ევროკომისია: გახშირებული დაკავებები მიუთითებს რეპრესიის უფრო ფართო ტენდენციაზე

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერი საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის და საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას დაკავებაზე აცხადებს, რომ "გახშირებული თვითნებური დაკავებები მიუთითებს რეპრესიის უფრო ფართო ტენდენციაზე, რომელსაც 'ქართული ოცნება' ახორციელებს."

ვითარების არსი: "საქართვლოში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი სტუდენტები სულ უფრო ხშირად ხვდებიან თვითნებურ დაკავებებს. ეს ასევე მიუთითებს რეპრესიის უფრო ფართო ტენდენციაზე, რომელსაც ახორციელებს 'ქართული ოცნება'. და ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადგილობრივი არჩევნების წინ: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ოპოზიციის ლიდერების დაკავება და მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს." - თქვა მან ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

  • "სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ 'ქართული ოცნების' წარმომადგენლებს, დაიცვან დემოკრატიის ყველაზე ძირითადი პრინციპები." - აღნიშნა ჰიპერმა.
  • გარდა ამისა, ჟურნალისტმა იკითხა რამდენად განიხილავს ევროპული კომისია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 'ქართული ოცნების' წევრების სანქცირებას.
  • "ჩვენ ახლა განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს ამ სიტუაციაზე რეაგირებისთვის და კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხზე. ივლისში გვქონდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. ეს დისკუსია მოიცავდა საუბარს უვიზო მიმოსვლაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და სანქციების დაწესებაზე. პირველ რიგში, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან. შევაჩერეთ პირდაპირი დახმარება და გავზარდეთ დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელსაც ჩვენი სრული სოლიდარობა აქვს." - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

ჩაშლილად: 11 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია "ფორმულის" ეზოში დააკავეს.

  • სუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. სუსის შეფასებით, "საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს."
  • უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა "განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი" და გამოიკვეთა "დანაშაულის ყველა ნიშანი."
  • მას ბრალად ედება "ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად," რაც 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი) პატიმრობით ისჯება.
  • სუსის განცხადების თანახმად, ხაბეიშვილმა იქვე მდგარ ზოდელავას "დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი," რის შემდეგაც "ზოდელავამ აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა." სუსის განცხადების თანახმად, ზოდელავამ "გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე."

მსგავსი სიახლეები