-

პროპაგანდა არის კომუნიკაციის ფორმა, რომელიც ფაქტების გაყალბებით ან უარყოფით, მათი სისტემური და მიზანმიმართული გავრცელებით ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა თუ ქცევაზე სასურველი ზემოქმედების მოხდენას ემსახურება. ცნება პროპაგანდის წარმოშობა  1622 წელს ვატიკანის მიერ დაარსებულ მისიონერულ ორგანიზაციას უკავშირდება - ‘’რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია’’, რომლის მიზანიც კათოლიკური რწმენის გავრცელება  იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროპაგანდა, როგორც პოლიტიკური ფენომენი,  საერთაშორისო ურთიერთობებში უძველესი დროიდან არსებობს. მისი პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში გვხვდება:  თეატრალური წარმოდგენები ძველ საბერძნეთში, რომელთა სცენარები შეკვეთით იწერებოდა,  მონეტები პოლიტიკური ლიდერების გამოსახულებებით ძველ რომში და ა.შ.

უახლეს ისტორიაში ფართომასშტაბიანი პროპაგანდა სათავეს პირველი მსოფლიო ომიდან იღებს. სწორედ საინფორმაციო ომის მეშვეობით გაღვივდა მტრული განწყობები, დაიწყო საბრძოლო მობილიზება, სახელმწიფოებმა შეძლეს მოკავშირეების შეძენა და მოხალისეთა ომში გაწვევა. მოგვიანებით, მსოფლიო გამოწვევად ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მეთოდები იქცა, რასაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებები მოჰყვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის გავლენა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე შემცირდა. პოზიციების გასამყარებლად კი კრემლი იძულებული გახდა სამხედრო ძალის გარდა, უფრო ეფექტურად გამოეყენებინა ფინანსური, პოლიტიკური და საინფორმაციო ბერკეტები. ბოლო ათწლეულებში, განსაკუთრებით ჩეჩნეთის პირველ ომში, საინფორმაციო ფრონტზე განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთისთვის ,,რბილი ძალა’’ საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უმთავრესი  ინსტრუმენტია. ამის პირველი მაგალითი და შეიძლება ითქვას, სატესტო პლაცდარმი 21-ე საუკუნეში საქართველო იყო. 2005-2008 წლებში აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რათა საქართველოზე მომავალი თავდასხმის გასამართლებლად ნიადაგი მოემზადებინათ. 2013 წელს კრემლმა ცივილიზებულ სამყაროს საინფორმაციო ომი ღიად გამოუცხადა, როდესაც საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში მასმედიისა და ინფორმაციის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთ იარაღად დააკანონა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენება არ არის ახალი მოვლენა საერთაშორისო ურთიერთობებში, გაზრდილი მასშტაბების და სახეცვლილი ფორმების გათვალისწინებით, ის შეიძლება თვისობრივად ახალ პრობლემად ჩაითვალოს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და კვლევას საჭიროებს. საქართველოში ულტრა-მემარჯვენე ძალებისთვის სათანადო საფუძველი რომ არ არსებობდეს, პროპაგანდას მოსახლეობის განწყობებისა და მსოფლმხედველობის ფორმირებაზე ასეთი გავლენა არ ექნებოდა. ამიტომ, პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს მოწყვლადი ჯგუფების შესწავლით, რომლებიც პროპაგანდისტული ნარატივის მსხვერპლნი და მისი უნებლიე გამავრცელებლები არიან.

ეთნიკური უმცირესობები

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები რუსული პროპაგანდის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კვლევები ცხადჰყოფს, რომ პოლიტიკისა და სხვა მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვანი არხებიდან ყველაზე მეტად იღებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა. სწორედ ამ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთის ნაწილი) შეინიშნება ყველაზე მტკიცედ პრორუსული განწყობები და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.

აღნიშნული პრობლემის აქტუალურობას ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობებში არსებული ენობრივი ბარიერები, ქართულ სატელევიზიო სივრცეში მათთვის საინტერესო თემების დეფიციტი და რუსულენოვანი არხების მრავალფეროვნება.

