდა, უკრაინული ენა კი რუსულის „უხეშ“ დიალექტად, „გლეხების ენად“ იყო გამოყვანილი.
უკრაინული ეროვნული იდენტობის საკითხი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინააღმდეგობრივ საკითხად იქცა.
ბევრი საუბრობდა "გაყოფილ ერზე" - პრო-ევროპულ, უკრაინულენოვან დასავლეთზე და პრო-რუსულ, რუსულენოვან აღმოსავლეთზე. იდენტობის საკითხი კრემლის პროპაგანდამ „მაიდნის“ შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მიუსადაგა. რუსულენოვანი უკრაინელების "აჯანყება" დუგინმა "რუსულ გაზაფხულად" მონათლა - რომელიც „რუსული“ უკრაინის დასავლეთის ჰეგემონიისგან გამოხსნას ემსახურებოდა.