-

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე და კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილ მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და აზერბიჯანში აშშ-ის ყოფილ ელჩს, მეთიუ ბრაიზას ვესაუბრეთ.

 

რას იტყვით საქართველო-ამერიკის ამჟამინდელ ურთიერთობაზე. “ქართული ოცნება” ამომრჩევლებს ჰპირდებოდა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ნორმალიზდებოდა, მაგრამ 20 იანვრის შემდეგ უკვე 8 თვე გავიდა და დრამატულად არაფერი შეცვლილა. როგორ შეაფასებდით საქართველო-ამერიკის ახლანდელ ურთიერთობას?

მე მგონია, რომ ურთიერთობა ბაიდენის ადმინისტრაციის მომენტუმით და მიმართულებით გრძელდება, რადგან ტრამპი საერთოდ არ ჩართულა ამ პროცესში, როგორც მე ვხედავ. 

მე, რა თქმა უნდა, იმ პროცესების ცენტრში ვიყავი, რომელსაც ამერიკა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს წარმართავდა და ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად ადარდებდა პრეზიდენტ ბუშს საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომ დახმარებოდა საქართველოს ისტორიული შესაძლებლობების გამოყენებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ მომხდარიყო ქვეყნის მოდერნიზაცია, გაძლიერებულიყო პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება და ყოფილიყო უსაფრთხო გარემო.

პრეზიდენტი ტრამპის დღის წესრიგში ბევრი ქვეყანა არ შედის. მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან, ახლახან ვიყავი ბუდაპეშტში და იქ ჩვენ ელჩი არ გვყავს და არ ჩანს, რომ ახლო მომავალში გვეყოლება, პრეზიდენტი ტრამპი არაა ჩართული. 

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩაერთო აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობაში სიურპრიზი იყო ყველასთვის, ჩემი თავის ჩათვლით, ვინაიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ პრობლემის გადაჭრაში.

რატომ დაინტერესდა პრეზიდენტი ტრამპი აზერბაიჯანით და სომხეთით და ყარაბაღით, სხვა თემაა, თუმცა ჩაერთო, და ეს არ მომხდარა საქართველოს შემთხვევაში. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა აზერბაიჯანი და სომხეთი, როგორც “მარტივად მოსაწყვეტი დიპლომატიური ხილი”, დაინახა შესაძლებლობა აშშ-ისთვის შუამავალი ყოფილიყო და დახმარებოდა ქვეყნებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში და მას უნდა ნობელის პრემიის მოგება მშვიდობის დარგში.

როცა საქმე საქართველოს ეხება, სადაა შესაძლებლობა აშშ-ის პრეზიდენტისთვის, რომ რამე გააკეთოს? შიდა პოლიტიკური სიტუაცია სტაგნაციაშია, მაგრამ არა უძრავ მდგომარეობაში, ის ძალიან დაძაბულია და ემოციების ძალიან მაღალი დონე შეინიშნება.

ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ვაშინგტონის აღქმით, სამწუხაროდ, საქართველომ თავისი თავი გეოპოლიტიკური თამაშიდან ამ მომენტისთვის გაიყვანა.

ქართულმა ოცნებამ საგამოძიებო კომისია შექმნა პარლამენტში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება. თქვენ ამ მოვლენის თვითმხილველი ხართ. კომისიის დასკვნით, ხელისუფლება ფაქტობრივად ოფიციალურად ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში და სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლეთის აგენტად და მარიონეტად მოიხსენიებს. სეპარატისტები უკვე ზეიმობენ ამ დასკვნას და ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა საქართველოს და არაღიარების პოლიტიკას?

მე არ წამიკითხავს ეს ანგარიში, თუმცა ამ ყველაფერში ჩართული ვიყავი და მაქვს ძალიან განსხვავებული შთაბეჭდილება. ჩემთვის ეს სრულიად სასაცილო და მცდარია და ღრმად უსარგებლოა იმ მიზნებისთვის, რომლებსაც ისახავთ.

ეს არ არის სიმართლე, ეს ტყუილია და ყველამ, ვინც აზროვნებს, იცის რასაც აკეთებდა რუსეთი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას, მაგრამ ეს იყო საქართველოს მანევრირება ჩიხისკენ, მანევრირება იმისკენ, რაზეც თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა 2008 წლის მაისში მითხრა: “პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუტოვეს არანაირი კარგი არჩევანი - მას უწევს ან ომი რუსეთთან, ან ის აცხადებს კაპიტულაციას რუსეთის მოთხოვნებზე და თმობს სადავო ტერიტორიას. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ შევუქმნათ სხვა არჩევანი, რათა თავიდან ავიცილოთ ომი და ავირიდოთ საქართველოს მიერ ტერიტორიის დათმობა.” 

