ახალი ამბები

10:43 | 28 ივლისი, 2026 — აშშ

ამერიკელების 62% არ უჭერს მხარს აშშ-ს თავდასხმებს ირანზე - კვლევა

აშშ-ის მოქალაქეები ირანში სამხედრო მოქმედებებს უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს და რესპონდენტთა თითქმის 70% მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა თავისი მიზნები "ბუნდოვნად განმარტა." 

ვითარების არსი: 24-26 ივლისს ჩატარებული Reuters/Ipsos-ის კვლევის თანახმად, ირანში ომს ყოველი მესამე ამერიკელი უჭერს მხარს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვებში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

  • რესპონდენტთა პასუხები აჩვენებს, რომ ამერიკელთა 69% - მათ შორის ათიდან ოთხი რესპუბლიკელი - მიიჩნევს, რომ ტრამპმა "ბუნდოვნად განმარტა ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მიზნები."
  • ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მოქალაქეების მხოლოდ 33% უჭერს მხარს, 62% - ეწინააღმდეგება, 5% - პასუხზე უარს ამბობს. გარდა ამისა, ომის წინააღმდეგია რესპუბლიკელების 26%.

სტრიქონებს შორის: თეთრი სახლის პრესმდივანმა ოლევია უელსმა განაცხადა, რომ ტრამპი გადაწყვეტილებებს "საზოგადოებრივი აზრის ცვალებადი გამოკითხვების" საფუძველზე არ მიიღებს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არასოდეს დაუშვას ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება.  

  • კვლევა ონლაინ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. მასში მონაწილეობა აშშ-ის 1246-მა მოქალაქემ მიიღო, ხოლო ცდომილების ზღვარი 3%-ია.

დიდი სურათი: Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა ტრამპმს ჰორმუზის სრუტეში ავიაიერიშების შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა. 

  • წყაროების თქმით, მანამდე ადმირალმა კუპერმა შემდგომ მოქმედებებთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციები პენტაგონს, შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტსა და თეთრ სახლს წარუდგინა.
  • ისინი აღნიშნავენ, რომ შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმაც კერძო საუბარში გააფრთხილა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ტრამპი იმის შესახებ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების ნაკლებობამ შესაძლოა შეზღუდოს რეგიონში ამერიკული ჯარებისა და მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობა.
  • წყაროების ცნობით, შეხვედრის წინა დღეებში ტრამპი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას ფიქრობდა, მაგრამ ხუთშაბათს საღამოს მისი პოზიცია შეიცვალა. სრუტის დაბომბვის შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილება საბოლოოდ პარასკევს ჩამოყალიბდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე