15:00 | 28 ოქტომბერი, 2026 — ამერიკა
52 წლის წინანდელი გაუხსნელი საქმე: ტედ ბანდი 17 წლის გოგოს მკვლელობას დაუკავშირდა
დნმ-ის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, იუტას შტატში 52 წლის წინანდელი საქმე გაიხსნა და 17 წლის ენ სმითის მკვლელობის საქმე ცნობილ სერიულ მკვლელს, ტედ ბანდის დაუკავშირდა.
ვითარების აღწერა: 1974 წელს ადგილობრივი პოლიციის უფროსის ქალიშვილის, ენ სმითის ცხედარი ტყეში მონადირემ იპოვა - მას გაუპატიურებისა და წამების კვალი ეტყობოდა. მიუხედავად ეჭვმიტანილის ვინაობის გარშემო არსებული სპეკულაციებისა, საქმე ამ დრომდე გაუხსნელი იყო.
ენ სმითის მკვლელობის საქმის გახსნა შესაძლებელი ტედ ბანდის კიდევ ერთი მსხვერპლის იდენტიფიცირების შემდეგ გახდა. მიმდინარე წლის აპრილში იუტას შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 1974 წელს ნაპოვნი თინეიჯერი, ლორა ენ ეიმი ასევე ბანდის მიერ იყო მოკლული.
როგორ გაიხსნა საქმე: გამომძიებლებმა სწორედ ეიმის საქმეში გამოყენებული დნმ-ის მტკიცებულებები შეადარეს ენ სმითის ცხედრიდან მოპოვებულ მტკიცებულებებს და ასე დაადგინეს, რომ მკვლელი ტედ ბანდი იყო.
27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე იუტას ოლქის სერჟანტმა, მაიკ რეინოლდსმა განაცხადა, რომ შტატში ბანდის სხვა საქმეების გამოძიებაც გრძელდება.
"ყოველი დახურული საქმით ტედ ბანდის ხსოვნა უნდა გავანადგუროთ." - დასძინა მან.
ტედ ბანდი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია, რომელიც ამ დროისთვის, სულ მცირე 30 მკვლელობასთანაა დაკავშირებული.
ცნობილია, რომ ის ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალებთან მიდიოდა და საკუთარი თავის პოლიციელად წარდგენით, ან ყალბი ტრავმის გამოყენებით მათ ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი კლავდა.
ტედ ბანდი პირველად 1975 წელს ქალის გატაცებისთვის დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, 1977 წელს ის ციხის ბიბლიოთეკის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. 8 დღეში ბანდი ისევ დააკავეს, თუმცა ამჯერად მან საკნიდან მოახერხა გაქცევა. ციხიდან მეორედ გაქცევის შემდეგ, სერიულმა მკვლელმა 12 წლის ბავშვი და ფლორიდის უნივერსიტეტის ქალთა სტუდენტურ საცხოვრებელში ორი ადამიანი მოკლა.
საბოლოოდ ტედ ბანდი 1978 წელს დაიჭირეს, 1989 წელს კი ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს.