დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

19:00 | 03 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

ალინა კაბაევა პუტინს საზღვარგარეთ ვიზიტისას სულ მცირე ერთხელ ახლდა

ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა 2017 წლის თებერვალში ერთად იმყოფებოდნენ ყაზახეთში, სადაც პუტინს შეხვედრა ჰქონდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტთან, ნურსულთან ნაზარბაევთან.

ამის შესახებ გამოცემა "პროექტი" წერს, რომლის ჟურნალისტებმაც ფედერალური სასაზღვრო სამსახურიდან გაჟონილი მონაცემები შეისწავლეს.

ვითარების არსი: გამოცემის მონაცემებით, კაბაევა (რომელსაც პუტინის ხანგრძლივ პარტნიორად და მისი ვაჟების დედად მოიხსენიებენ) 23 თებერვალს ალმათიში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და რუსეთში ოთხი დღის შემდეგ, 27 თებერვალს დაბრუნდა.

  • იმავე დღეს პუტინს ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი ეწყებოდა, თუმცა ის ქვეყანაში ვიზიტის ოფიციალურად გამოცხადებულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. ამას ადასტურებდა სახელმწიფო მედიების ცნობებიც, რომლებმაც შიმბულაკის სამთო-სათხილამურო კურორტზე პუტინისა და ნაზარბაევის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.
  • "პროექტი" ამ მგზავრობას ერთადერთ დადგენილ შემთხვევას უწოდებს, როდესაც კაბაევა საზღვარგარეთ იმყოფებოდა პუტინის ოფიციალური ვიზიტის დროს და "ფაქტობრივად პირველი ლედის მოვალეობებს ასრულებდა". 

ჩაშლილად: თვითმფრინავს, რომლითაც ის ჩაფრინდა, სარეგისტრაციო ნომერი D-AHOI ჰქონდა და მას კომპანია Air Hamburg ემსახურებოდა, რომელიც მოგვიანებით VistaJet-ს შეუერთდა. "პროექტის" გამოთვლებით, ასეთი ფრენა დაახლოებით 26 ათასი დოლარი უნდა ღირებულიყო.

  • სხვადასხვა დროს ამ ბორტით ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ბასტრიკინის, ასევე რუსეთის ვიცე-პრემიერის დმიტრი პატრუშევის ოჯახებიც სარგებლობდნენ.
  • გამოცემა ვარაუდობს, რომ კაბაევა შესაძლოა პუტინს სხვა ვიზიტების დროსაც ახლდა. მაგალითის სახით "პროექტი" მოიხსენიებს პუტინის ვიზიტს უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, 2016 წლის ივნისში.
  • პუტინი იქ 23 ივნისს ჩავიდა, ხოლო კაბაევა 30 ივნისს მოსკოვში "აეროფლოტის" რეგულარული რეისით დაბრუნდა. რუსეთიდან გაფრენის შესახებ ინფორმაცია გაჟონილ მონაცემებში არ ფიქსირდება. ეს შესაძლოა აიხსნას შეცდომით ან იმით, რომ კაბაევა რუსეთიდან უზბეკეთში სამთავრობო ბორტით გაფრინდა.

კონტექსტი: სხვადასხვა დამოუკიდებელი მედიების გამოძიებების თანახმად, ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის პარტნიორია.

  • გამოცემა "დოსიეს" 2022 წლის  ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პუტინსა და კაბაევას ორი საერთო შვილი ივანი და ვლადიმირი ჰყავთ, რომლებიც გარე სამყაროსგან იზოლაციაში, ვალდაიში იზრდებიან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე