სომხეთი ინდოეთისგან 12 გამანადგურებლის შესყიდვას გეგმავს
სომხეთი ახლოს არის ინდოეთთან მნიშვნელოვანი თავდაცვითი შეთანხმების დასრულებასთან, რომელიც Hindustan Aeronautics Limited-ის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავების, Su-30MKI-ს შესყიდვას ითვალისწინებს.
ვითარების არსი: Indian Defence News-ის ცნობით, შეთანხმების სავარაუდო ღირებულება $2.5 მილიარდიდან $3 მილიარდამდეა, ხოლო პირველი პარტიის მიწოდება, რომელიც 8-12 თვითმფრინავს მოიცავს, 2027 წლიდან დაიწყება და დაახლოებით 2029 წლისთვის დასრულდება.
- სწორედ ამ ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია ინდოეთ-სომხეთის წინა შეთანხმების შესახებაც, რაც მოგვიანებით ორივე მთავრობამ დაადასტურა.
- ეს შესყიდვა სომხეთის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც რუსულ თავდაცვის ინდუსტრიაზე დამოკიდებულების შემცირებაა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა 2019 წელს ოთხი რუსული წარმოების Su-30SM გამანადგურებელი შეიძინა, ეს თვითმფრინავები სომხეთმა ვერ გამოიყენა საბრძოლო მასალისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღების სირთულეების გამო.
- ბოლო პერიოდში, სომხეთმა ინდოეთთან შეიარაღების შესყიდვაზე რამდენიმე შეთანხმება გააფორმა: Pinaka-ს სარაკეტო სისტემები, Swathi-ს კონტრ-ბატარეული რადარები და ATAGS-ის 155 მმ-იანი ჰაუბიცები.
ჩაშლილად: Su-30MKI არის მძიმე, ორძრავიანი გამანადგურებელი, რომელიც თავდაპირველად რუსეთმა ინდოეთისთვის შექმნა და ცნობილია თანამედროვე ავიონიკით.
- მოსალოდნელია, რომ სომხეთი კიდევ უფრო განახლებულ ინდური წარმოების აღჭურვლობის თვითმფრინავებს მიიღებს.
- კერძოდ, ეს არის Uttam AESA-ს რადარი, Astra MK-1 და MK-2 შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე ელექტრონული ომის საშუალებები.
- მოდერნიზაცია მიზნად ისახავს სომხეთისთვის სიტუაციური ინფორმირებულობისა და საჰაერო ბრძოლაში გამძლეობის მნიშვნელოვან ზრდას — ეს შესაძლებლობები აზერბაიჯანის მიერ ბოლო დროს შეძენილი ორმოცი ჩინურ-პაკისტანური წარმოების JF-17C Block-III გამანადგურებლის საპირწონედ განიხილება.
დიდი სურათი: ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ეს კონტრაქტი ბოლო წლების ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტრატეგიულ წინსვლას წარმაოდგენს.
- თუ შეთანხმება შესრულდება, ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთის საჰაერო ძალების ყველაზე დიდი განახლებაა.
კონტექსტი: სომხეთი და ინდოეთი უკვე ტრადიციული სამხედრო პარტნიორები არიან.
- 2022 წელს სომხეთმა $720 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა თხუთმეტი Akash-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე და ამ სისტემის პირველი უცხოელი მყიდველი გახდა.
- 2024 წლის ნოემბერში ინდოეთმა სომხეთში სისტემის პირველი ბატარეა გაგზავნა.
- ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გარდა, ინდოეთმა სომხეთს ასევე მიაწოდა Pinaka-ს სარაკეტო სისტემები, Pinaka სომხეთს შორ მანძილზე (მაქსიმალური დიაპაზონი 90 კმ - რედ.) სამიზნეების დაბომბვის შესაძლებლობებს მისცემს.