უნდა აღინიშნოს ,,ალტ-ინფოს" როლი ეთნიკურ უმცირესობებში პრორუსული განწყობების გაძლიერებასთან დაკავშირებით. გასული წლის მაისიდან ისინი საინფორმაციო ომის ახალ საფეხურზე გადავიდნენ და მიზანმიმართულად დაიკავეს ის სივრცე, სადაც რუსეთის ინტერესებზე მორგებული საზოგადოებრივი აზრის კულტივირებისა და გავრცელებისთვის ნიადაგი მომზადებულია. 17 მაისს დაიწყეს თანამშრომლობა ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-თან, რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მაუწყებლობს. მათი საინფორმაციო გადაცემები დასავლეთისა და უკრაინის დისკრედიტაციას, რუსეთის პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას, კრემლის პირდაპირი გზავნილების გაჟღერებას ემსახურება და ამისთვის, ყოველდღიურად, დაახლოებით 5 საათიანი საეთერო დრო აქვთ. ეს ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგად დაგეგმილი, მიზნობრივ აუდიტორიაზე გათვლილი კამპანია, რომელიც მანიპულირებს ეთნიკური უმცირესობებით, მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, მოსახლეობის პოლარიზებას ეროვნული მნიშვნელობის საკითხებისადმი.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციის არსებობა. ენობრივი ბარიერის აღმოფხვრის მიზნით უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო და დასავლური ენების შემსწავლელი პროგრამები. რაც შეეხება რუსული ტელეარხების მრავალრიცხოვნებას, მათი აკრძალვა არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც მედია მონიტორინგი და დეზინფორმაციის იდენტიფიცირება, რადგან მაყურებლების უმრავლესობა თანამედროვე, თანამგზავრული ტიპის მაუწყებლობით სარგებლობს.

საბჭოთა ადამიანი

რუსული პროპაგანდის მიმართ ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფი სწორედ საბჭოთა ადამიანებისგან შედგება და მათში, ცხადია, არ იგულისხმება განურჩევლად ყველა, ვინც იმპერიაში იცხოვრა, არამედ ისინი, რომელთა ცნობიერებასა და მენტალიტეტზე კგბ-ს ცნობილმა სკოლამ წარუშლელი კვალი დატოვა. ისინი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ გარემოში, სადაც მედია სრულად იყო მონოპოლიზებული, ებრძოდნენ და კლავდნენ მათ ცნობიერებაში ინდივიდუალიზმსა და ეროვნულ ღირებულებებს, დააჯერეს მათ, რომ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. საბჭოთა ადამიანი, რომელსაც შეუქმნეს ,,მტრის ხატი’’ აღარავის ენდობოდა ბელადის გარდა, აკეთებდა იმას, რაც მიღებული და მოწონებული იქნებოდა მთავრობის მიერ, იყო ბოლომდე იდეოლოგიზირებული და ნებისმიერ განსხვავებულ ნაბიჯს აღიქვამდა სისტემის მიმართ მტრულ დამოკიდებულებად.

საინტერესოა, ვისაუბროთ, იმ ობიექტურ გარემობებზე, რაც დღევანდელ საბჭოთა ადამიანს ძალიან უშლის ხელს იყოს რეზისტენტული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ:

  1. კრიტიკული აზროვნების დეფიციტი - სსრკს-ს მიერ შემოთავაზებული განათლების სისტემა ინდივიდში კლავდა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარს, შესაბამისად, დღეს, ამ თაობის ადამიანთა აზროვნებაში ცვლილებების მოხდენა ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. ისინი, როგორც წესი, არ იწონებენ რეფორმებს, არ საუბრობებ ცვლილებების აუცილებლობაზე. გამოირჩევიან განსხვავებული აზრის მიუღებლობით, მიმართავენ სიძულვილის ენას, ამჟღავნებენ ცილისმწამებლურ და უპატივცემულო დამოკიდებულებას ოპონენტების მიმართ.
  2. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება - იტერნეტმომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გაზარდა სოციალური ქსელების პოპულარულობა, შეიცვალა კონტროლი ინფორმაციის გავრცელებაზე, რამაც საქმე გაუმარტივა კოორდინირებულად მოქმედ ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფებს და დიდი გამოწვევის წინაშა დააყენა  პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული პრაქტიკა.