რუსეთის მიერ იყო ეს ყველაფერი ორკესტრირებული და შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთმა გადადგა 90-იანი წლების შემდეგ, ამ სიტუაციამდე  საქართველოს მისაყვანად. ამიტომ არა, საქართველოს არ დაუწყია ეს ომი, რუსეთს უნდოდა ის, რუსეთმა მოახდინა მისი პროვოცირება და სეპარატისტების მიერ მიმდინარეობდა საარტილერიო დაბომბვა რუსი სამშვიდობოების თავზე, რასაც რუსეთი ეთანხმებოდა და ხელს უწყობდა და ასე დაიწყო ომი. დიახ, საქართველომ საპასუხო ცეცხლი გახსნა და რა უნდა გაეკეთებინა, როცა მას საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული არტილერიით ბომბავდნენ?

სამწუხაროდ, ამ კომისიის დასკვნას ოსი სეპარატისტები და გაეროში რუსეთის დელეგაციაც კი ციტირებს.

საუბარს გავაგრძელებ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ბოლო დროს კავკასიაში მოხდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება ჩვენი რეგიონისთვის და რა საფრთხეებს ხედავთ მისი პირობების შესრულების კონტექსტში?

პირველ რიგში, როგორც უკვე ვთქვი, ეს ჩემთვის დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ ამაში ასე ჩაერთო პრეზიდენტი ტრამპი. როცა მე ვიყავი ეუთოს მედიატორი და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ხშირად ვსაუბრობდი იმაზე, რომ სანამ ამერიკის პრეზიდენტი პირადად არ ჩაერთვებოდა და მის პრესტიჟს არ ჩადებდა ამ პროცესში, ამერიკის დიპლომატიის სრულ ძალას არ გამოიყენებდა იმისთვის, რომ დაეზღვია სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, რათა მათ მიეღოთ ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები კომპრომისისთვის, ვერასოდეს მივაღწევდით სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან არავინ ენდობა ვლადიმერ პუტინს. სომხები და აზერბაიჯანელები არ ენდობიან და არც არასდროს ენდობოდნენ, ისინი მას პატივს სცემენ, მაგრამ არ ენდობიან. და საფრანგეთი არაფერს ნიშნავს, ის არარელევანტურია, შეიძლება უკეთესი ყოფილიყო ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა.

და როცა მედიატორად გყავს აშშ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალაა, ეს ბევრს ნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა ეს და რაღაც მოიმოქმედა, მაგრამ მას ის არ გაუკეთებია რასაც ამბობს, არ დაუსრულებია ომი. მან მხარეებს შესთავაზა ფორუმი, მისი პრესტიჟი, რამაც შექმნა შესაძლებლობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს დაეწერათ პირველადი შეთანხმება, რომლის ტექსტზეც უკვე შეთანხმებულები იყვნენ ამ წლის მარტში, მაგრამ პრეზიდენტებს არ მოუწერიათ ხელი ამ დოკუმენტზე და ამიტომ ის არ არსებობდა. 

ამასთან ერთად არის ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი, და ეს არის აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნა სომხეთის მიერ კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, უნდა გაქრეს ნებისმიერი ბუნდოვანება, რომ სომხეთს აქვს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ეს ძალიან ტექნიკური, იურიდიული საკითხია, სომხეთის დღევანდელი კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არის ჩანაწერი ყარაბაღის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესახებ, რომელიც 1988 წელს დაიწერა ეთნიკური სომხების მიერ, რის გამოც, რა თქმა უნდა, ის არ ცნობს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ანუ ყარაბაღს და მის ირგვლივ მდებარე 7 რეგიონს არ აღიარებს აზერბაიჯანის ნაწილად. ფაშინიანს უნდა, რომ ეს შეიცვალოს, თუმცა მას ჰყავს მოწინააღმდეგეები პარლამენტში, საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ცვლილების მისაღებად, შეიძლება ეს მიიღოს, მაგრამ შემდეგ უნდა მოხდეს მისი რატიფიცირება ხალხის მიერ და არსებობს დიდი წინააღმდეგობა. 

ილჰამ ალიევი, დონალდ ტრამპი და ნიკოლ ფაშინიანი ხელს აწერენ ერთობლივ სამმხრივ დეკლარაციას, 2025 წლის 8 აგვისტო

გუშინ, ბრიუსელში მცხოვრები სომეხი მეგობრისგან გავიგე, რომ უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევით, სომხეთის მოსახლეობის 60-65% სჯერა, რომ კონფლიქტი არ დამთავრებულა და შესაძლებელია სამხედრო ძალით დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სადაც სომხები ცხოვრობდნენ. მე სწორედ ამაზე ვდარდობ. მაწუხებს ის ფაქტი, რომ შეიძლება კონსტიტუციის შეცვლა ვერ მოხერხდეს. აზერბაიჯანი ბევრს ითხოვს სომხეთისგან - კონსტიტუციის შეცვლას და რეფერენდუმის ჩატარებას, თუმცა, მეორე მხრივ, რთულია სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერო ხელი ქვეყანასთან, რომლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ შეიძლება შენი, აზერბაიჯანული ტერიტორიის დაბრუნება სურს.

დიახ, და მათ მოიგეს 2 ომი ბოლო 5 წლის განმავლობაში და ესეც უზარმაზარი ფაქტორია.

დიახ, დიახ. ზუსტად, ამ ყველაფრის თქმის შემდეგ, რომ შევაჯამო თქვენს შეკითხვაზე პასუხი, ეჭვი არ მეპარება, რომ აზერბაიჯანი შეასრულებს შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ საბოლოო შეთანხმება მიიღწევა და ეს ნიშნავს, რომ სომხეთის კონსტიტუცია შეიცვლება. და მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ აზერბაიჯანს უნდა ეს შეთანხმება და ძალიან ბევრ ფინანსურ რესურსს ხარჯავს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებაში, მაგრამ შეიძლება საბოლოო შეთანხმება ვერ გაფორმდეს.

2026 წელს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ეს კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. არსებობს შიში, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს ამ არჩევნებში. რუსეთს სომხეთზე დიდი გავლენა აქვს: სამხედრო ბაზა, ეკონომიკური ბერკეტები, ამიტომ რას ფიქრობთ ამაზე და რა მეთოდები შეუძლია რუსეთს გამოიყენოს სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ?

მთელ ფულს, რომელიც ოდესმე გამომიმუშავებია და გამოვიმუშავებ, დავდებდი იმაზე, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის. პირველ რიგში, ვისაუბრებ მოტივაციაზე და შემდეგ მეთოდებზე. 

მოტივაციის მხრივ, მე ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი მუშაობის დროს, რომ რუსეთი გულწრფელად ცდილობდა შეთანხმების ჩარჩოს შექმნას, რომელსაც წლების შემდეგ ზავისთვის გამოიყენებდნენ. მინისტრი ლავროვი შესანიშნავად მუშაობდა, მსჯელობდნენ, ჰქონდათ გულწრფელი დიალოგი, იმის გააზრებით, რომ ჩარჩოზე შეთანხმების მიუხედავად, ისინი ვერასოდეს მივიდოდნენ სამშვიდობო შეთანხმებამდე. ამიტომ რუსეთი ქულებს იწერდა იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, თუმცა ის ინარჩუნებდა დესტაბილიზაციის ბერკეტებს, რადგან არასდროს იქნებოდა სამშვიდობო შეთანხმება. 

და თუ შევხედავთ მეორე მოტივაციას, 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, რომელსაც პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა მოაწერეს ხელი, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის არსებულ დერეფანს “რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის” (ФСБ) მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ახლა, ვაშინგტონის შეთანხმების მიხედვით, დერეფნის ოპერირებას ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს. ФСБ გაქრა, აშშ კი შემოვიდა, კომპანიის სახით. ეს დიდი დამცირებაა რუსეთისთვის, რუსეთი ახლა ამბობს, რომ ტრამპის შეთანხმება არ არის ვალიდური, რადგან 10 ნოემბრის შეთანხმება ახლაც ვალიდურია, ამიტომ ისინი ამას გააპროტესტებენ და იტყვიან, რომ ФСБ-ს აქვს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. ეს დიდი პრობლემაა.

მესამე მოტივაცია ისაა, რომ აგვისტოში, ვაშინგტონში, საერთო სტრატეგიულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, ჯერ აშშ-აზერბაიჯანს და შემდეგ აშშ-სომხეთს შორის. თანამშრომლობის ერთ-ერთი საკითხი იყო სასაზღვრო უსაფრთხოება. აზერბაიჯანი არის ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან და ირანთან და როგორღაც აშშ-ც ერთვება საზღვრის დაცვაში, ეს რუსეთს ძალიან გააბრაზებს. იგივე რეაქცია ექნება სომხეთზეც, რადგან ФСБ აკონტროლებს საზღვარს თურქეთსა და სომხეთს შორის. 

ამიტომ რუსეთს აქვს ყველა მოტივაცია იმისთვის, რომ ამ სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაცია არ დაუშვას და ისინი გამოიყენებენ ყველა ბერკეტს სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, რომ შეცვალონ ფაშინიანის ხელისუფლება და ამას გააკეთებენ პროპაგანდის, “აქტიური ზომების” (რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წარმოებული ოპერაციები - ჯაშუშობა, პროპაგანდა, დივერსია და მკვლელობა. - რედ.), ფულის, ქრთამის, და ყველა სხვა მეთოდის გამოყენებით. იმედია ეს არ იქნება ფიზიკური ძალადობა ადამიანების მიმართ.

ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი თავს დამცირებულად გრძნობს, მას უწევს გამოიჩინოს სიფრთხილე პრეზიდენტ ტრამპთან უკრაინის გამო, თუმცა ეს არ შეაჩერებს მას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ხელი შეუშალოს ამ შეთანხმების იმპლემენტაციას.

საქართველოში ბევრი ადამიანი შიშობს, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა შეამცირებს საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას და მის სტრატეგიულ როლს. ხედავთ ამ საფრთხეს საქართველოსთვის?

საერთოდ არა. პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველო სტრატეგიულად უკვე ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო. 

რაც შეეხება სატრანსპორტო კორიდორს, არ არის ჯანსაღი გრძელვადიან პერსპექტივაში იმაზე გათვლა, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს სარგებელს თუ სომხეთი იზოლირებული იქნება. 

მესამე პუნქტი ისაა, რომ ე.წ. “შუა კორიდორი” და ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან და მერე აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შავ ზღვაში, ეს იქნება საქართველოდან თუ თურქეთიდან, არის საშინლად არაეფექტური და სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები, რომელიც უნდა ჩადებულიყო წლების წინ, მაგრამ არ ჩაიდო.

საჭიროა მეტი გემების აშენება კასპიის ზღვაში და ეს არაა საქართველოს პრობლემა, მაგრამ საჭიროა მეტი სარკინიგზო გამტარუნარიანობა, ეს არის საქართველოს პრობლემა, საჭიროა გზების და პორტების ეფექტურობის და სიჩქარის დრამატულად გაუმჯობესება, ესენი საქართველოს პრობლემებია და საქართველოს უნდა დაეხარჯა ფინანსური რესურსი ამ მიმართულებით, თუმცა ეს არ გაუკეთებია. ზანგეზურის დერეფანი იქნება ახალი მარშრუტი, მაგრამ თუ გახსნი ახალ დერეფანს ეს ნიშნავს მეტ ტრანსპორტს, მეტ ინვესტიციას და მეტ ტვირთებს მთელ რეგიონში. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ზანგეზურის დერეფანი ავნებს საქართველოს ან იმაზე უკან წაწევს, ვიდრე უკვე არის, პოტენციური ტვირთბრუნვის, ლოჯისტიკის ან სტრატეგიული რელევანტურობის თვალსაზრისით.

რა შეგიძლიათ თქვათ სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზებაზე თურქეთთან და რა შესაძლებლობებს ხსნის ეს სომხეთისთვის?

თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმა ახლა დაასრულეს დიალოგის მეექვსე რაუნდი და მათ აქვთ ძალიან კონკრეტული შეთავაზებები: სახმელეთო საზღვრის გახსნა, ტრანსპორტის ნორმალიზება, შუა საუკუნეების ხიდის აღდგენა, ფრენების რაოდენობის გაზრდა სტამბოლსა და ერევანს შორის. ასე რომ, ისინი ფიქრობენ რა გააკეთონ ნორმალიზებისთვის და მართლაც არსებობს ორმხრივი სურვილი.

2009 წელს მიმდინარეობდა ნორმალიზების პროცესი და არსებობდა შეთანხმებები, რომელთა რატიფიცირებაც არ მოხდა არცერთი ქვეყნის პარლამენტის მიერ. ამის მიზეზი ის არის, რომ თურქეთის პარლამენტი და მთავრობა არასდროს “ჩასცემს ზურგში დანას” აზერბაიჯანს. ყველამ ვიცით სლოგანი: “ერთი ერი, ორი სახელმწიფო”. თურქეთმა ჩაკეტა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და არაფერს არ გააკეთებენ, რაც აზერბაიჯანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

მახსოვს, 2009 წელს ვიყავი ჩართული მთიანი ყარაბაღის, მაგრამ ასევე თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებების პროცესში, რადგან ამას აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტი ობამა. არასოდეს დამავიწყდება, რომ ჩავედი ბაქოში ყარაბაღის შესახებ შეხვედრებზე და აზერბაიჯანელი მინისტრი დავინახე ლაუნჯში - ვკითხე სად მიდიოდა, მან კი მიპასუხა: “ანკარაში მივდივარ, რომ ეს შეთანხმება (სომხეთ-თურქეთის. - რედ.) გავანადგურო, რადგან არ შეიძლება თურქეთმა აზერბაიჯანი გაყიდოს.” 

ამიტომ, ვფიქრობ ძალიან სწრაფად მოხდება ნორმალიზება თურქეთსა და სომხეთს შორის, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, არ მგონია თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაცია შესაძლებელი იყოს.

ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დაძაბულობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დასტაბილურდა, მაგრამ ამ პროცესმა გვიჩვენა, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ თამამი და დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. როგორ შეაფასებთ აზერბაიჯანის ურთიერთობას რუსეთთან?

ვფიქრობ, რომ დაძაბულობა მაინც არსებობს, თუმცა ის არ უარესდება ისეთი სიჩქარით, როგორც ეს ხდებოდა დეკემბრის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, როცა რუსმა სამხედროებმა გროზნოს თავზე AZAL-ის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ახლა პროცესი შენელდა, მაგრამ ურთიერთობა მაინც საშინელია, თუმცა ეს ასე სამუდამოდ არ დარჩება, ვერ დარჩება.

როგორც უკვე ვახსენეთ, აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთანაც და ირანთანაც, ამიტომ ფრთხილად უნდა იყონ და მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ბევრი რამ, რაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოხდა იყო ემოციური და პრეზიდენტი ალიევი სრულიად გასაგებად და სამართლიანად არის გაბრაზებული, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ აღიარებს რუსეთის პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკული აქტის გამო და ვერ იხდის ბოდიშს, არ სთავაზობს რეპარაციებს აზერბაიჯანს. ასე არ იქცევიან მეგობრები. და ამიტომაც მესმის კონფლიქტის ემოციურობა, მაგრამ ესეც გაივლის და დრო ყველაფერს კურნავს და აზერბაიჯანის მთავრობამ იცის, რომ მათ არ შეუძლიათ გარისკონ რუსეთთან ურთიერთობის სერიოზულად გაუარესება. 

თუმცა როგორც თქვით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ თამამია. აზერბაიჯანი აშენებს ძლიერ კავშირებს კასპიის ზღვაზე, ყაზახეთთან და უზბეკეთთან და ხდება მნიშვნელოვანი მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში. ისინი დიდი ხანია ისრაელს ნავთობის 40%-ს აწვდიან, აქვთ სამხედრო-ტექნოლოგიური ურთიერთობა ისრაელთან, ამასთანავე ისინი თურქეთის გავლით სირიაში ბუნებრივ აირის ექსპორტს დაიწყებენ და ცოტა ხნის წინ, მათ სირიის და ისრაელის მინისტრებს უმასპინძლეს. აზერბაიჯანი ხდება რეგიონული ძალა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. 

ეს პარტნიორობა აშშ-სთან, რომლის გაგრძელების დიდი იმედიც მაქვს და ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი იქნება ფოკუსირებული, აზერბაიჯანს დიდი შესაძლებლობას მისცემს დიდი მოთამაშე გახდეს და ეს რა თქმა უნდა ეხმარება მას ჰქონდეს მეტი თავდაჯერებულობა, რომ არ დაემორჩილოს რუსეთის ზეწოლას.

აზერბაიჯანს და ირანს რთული ურთიერთობა აქვთ. რა არის ირანის პოზიცია ახალ შეთანხმებაზე და შეუძლია თუ არა ირანს მის იმპლემენტაციას ან ზანგეზურის დერეფნის ოპერირებას შეუშალოს ხელი?  

ირანის რეაქცია ვაშინგტონის შეთანხმებაზე იყო მოულოდნელად მცირე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო საკმაოდ კრიტიკული, მაგრამ პრეზიდენტისგან იყო ბევრად უფრო ზომიერი რეაქცია. მათ თქვეს, რომ არ არიან შეთანხმების წინააღმდეგი და უნდათ, რომ იყოს მშვიდობა და არ დარღვეს ირანის სუვერენიტეტი.

ირანის პერსპექტივით, ზანგეზურის კორიდორი არ უნდა გამოიყენონ სომხეთთან ვაჭრობასა და სატრანსპორტო მიმოსვლაში, მისი თავისუფლების შესაზღუდად.

როცა მე ვიყავი ყარაბაღის კონფლიქტის ამერიკელი მედიატორი, საუბარი იყო “ლაჩინის დერეფანზე” (ერთადერთი გზა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებდა - რედ.) და მაშინაც იყო ანალოგიური წუხილები. ჩვენ ვსაუბრობდით როგორ აგვეშენებინა გვირაბების, ხიდების, გზების თავზე ახალი მაგისტრალები და გზები, რათა ხელი არ შეშლოდა მათ ფუნქციონირებას.

მე ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად ზანგეზურის დერეფანში აშშ-ს ყოფნა აშფოთებთ.

კი, ცუდია, მაგრამ მათ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. მათ მოუწევთ ამასთან შეგუება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი სუსტები არიან, ისრაელმა გაანადგურა მათი საჰაერო თავდაცვა, აჩვენა რისი გაკეთება შეუძლია, ამერიკამ აჩვენა რისი გაკეთება შეუძლია ირანის ბირთვული პროგრამისთვის და ჩემი აზრით, ტრამპმა გააჩერა ნეთანიაჰუ, რომ უფრო შორს არ წასულიყო. ნეთანიაჰუ ხოცავდა ირანის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებს და ბირთვულ მეცნიერებს და ამის გაგრძელება შეეძლო. თქვენ შეიძლება გახსოვთ, რომ ირანის უზენაესი ლიდერი საჯარო სივრციდან კვირების განმავლობაში გაქრა, როგორც სტალინი 1941 წლის ივნისში, როდესაც ჰიტლერი საბჭოთა კავშირს დაესხა თავს. მე ვფიქრობ, ხამენეი შეშფოთებული იყო, რომ შესაძლოა ისიც მოეკლათ. 

ეს აჩვენებს აიათოლების რეჟიმის თავდაჯერებულობის ნაკლებობას და მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა ეკონომიკის საშინელი მდგომარეობით. ასე რომ, ირანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩემი აზრით, რუსეთი უფრო გამოცდილია და მეტი შესაძლებლობა აქვს ორივე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ჩინეთში იმყოფებოდნენ და ჩინეთმა უმნიშვნელოვანესი როლი შეიძლება ითამაშოს კავკასიის სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში. ორივე ქვეყანა ცდილობს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს.

სხვათა შორის, საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. არსებობდა დიდი იმედი, რომ ანაკლიის პორტი აშენდებოდა, გაიზრდებოდა, ამერიკული ინვესტიციები ჩაიდებოდა და იმუშავებდა, როგორც ნორმალური პორტი, ჩინეთი შეძლებდა მის გამოყენებას, მაგრამ არ იქნებოდა მონოპოლისტი, საქართველო გამდიდრდებოდა და მთელი შუა დერეფანი გაიზრდებოდა. შეიძლება საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს ჩინური პორტი იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ვაშინგტონის პერსპექტივიდან, ტაივანის გამოკლებით, ვაშინგტონი აქ კონფლიქტს ვერ ხედავს, “შუა დერეფანში” ტრამპის ადმინისტრაცია არ უპირისპირდება ჩინეთის ჩართულობას.

საჭიროა მეტი ინვესტიციები “შუა დერეფანში” და ჩინეთი ზრდის მის წარმომადგენლობას ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი ახლა ანაცვლებს რუსეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნების ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ხდება. მაგრამ ჩინური ინვესტიციები ყოველთვის კომფორტული არ არის, რადგან მას მოჰყვება პირობები და დამოკიდებულება. როდესაც პაკისტანის მსგავსი ქვეყნები ვერ იხდიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების ვალებს, ეს ინფრასტრუქტურა ჩინური კომპანიების საკუთრება ხდება. 

ასე რომ, ეს აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის გადასაწყვეტია, რა მასშტაბით სურთ ჩინური ინვესტიციები და ჩინეთის გავლენა. 

მაგრამ ამ ეტაპზე, ჩინეთი არ ყოფილა ნეგატიურად განწყობილი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მიმართ და ფაქტობრივად, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სრულად შეესაბამება ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ნომერ პირველ ამოცანას - მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

მსგავსი სიახლეები