22:03 | 05 სექტემბერი, 2026 — ისრაელი
ამერიკის ელჩი ისრაელში, გმობს პალესტინელებზე მომხდარ "ტერორისტულ" თავდასხმებს
ამერიკის ელჩი ისრაელში გმობს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელელი ახალმოსახლეების "ტერორისტულ თავდასხმებს" პალესტინელების წინააღმდეგ.
ვითარების არსი: ამის შესახებ მაიკ ჰაკაბიმ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ამერიკელ-პალესტინელებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
- საელჩოს ცნობაში ნათქვამია, რომ ელჩი "ღრმად დამწუხრებულია" ადგილობრივებისგან მოსმენილით და გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს "გაჟღერებული საკითხების გადასაწყვეტად."
ჩაშლილად: არკანზასის შტატის ყოფილი გუბერნატორი და ევანგელისტი პასტორი მაიკ ჰაკაბი ისრაელთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ამერიკელ პოლიტიკოსად მიიჩნევა,
- ელჩის განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ერთ-ერთ სოფელში 2 პალესტინელი ახალგაზრდის მკვლელობა (16 და 19 წლის) ისრაელელი ახალმოსახლეების მიერ - დასავლური მედიის ცნობით, ახალმოსახლეები პალესტინელების კუთვნილი ცხვრების მოპარავას ცდილობდნენ, რასაც მოჰყვა კონფლიქტი.
დიდი სურათი: ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელი ახალმოსახლეების თავდასხმების რიცხვი ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივად მზარდია - მხოლოდ მიმდინარე წელს მოკლულია 79 და დაჭრილია ან დაშავებულია 1000-ზე მეტი პალესტინელი.
- ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ ისრაელს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ადამიანის უფლებათა სასტიკი დარღვევების გამო - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელელი ახალმოსახლეების ნაწილს სანქციებიც კი დაუწესა.
- დასავლური მედიის ცნობით, ახალმოსახლეების მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ 3% ისჯება, ისრაელის თავდაცვის ძალები როგორც წესი გულგრილები არიან და არ ცდილობენ მსგავსი თავდასხმების აღკვეთას, ან დროგამოშვებით მასში მონაწილეობენ კიდეც.
სტრიქონებს შორის: მაიკ ჰაკაბიმ დაგმო დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინური წარმომავლობის ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ აგვისტოში განხორციელებული თავდასხმაც, როდესაც ახალმოსახლეებმა მისი სახლი ალყაში მოაქციეს და დაწვით ემუქრებოდნენ.
- ისრაელის პოლიციის ცნობით, გასულ დღეებში განხორციელებული ძალადობის გამო დაკავებულია 15-მდე ახალმოსახლე - მათი მოქმედებები დაგმო ბიბი ნეთანიაჰუს ოფისმაც, რაც ძალიან იშვიათად ხდება.
კონტექსტი: ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ჯამურად 3 მილიონი პალესტინელი და 500 ათასი ისრაელელი ახალმოსახლე ცხოვრობს - ისრაელის ახალშენების რაოდენობა ტერიტორიაზე ათწლეულებია იზრდება, განსაკუთრებით მაღალი ტემპით 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.