სამოცდაათწლიანი საბჭოთა მემკვიდრეობის განადგურება არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ შესაძლებელია სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების თანამშრომლობით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების დონის ამაღლებით. კრიტიკულად მოაზროვნე ახალი თაობა შექმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების საფუძვლებს.

ფსევდო-მართლმადიდებლები

ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესანარჩუნებლად, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების სასურველი სცენარით განვითარებისთვის საბჭოთა კავშირისა და კგბ-ს ერთ-ერთი საყრდენი ძალა ყოველთვის იყო მართლმადიდებლური ეკლესია.

დასავლურ კულტურასთან  ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს დღესაც აქტიურად ავრცელებს საქართველოს ეკლესია. მათი ერთი, შედარებით მცირე ნაწილი, თავადაც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მსხვერპლია, მეორე, გაცილებით დიდი და საშიში ნაწილი კი მიზანმიმართულად თანამშრომლობს ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან. რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში საუბრობს საქართველოსა და  რუსეთს შორის ცივილიზაციური ერთობის, ხოლო დასავლეთთან ჩვენი მორალური შეუთავსებლობის შესახებ. ისინი პირდაპირ იმეორებენ კრემლის მთავარ გზავნილებს, რაც უმთავრეს იდეას, ქართველი ხალხისთვის დასავლეთის ალტერნატივად რუსეთის ფედერაციის შეთავაზებას ემსახურება.

მრევლის ნაწილი, რომელიც ვერ ერკვევა რელიგიურ საკითხებში, არ აქვს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ძალიან მოწყვლადია ანტისახელმწიფოებრივი და პრორუსული ნარატივის  მიმართ. მათთვის სასულიერო პირი ავტორიტეტია, რომელსაც უსიტყოდ უნდა დაემორჩილონ, არასდროს განიკითხონ და შეეწინააღმდეგონ, თორემ ამისთვის ღმერთი დასჯით. მოსახლეობაში ღვთის შიშის ამგვარი ინტერპრეტაციაც ერთ-ერთი პროპაგანდისტული მეთოდია, რაც ხელს უწყობს  კგბ-ს ცნობილი სქემა წარმატებით განხორციელდეს.

მრევლსა და სასულიერო პირებში გვხვდებიან ადამიანები ჰომოფობიური, შოვინისტური და ურა-პატრიოტული განწყობებით. მარტივია მათზე მანიპულირება იდენტობასთან, რელიგიასთან, ფასეულობებსა და ტრადიციებთან დაკავშირებული საკითხებით. იცნობენ რა საზოგადოებაში არსებულ შიშებსა და განწყობებს ხსენებული თემების ირგვლივ, კრემლის პროპაგანდის არხები საქართველოში სწორედ ამ შიშების გაღრმავებას, მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ტერორს და ამ გზით სასურველი შედეგების მიღწევას ემსახურება.

დასკვნა

რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის, რომლის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება განისაზღვროს პრიორიტეტად, გაძლიერდეს სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა ზემოხსენებულ ჯგუფებთან სამუშაოდ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენისა და განხორციელების მიზნით.

საინფორმაციო ომის წინააღმდეგ აუცილებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რაც, პირველ რიგში, თავისუფალი დაა კრიტიკული მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას და განათლების სისტემის რეორგანიზებას გულისხმობს. უნდა გაიზარდოს გზავნილები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მედიაწიგნიერებას, რათა საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება, მანიპულაციებისა და ყალბი ამბების იდენტიფიცირება და უკუკავშირი.

ეს მცდელობები, დროთა განმავლობაში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ადამიანები არა ავტორიტეტებისა და ფულის, არამედ ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო გაერთიანდებიან,  რაც განვითარებისა და კეთილდღეობის უმთავრესი წინაპირობაა.

მსგავსი სიახლეები